სკოლების დირექტორთა ტრენინგში გენდერული საკითხების ჩასართავად გაეროს ქალთა ორგანიზაცია „ათასწლეულის გამოწვევის ფონდ-საქართველოსთან“ თანამშრომლობს

თარიღი:

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის 34-მა ტრენერმა გენდერული თანასწორობის საკითხებში ინტენსიური სწავლება გაიარა. ტრენინგი გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და „ათასწლეულის გამოწვევის ფონდ-საქართველოს“ მიერ იყო ორგანიზებული. ტრენერები ახლადშეძენილ ცოდნას საჯარო სკოლების მასწავლებლებისა და დირექტორებისთვის აღნიშნულ საკითხებზე სწავლების ჩასატარებლად გამოიყენებენ.

სიმულაციურ თამაშში მონაწილე მასწავლებლები; ფოტო: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი
ტრენინგის პროგრამა კონცენტრირებულია ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე, განათლებაში არსებულ აშკარა და გაუცნობიერებელ გენდერულ სტერეოტიპებზე, სწავლების არადისკრიმინაციულ პრაქტიკაზე, გენდერულად მგრძნობიარე დამოკიდებულებასა და აზროვნების არასტერეოტიპულ გზებზე. ტრენინგის მონაწილეებმა გენდერული ანალიზის სავარჯიშო შეასრულეს, რომლის დროსაც ახლადშეძენილი ცოდნა გამოიყენეს.

როგორც „ათასწლეულის გამოწვევის ფონდ-საქართველოს“ დირექტორმა გენდერულ და სოციალურ საკითხებში ქეთევან მამინაიშვილმა აღნიშნა: „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველო“ გენდერულ და სოციალურ უთანასწორობას ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვან ხელშემშლელ დაბრკოლებად მიიჩნევს, ამიტომ საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელების ყველა ეტაპზე გენდერულ თანასწორობასა და სოციალურ ინტეგრაციას უწყობს ხელს.“

„ტრენინგი ბევრი ისეთი გენდერული სტერეოტიპის გაცნობიერებაში დამეხმარა, რომელსაც ადრე ვერ ვხვდებოდი. მან ზემოქმედება მოახდინა ჩემ მიერ ყოველდღიური სიტუაციების აღქმაზე, დამეხმარა, თავიდან გამეაზრებინა ბევრი „აშკარა“ ცნება და კონცეფცია“, - აღნიშნა ტრენინგის მონაწილე თამაზ ცხადაძემ.

„განათლებაში ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხების სისტემატურ და სათანადო ჩართვას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ტრანსფორმაციული ცვლილების მისაღწევად და იმ გენდერული სტერეოტიპების დასანგრევად, რომლებიც ცალკეული ადამიანებისა თუ საზოგადოებების განვითარებას უშლის ხელს“, - განაცხადა გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში ერიკა კვაპილოვამ. „გაეროს ქალთა ორგანიზაცია აცნობიერებს ამ მნიშვნელობას და ყველა შესაძლებლობას იყენებს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და ისეთ ინიციატივებთან თანამშრომლობისთვის, როგორიც „ათასწლეულის გამოწვევის ფონდ-საქართველოს“ ინიციატივაა“, - დასძინა მან.

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და „ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა-საქართველომ“ განათლებაში გენდერული საკითხების მეინსტრიმინგის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი 2015 წელს მოაწერეს. პარტნიორები მასწავლებლებისა და სკოლების დირექტორებისთვის დამატებითი ტრენინგების ჩატარებასა და ტრენინგის სტანდარტული მოდულის ჩამოყალიბებას გეგმავენ, რომლითაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ტრენერები იხელმძღვანელებენ.