ევროკავშირის მხარდაჭერით საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობაზე ეროვნული კვლევა ჩატარდება

თარიღი:

ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობა, მათ შორის ოჯახში ძალადობა, საქართველოში ადამიანის უფლებების ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ დარღვევას წარმოადგენს. უკანასკნელი წლების განამვლობაში ამ მიმართულებით განხორციელებული პროგრესის, მათ შორის საკანონმდებლო ჩარჩოს, მსხვერპლთა მომსახურებისა და საზოგადოებრივი დამოკიდებულებების გაუმჯობესების მიუხედავად, უამრავი პრობლემა რჩება.

გაეროს ქალთა ორგანიზაცია და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ეროვნულ პარტნიორებს ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევის განხორციელების გეგმებს უზიარებენ; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია
ერთ-ერთი ასეთი პრობლემა ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე იმ სარწმუნო მონაცემების სიმწირეა, რომელიც მტკიცებულებებზე დაფუძნებული ეროვნული პოლიტიკის, კანონდმებლობისა და პროგრამების შემუშავებას გახდიდა შესაძლებელს.

საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე ეროვნული, წარმომადგენლობითი მონაცემების ირგვლივ არსებული ვაკუუმის აღმოსაფხვრელად, გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ევროკავშირის მხარდაჭერითა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან თანამშრომლობით, ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე ეროვნული მასშტაბის კვლევას იწყებს. 2009 წლის შემდეგ საქართველოში ეროვნული მასშტაბის მონაცემების შეგროვება ქალთა მიმართ ძალადობის, მათ შორის ოჯახში ძალადობისა და სექსუალური შევიწროების გავრცელებისა და შედეგების, ასევე აღნიშნულ საკითხებზე საზოგადოებრივი განწყობებისა და დამოკიდებულებების შესახებ პირველად მოხდება.

კვლევა გლობალურად აღიარებული მეთოდოლოგიური და ეთიკური სტანდარტების შესაბამისად ხორციელდება და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის ისეთ საერთაშორისო და რეგიონულ ინსტრუმენტებს ეფუძნება, როგორებიცაა ევროპის საბჭოს კონვენცია ქალებზე ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ, მდგრადი განვითარების მიზნები და სხვა. კვლევის განხორციელების პროცესში კოორდინაციის უზრუნველყოფის მიზნით, კვლევის ეროვნული სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს აერთიანებს და ინიციატივის განხოციელების პროცესში საკონსულტაციო და საკოორდინაციო ფუნქციას შეასრულებს.

„მონაცემების შეგროვებასთან ერთად, კვლევის განხორციელების თვალსაზრისით საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან თანამშრომლობა საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე მონაცემების შეგროვების კუთხით ეროვნული შესაძლებლობების გაზრდას ისახავს მიზნად“, - განაცხადა საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა ერიკა კვაპილოვამ ეროვნული სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე, რომელიც 2017 წლის 17 თებერვალს გაიმართა.

შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ თენგიზ ცეკვავამ ხაზი გაუსვა ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ მონაცემების სისტემატური შეგროვების კუთხით საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო და ადგილობრივი ვალდებულებების შესრულებაში პროექტის მნიშვნელობას. „კვლევის განხორციელება დაეხმარება საქართველოს მთავრობას შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები ეროვნული მასშტაბით ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის შესახებ მონაცემების სისტემატური და პერიოდული შეგროვების თაობაზე, რაც სხვა საკითხებთან ერთად ცვლილებების გაზომვის შესაძლებლობას მოგვცემს“, - განაცხადა ცეკვავამ.

კვლევას ახორციელებს გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ერთად დავძლიოთ ქალთა მიმართ ძალადობა“ ფარგლებში, რომელიც ევროკავშირის მიერ ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის კუთხით საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერის ნაწილს წარმოადგენს. კვლევა 2017 წელს დაიწყო და მისი დასრულება 2018 წლის მარტში იგეგმება.