საქართველოს პარლამენტმა სტამბოლის კონვენციის რატიფიცირებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

თარიღი:

85 ხმით არცერთის წინააღმდეგ - საქართველოს პარლამენტმა „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბოლის კონვენცია) რატიფიცირებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

საქართველოს პარლამენტის შენობა ქუთაისში; ფოტო: საქართველოს პარლამენტი
უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ კონვენცია და მისი თანმდევი კანონპროექტები 5 აპრილს განიხილა. პლენარულ სხდომაზე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ და გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა თავისი გამოსვლა გენდერული თანასწორობის საკითხებზე საუბარს დაუთმო და აღნიშნა, რომ საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც არა მარტო ამ დოკუმენტის რატიფიცირებას, არამედ მის იმპლემენტაციასაც უზრუნველყოფს.

„სტამბოლის კონვენციას“ - ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო შეთანხმებას ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხების გადასაჭრელად - საქართველომ ხელი 2014 წლის 19 ივნისს მოაწერა. კონვენცია წევრ სახელმწიფოებს სხვადასხვა ღონისძიების გატარებას ავალდებულებს. მათ შორისაა, ქალებსა და კაცებს შორის თანასწორობის პოლიტიკების ეფექტურად განხორციელების ხელშეწყობა და ქალთა გაძლიერება, ძალადობის ყველა ფორმისგან ქალთა დაცვა, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენცია, დევნა და აღმოფხვრა. ქალთა მიმართ ძალადობასა და ოჯახში ძალადობაზე მრავალმხრივი რეაგირების მიზნით, იგი ჩართულობისკენ მოუწოდებს ყველა შესაბამის მხარეს: სამთავრობო უწყებებს, ცენტრალურ, რეგიონულ და ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოებსა და მთავრობებს, ქვეყანაში მოქმედ ადამიანის უფლებათა დაცვის ინსტიტუტებსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს.

საკითხის თაობაზე მომხსენებელმა, იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე ბარამიძემ შეთანხმების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი: „ამ კონვენციის რატიფიკაცია და სარატიფიკაციო დოკუმენტთან თანდართული კანონპროექტების მიღება ჩვენთვის მნიშვნელოვანია, როგორც საერთაშორისო სამართლებრივი თვალსაზრისით, ისე შიდასამართლებრივი და მართლწესრიგის დაცვის თვალსაზრისით“, - აღნიშნა ალექსანდრე ბარამიძემ.

იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა დეპუტატებს კონვენციის თანმხლებ 24 კანონპროექტში შესატანი ყველაზე მნიშვნელოვანი და პრინციპული საკითხებიც გააცნო. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის თანახმად, ძალადობასთან დაკავშირებული ნორმების მოქმედების სფერო ფართოვდება. ის უკვე არა მარტო ოჯახში ძალადობას, არამედ, საზოგადოდ, ქალის მიმართ გამოვლენილ ძალადობასაც მოიცავს.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება შემაკავებელი ორდერების გაცემის პროცედურების გამარტივებას შეეხება. „ამ გზით ჩვენ ეფექტურად დავიცავთ ძალადობის მსხვერპლს“, - განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ. ამას გარდა, იძულებითი სტერილიზაცია, ქალთა სასქესო ორგანოების დასახიჩრება და ადევნებაც კრიმინალი გახდა.

სტამბოლის კონვენციის რატიციკაციის პაკეტზე იუსტიციის სამინისტრო გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად მუშაობდა. გაეროს ქალთა ორგანიზაციის ხელშეწყობით, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და აკადემიურ წრეებთან ვრცელი საკონსულტაციო პროცესი წარიმართა. აღნიშნული პროცესი მიმდინარეობდა გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისათვის“ ფარგლებში, რომელიც შვედეთის მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება.

ქალთა მიმართ ძალადობის, მისი მიზეზებისა და შედეგების საკითხებში გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა ქ-ნმა დუბრავკა სიმონოვიჩმა წლის დასაწყისში საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ სპეციალურ ანგარიშში (2016 წლის ივნისი) დაჩქარებული წესით ცვლილებების მიღების რეკომენდაცია გასცა, რათა ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობისა და გენდერული თანასწორობის შესახებ არსებული ადგილობრივი კანონმდებლობა „სტამბოლის კონვენციასთან“ შესაბამისობაში მოსულიყო. აღნიშნული პროცესი უმნიშვნელოვანესია მდგრადი განვითარების მე-5 მიზნის მისაღწევადაც, რომელიც საქართველოს მიერ ეროვნულ დონეზე აღებული ვალდებულებაა.

ამჟამად გაეროს ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელობით სამუშაო ჯგუფია შექმნილი, რომელიც საკანონმდებლო ცვლილებების შემდგომ პაკეტზე მუშაობს და არსებულ კანონმდებლობაში პრაქტიკის შედეგად გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრასა და „სტამბოლის კონვენციასთან“ მის სრულ ჰარმონიზებას ისახავს მიზნად.