მორაგბეთა ეროვნული ნაკრები სოლიდარობის მოძრაობას გენდერული თანასწორობისთვის HeForShe რაგბი ევროპაზე მხარდაჭერას უცხადებს

თარიღი: კვირა, 12 მარტი, 2017 წელი

12 მარტს, თბილისის დინამოს სტადიონზე, საქართველოსა და რუსეთის მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებებმა გაეროს ქალთა ორგანიზაციის სოლიდარობის მოძრაობას გენდერული თანასწორობისთვის HeForShe მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს და თამაში მას მიუძღვნეს.

მორაგბეები HeForShe-ს მხარდასაჭერად; ფოტო: საქართველოს რაგბის კავშირი
საქართველოსა და რუსეთის მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში მნიშვნელოვანი მატჩი ჩაატარეს, რომელსაც 52 000 ათსზე მეტი გულშემატკივარი დაესწრო. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი გაეროს ქალთა ორგანიზაციის იმ ღონისძიებებში, რომლებიც გენდერული თანასწორობის მხარდაჭერას, ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის აღმოფხვრას ეძღვნება, ყოველთვის აქტიურადაა ჩართული. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე გუნდის კაპიტან მამუკა გორგოძესთან ერთად იგი ამჯერადაც HeForShe-ს მაისურით მივიდა.

„დღეს ყველა ჩვენგანი - ბორჯღალოსნები, მწვრთნელები და გუნდის პერსონალი ამ მაისურებს ვატარებთ, რათა მხარი დავუჭიროთ სოლიდარობის მოძრაობას, რომლის მიზანიც გენდერული თანასწორობის მიღწევაში კაცების ჩართულობაა. გვსურს, ვაჩვენოთ, რომ როგორც ოთხი წლის წინ, ახლაც, ჩვენ - ბორჯღალოსნები, მწვრთნელები, გუნდის პერსონალი და საქართველოს რაგბის კავშირი ამ მოძრაობის გვერდით ვდგავართ და მხარს ვუჭერთ მას“, - აღნიშნა მთავარმა მწვრთნელმა.

მოედანზე მორაგბეები HeForShe-ს მაისურებში გამოწყობილმა გოგოებმა გააცილეს; ფოტო: საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო
ქართველ მორაგბეებს გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან, გაეროს გენდერული თანასწორობის ერთობლივი პროგრამის ფარგლებში, დიდი ხნის პარტნიორობა აკავშირებთ. (პროგრამა დაფინანსებულია შვედეთის მთავრობის მიერ და მას გაეროს განვითარების პროგრამა, გაეროს ქალთა ორგანიზაცია და გაეროს მოსახლეობის ფონდი ახორციელებენ). თანამშრომლობა ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში კაცების მონაწილეობის გაფართოებას ისახავს მიზნად. ქართველმა მორაგბეებმა ამ მოძრაობას, გაეროს გენერალური კამპანიის „გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ - UniTE და გაეროს ქალთა ორგანიზაციის სოლიდარობის მოძრაობა გენდერული თანასწორობისთვის HeForShe ეგიდით, არაერთი საერთაშორისო მატჩი მიუძღვნეს. ამას გარდა, ისინი მთელი საქართველოს მასშტაბით ადგილობრივ კაცებსა და ბიჭებს ხვდებიან და მათ ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის დაუშვებლობაზე ესაუბრებიან.