ქალთა ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე

ომბუდსმენი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს ეხმიანება

თარიღი: პარასკევი, 25 ნოემბერი, 2016 წელი

სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში ერიკა კვაპილოვამ 25 ნოემბერს ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

სახალხო დამცველმა სტამბოლის კონვენციის რატიფიცირების მნიშვნელობაზე ისაუბრა; ფოტო: სახალხო დამცველის ოფისი
სახალხო დამცველმა აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდა, ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის პრევენციისა და აღმოფხვრისკენ მიმართული ძალისხმევა კიდევ უფრო გაააქტიურონ: დააჩქარონ ქალთა მიმართ თუ ოჯახში ძალადობის პრევენციისა და მათთან ბრძოლის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბულის კონვენციის) რატიფიცირების პროცესი. ამას გარდა, უჩა ნანუაშვილმა მთავრობასა და პარლამენტს საქართველოს სისხლის სამართალში „ფემიციდის“ ცნების განმარტების შეტანისკენაც მოუწოდა.

უჩა ნანუაშვილმა კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი ქალთა მიმართ ძალადობის, მისი მიზეზებისა და შედეგების საკითხებზე გაეროს სპეციალური მომხსენებლის დუბრავკა სიმონოვიჩის მოწოდებას, რომ გაეროს წევრმა სახელმწიფოებმა ყურადღება გაამახვილონ გენდერული ნიშნით ქალთა მკვლელობის შემთხვევების პრევენციაზე, დანერგონ „ფემიციდის მონიტორინგის სისტემა“ და ამ ინიციატივის ფარგლებში, ყოველწლიურად, 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს, ქალთა მკვლელობისა თუ გენდერული ნიშნით მკვლელობის სტატისტიკა გამოაქვეყნონ; ეს მონაცემები კლასიფიცირებული უნდა იყოს ძალადობის ჩამდენთა ასაკისა და სქესის, ასევე, ძალადობის ჩამდენსა და მსხვერპლს თუ მსხვერპლებს შორის კავშირის მიხედვით. არანაკლებ მნიშვნელოვანია ძალადობის ჩამდენთა სამართლებრივი დევნისა და დასჯის შესახებ ინფორმაციის შეგროვება და გამოქვეყნებაც.

საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა ერიკა კვაპილოვამ ყურადღება გაამახვილა ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის შესახებ საზოგადოების ინფორმირების მნიშვნელობაზე და მხარი დაუჭირა სახალხო დამცველის მოწოდებას „ფემიციდის მონიტორინგის სისტემის“ დაარსების შესახებ. მისი თქმით, ეს იქნება მნიშვნელოვანი მექანიზმი საზოგადოებაში ინფორმაციისა თუ ცოდნის გავრცელებისა და ამ ფენომენის პრევენციისთვის, რაც ასევე შექმნის დაცვისა და სამართლებრივი დევნის არსებული ზომების მონიტორინგის გაუმჯობესების შესაძლებლობას.