ცხოვრება გადარჩენის შემდეგ

თარიღი:

უკვე 2 წელია 35 წლის თამუნას დილა განსხვავებულად იწყება: შვილებს სკოლაში წასასვლელად ამზადებს და შემდეგ თავადაც სამსახურში მიიჩქარის. თამუნა ოფისის მენეჯერად მუშაობს. ის ერთ-ერთია იმ ქალებს შორის, რომლებმაც ოჯახში ძალადობა დაამარცხეს და ახალი ცხოვრება დაიწყეს.

ქალი, რომელმაც ოჯახში ძალადობის პრობლემა დაძლია; ფოტო: რადიო თავისუფლება/მზია საგანელიძე
მოძალადე ქმართან თამუნა 7 წელი ცხოვრობდა. ბოლოს ეს თანაცხოვრება მისი საავადმყოფოში მოხვედრით დასრულდა. სახლში აღარ დაბრუნებულა: ბინა იქირავა და შვილებთან ერთად ცალკე გადავიდა. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე პროფესია და სამუშაო გამოცდილება ჰქონდა, სამსახურის პოვნა უჭირდა. სწორედ ამ დროს ოჯახში ძალადობის ერთ-ერთი მსხვერპლისგან ქალთა დასაქმების ხელშემწყობი არასამთავრობო ორგანიზაცია „ამაგდარის“ შესახებ შეიტყო. უთხრეს, რომ იქ ქალებს, რომლებმაც ოჯახში ძალადობა დაძლიეს, სოციალურ-ეკონომიკურ რეაბილიტაციასა და ინტეგრაციაში ეხმარებოდნენ.

თამუნას გადატანილი ტრავმის გამო, უიმედობის განცდა ჰქონდა, ორგანიზაციაში კი მისი ცოდნისა და მიღებული შრომითი გამოცდილების შესაბამისი ვაკანსიები და გადამზადების კურსები შესთავაზეს. სხვადასხვა ეტაპზე მან ტრენინგები ქალთა სოციალურ-ეკონომიკურ უფლებებსა და უნარ - ჩვევებში (IQ ტესტები) გაიარა, იყო „ამაგდარის“ პარტნიორი ბიზნესორგანიზაცია PMO-ს მომსახურებისა და გაყიდვების ტრენინგის ერთ-ერთი მონაწილეც. თამუნა ამბობს, რომ „ამაგდარში“ დიდი თანადგომა გაუწიეს. „ეს ის მომენტი იყო, როცა სტიმული ყველაზე მეტად მჭირდებოდა. სულ ვცდილობდი მესწავლა, დავდიოდი ტრენინგებზე, რომლებიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ეს საფეხურები რომ არ გამევლო, მენეჯერული პოზიციის დაკავებას ვერ გავბედავდი. ახლა კი ამ ნაბიჯის გადადგმას თამამად შევძლებ“,-ამბობს თამუნა.

ქალთა დასაქმების ხელშემწყობი არასამთავრობო ორგანიზაცია ”ამაგდარი” 2010 წლიდან გაეროს ქალთა ორგანიზაციის პარტნიორია, გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“, რომელიც დაფინანსებულია შვედეთის მთავრობის მიერ. ამ პარტნიორობის ფარგლებში, 2010-2016 წლებში პროფესიული კონსულტაცია მიიღო, გადამზადდა და ტრენინგები გაიარა 900-მა ბენეფიციარმა, 396 კი დასაქმდა.

„ჩვენი საქმიანობა ძალადობის მსხვერპლი ქალების სოციალურ-ეკონომიკური რეაბილიტაცია და მხარდაჭერაა. მსხვერპლთა თავშესაფრების არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ პრობლემის გამოსავალი მხოლოდ ძალადობისგან განრიდება არ არის. არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, რომ ეს ქალები ეკონომიკურად დამოუკიდებლები გახდნენ, საკუთარ ძალებში დარწმუნდნენ, შემოსავალი გაუჩნდეთ, რათა მათი ცხოვრება რეალურად შეიცვალოს. მადლობელი ვარ იმ ქალების, ვინც ჩვენი მხარდაჭერით ეს წარმატებით შეძლო“, - ამბობს „ამაგდარის“ ხელმძღვანელი ნინო შიოშვილი.

