კერძო სექტორი მხარს უჭერს ქალებს, რომლებმაც ძალადობა დაძლიეს

თარიღი: ოთხშაბათი, 26 აპრილი, 2017 წელი

სხვადასხვა სფეროს 10 კომპანიის წარმომადგენლებმა ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე ტრენინგი გაიარეს. მონაწილეებმა დისკუსია გამართეს და ერთმანეთს გაუზიარეს იდეები, რომელთა განხორციელებაც კერძო სექტორის დამსაქმებლებს იმ პირების მხარდასაჭერად შეუძლიათ, რომლებმაც ძალადობა დაძლიეს.

კერძო კომპანიების წარმომადგენლები შრომის ბაზარზე არსებული დისკრიმინაციის ფორმებზე მსჯელობენ; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია
სამშენებლო, მარკეტინგის, ტელეკომუნიკაციებისა და სხვა სექტორების წარმომადგენელმა კომპანიებმა მონაწილეობა მიიღეს გაეროს ქალთა ორგანიზაციის ტრენინგში, რომელიც გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისათვის“ ფარგლებში, შვედეთის მთავრობის დაფინანსებით გაიმართა. მონაწილე კომპანიების უმრავლესობა ქალთა გაძლიერების პრინციპების განმახორციელებელი სამუშაო ჯგუფის წევრია, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია და სამოქალაქო განვითარების სააგენტო ერთობლივად ხელმძღვანელობენ. ტრენინგი ქალთა მიმართ ძალადობაზე იყო ფოკუსირებული და მიზნად ისახავდა კერძო სექტორის დამსაქმებლების ინფორმირებულობის ამაღლებასა და იმ აქტივობების გამოვლენას, რომელთა განხორციელებაც დამსაქმებლებს ძალადობის პრევენციისა და მასზე რეაგირებისთვის შეუძლიათ.

ტრენინგზე მონაწილეებს საკუთარი გამოცდილება იმ ორმა კომპანიამ გაუზიარა, რომელიც ქალებს, რომლებმაც ძალადობა დაამარცხეს, მხარდაჭერას უკვე უწევს. მაგალითად, სასტუმროების მართვის კომპანია „აჭარა გრუფ ჰოსფითალითი“ მათ დასაქმებას სთავაზობს, კომპანია PMO კი ამ ქალებს შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნების შესაბამისი უნარ-ჩვევების, მაგალითად გაყიდვების კუთხით, ტრენინგებს უტარებს.

„აჭარა გრუფ ჰოსფითალითის“ ადამიანური რესურსების წარმომადგენელმა ელენე ლომაძემ კომპანიის ახალ ინიციატივაზე ისაუბრა: „დასაქმების პროგრამის მიზანია, დაეხმაროს ამ ქალებს ფინანსურ დამოუკიდებლობასა და ახალი, ძალადობისგან თავისუფალი ცხოვრების დაწყებაში. გაეროს ქალთა ორგანიზაციის მეშვეობით არასამთავრობო ორგანიზაცია „ამაგდარს“ დავუკავშირდით, რომელიც იმ ქალების მოძიებაში დაგვეხმარა, რომელთა კვალიფიკაციებიც ჩვენს საჭიროებებს აკმაყოფილებს. გასაუბრების პირველ ეტაპზევე აღმოვაჩინეთ, რომ კანდიდატებს დიდი გამოცდილება ჰქონდათ და გადავწყვიტეთ, მათთვის ნავარაუდევზე მაღალი პოზიციების შეთავაზებაზე გვეფიქრა“,- აღნიშნა მან.

რამდენიმე კომპანიამ, რომლებსაც სურთ, ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციასა და რეაგირებაში საკუთარ როლზე უფრო მეტი ინფორმაცია მიიღონ, დაინტერესება გამოხატეს, აქტიურად დაუჭირონ მხარი ამ ქალების სოციალურ-ეკონომიკური რეაბილიტაციის ინიციატივებს, როგორც ტრენინგებისა და ბიზნესქოუჩინგის, ისე დასაქმების შესაძლებლობების შეთავაზებით.