საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო საზოგადოებას გენდერული თანასწორობის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას აცნობს

თარიღი: სამშაბათი, 8 ნოემბერი, 2016 წელი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ ახლახან მიღებული 2016-2017 წლების გენდერული თანასწორობის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ძირითადი პრინციპები გენდერული თანასწორობის ხელშეწყობასა და დამკვიდრებას, დისკრიმინაციისა და სექსუალური შევიწროების პრევენციასა და აღმოფხვრას მოიცავს.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ გენდერული თანასწორობის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა წარადგინა; ფოტო: ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო
მინისტრის 21 ოქტომბრის დადგენილებით დამტკიცებულ გეგმას საფუძვლად უდევს ქალებისა და კაცებისთვის თანასწორი უფლებების, თავისუფლებებისა და შესაძლებლობების ფუნდამენტური გარანტიები, საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის, ასევე მთავრობის მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად.

სამინისტრომ სამოქალაქო საზოგადოებასა და განვითარების სფეროში მომუშავე პარტნიორებს სტრატეგია და სამოქმედო გეგმა 2016 წლის 8 ნოემბერს წარუდგინა. პრეზენტაციას დაესწრნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი და მისი პირველი მოადგილე, პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე, სხვა სამინისტროების წარმომადგენლები, დევნილთა თემის წევრები, სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და განვითარების სფეროში მომუშავე პარტნიორების წარმომადგენლები.

სამინისტრო ერთ-ერთი პირველია საქართველოში, რომელმაც გენდერული თანასწორობის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა ოფიციალურად მიიღო, დასახა ამბიციური მიზნები და ამოცანები, რაც მთავრობის საქმიანობას ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის, მსხვერპლთა/დაზარალებულთა დაცვის კუთხით, ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების, ასევე, საქართველოს მთავრობის შესაბამისი ეროვნული სამოქმედო გეგმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისით დაეხმარება.

აღნიშნული ამოცანების წარმატებით შესასრულებლად სამინისტრომ გენდერული თანასწორობის შიდა ინსტიტუციური მექანიზმი ჩამოაყალიბა: დანიშნა მინისტრის მრჩეველი გენდერულ საკითხებში, დააარსა გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე კომისია და სამინისტროს რეგიონულ განყოფილებებში დანიშნა კოორდინატორები გენდერულ საკითხებში. ამას გარდა, გენდერული თანასწორობის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს გენდერული საკითხების მეინსტრიმინგს სამინისტროს პოლიტიკასა თუ პროგრამებში და სქესის მიხედვით სეგრეგირებული მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის დანერგვას.

„გენდერული თანასწორობის სტრატეგიის მიზანია ხელი შეუწყოს ეფექტურ გენდერულ თანასწორობას არა მარტო სამინისტროს შიგნით, არამედ სამინისტროს ბენეფიციარებს შორისაც“ – განაცხადა მინისტრმა, სოზარ სუბარმა.

ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილემ საქართველოში კარლო ნატალემ პარალელი სამინისტროს გეგმასა და ევროკავშირის 2016-2020 წლების გენდერულ სამოქმედო გეგმას შორის გაავლო და აღნიშნა, რომ „სამინისტროს სამოქმედო გეგმის მნიშვნელოვანი ელემენტი და ძირითადი გზავნილი ინსტიტუციური და კულტურული გარდატეხაა, რაც გამოიხატება გენდერული თანასწორობის საკითხებზე ხელმძღვანელი პირების გამოყოფაში, უფრო თანმიმდევრულ პოლიტიკასა და მეინსტრიმინგში, მჭიდრო კოორდინაციასა და ყველა დონეზე მომუშავე პარტნიორებთან დიალოგში, მეტად ეფექტურ შეფასებასა და მონიტორინგში“. მან საქართველოს მთავრობასა და სამინისტროს მიულოცა და ამ კრიტიკული ინსტიტუციური და კულტურული გარდატეხისკენ სვლის წარმატებით გაგრძელება უსურვა.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში ერიკა კვაპილოვამ, დადებითად შეაფასა სამინისტროში მინისტრის მოადგილის ეგიდით ამოქმედებული გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური მექანიზმი. მან ხაზი გაუსვა ანგარიშგების მექანიზმის შემოღების მნიშვნელობას, რაც ხელს შეუწყობს გენდერული თანასწორობის სტრატეგიის განხორციელების მონიტორინგს.

პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ ადამიანის უფლებების დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძემ სამინისტროს გენდერული თანასწორობის საკითხებში მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა მიულოცა. მან კმაყოფილება გამოთქვა, რომ სამინისტროს მიერ შემუშავებული გენდერული თანასწორობის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა სრულ ჰარმონიაშია გენდერული თანასწორობისა და ქალების გაძლიერების სახელმწიფო პოლიტიკასთან. სოფო ჯაფარიძემ დადებითად შეაფასა სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ აქტივობებზე ბიუჯეტის გამოყოფაც, რაც ხელს შეუწყობს სამინისტროს მიერ მათ ეფექტურ განხორციელებას.

სამინისტროს გენდერული თანასწორობის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა შემუშავდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „მოწყვლად იძულებით გადაადგილებულ პირთა გენდერულად მგრძნობიარე სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება“, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ განახორციელეს. პროექტი იძულებით გადაადგილებულ პირთა განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებს ხელს უწყობს საარსებო წყაროების მისაწვდომობასა და გაუმჯობესებაში. მისი ძირითადი ამოცანაა გენდერული თანასწორობის ჩართვა ლტოლვილთა სამინისტროს საარსებო წყაროებთან დაკავშირებული პოლიტიკის დოკუმენტებში, სახელმძღვანელოებში, პროცედურებსა და გაიდლაინებში, რომლებიც დევნილთა სოციალური და ეკონომიკური საჭიროებების დაკმაყოფილებას ეხება.

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, დევნილთა მეოთხე პროგრამის ფარგლებში, რომელიც მიზნად დევნილებისა და მათი მიმღები თემების სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობას ისახავს.





მსგავსი სიახლეები

დაკავშირებული ამბები