„ამაგდარმა“ მხარდაჭერა თამუნას მსგავსად ბევრ ქალს აღმოუჩნა. ერთ-ერთი მათგანია 29 წლის ქეთიც. მანაც ოჯახში ძალადობას წერტილი 2 წლის წინ დაუსვა. მის მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ისიც დაერთო, რომ სამსახური დაკარგა და რთულ მდგომარეობაში აღმოჩდა. მიუხედავად ამისა, იმედი არ დაუკარგავს: იმ ორგანიზაციების მოძებნა დაიწყო, რომლებიც ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს ეხმარებოდნენ. ჯერ არასამთავრობო ორგანიზაცია „ძალადობისგან დაცვის ეროვნულ ქსელში“ მივიდა, სადაც დახმარებაც აღმოუჩინეს და „ამაგდარის“ შესახებაც უამბეს. იხსენებს, რომ უმაღლესი განათლებისა და სამუშაო გამოცდილების მიუხედავად, დაბნეული და პესიმისტურად განწყობილი იყო, თუმცა ორგანიზაციამ მისი განათლების, ინტელექტუალური პოტენციალისა მრავალმხრივი უნარების გათვალისწინებით, გადაამზადა და ტრეინინგებშიც ჩართო. ქეთიმ უნარებისა და ტესტირების ზოგადი მეთოდების სასწავლო კურსი წარმატებით დაამთავრა, გაიარა ტრეინინგი ქალთა სოციალურ-ეკონომიკურ უფლებებსა და კომპანია PMO-ს მომსახურეობისა და გაყიდვების მენეჯმენტში.

სწავლების პარალელურად, ქეთი დასაქმებისა და შრომის ბაზრის კონკურენტული ვაკანსიების მოთხოვნების შესახებ პროფესიულ კონსულტაციებს სისტემატურად გადიოდა. ძალიან მალე კი დამსაქმებელთა მიერ გამოცხადებულ ვაკანსიების კონკურსში მიიღო მონაწილეობა და ერთ-ერთ კომპანიაში ოპერატორის პოზიციაზე დასაქმდა. ამბობს, რომ „ამაგდარის“ დახმარებით მიღწეულმა წარმატებამ მას საკუთარი თავის რწმენა დაუბრუნა. სულ ახლახან მან სამსახური შეიცვალა და კარიერაშიც წინსვლა აქვს. „ამაგდარის“ ტრენინგებზე კვლავაც სიამოვნებით დავდივარ. აქ ბევრი ჩემს მდგომარეობაში მყოფი ადამიანი გავიცანი, ერთმანეთს საკუთარი ტკივილი გავუზიარეთ. ძალიან მნიშვნელოვანია, როცა შენი პრობლემა ესმით. ამ დროს ხვდები, რომ მარტო არ ხარ“,- ამბობს ქეთი.

ქეთის მსგავსად ბევრი ბენეფიციარი „ამაგდართან“ ურთიერთობას წლების შემდეგაც აგრძელებს. თანაც, ორგანიზაცია მუდმივად ცდილობს მათთვის დასაქმების უკეთესი პირობების მოძიებასა და შეთავაზებას. ამასთან, ამაგდარში ბენეფიციარების სამუშაო ჯგუფიც მოქმედებს, რომელიც სხვადასხვა ინიციატივებსა და წინადადებებზე აქტიურად მუშაობს. იმ ქალებისთვის, რომლებმაც ოჯახში ძალადობა დაამარცხეს და ახალ, დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებენ, ამ ჯგუფთან შეხვედრა ყოველთვის დიდი სტიმულია.