ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციები ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მონაწილეებს ხვდებიან

თარიღი: პარასკევი, 21 ოქტომბერი, 2016 წელი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ტექნიკური დახმარებით, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მონაწილეებს, არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლებსა და განვითარების სფეროში მომუშავე პარტნიორებს შორის რეგულარულად აწყობს შეხვედრებს, რომელთა მიზანი ერთმანეთისთვის ინფორმაციის გაზიარებაა. 

ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და ჟენევის სამშვიდობო მოლაპარაკების მონაწილეებმა 37-ე რაუნდის შედეგების შესახებ ისაუბრეს; ფოტო: შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი
აღნიშნული შეხვედრები შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის იმ ვალდებულებების შესრულების ფარგლებში იმართება, რომლებიც გაეროს უშიშროების საბჭოს 1325 და ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე სხვა რეზოლუციების განმახორციელებელი სამოქმედო გეგმითაა (2016-2017) გათვალისწინებული.

21 ოქტომბერს გამართულ შეხვედრაზე ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, საგარეო საქმეთა სამინისტროს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, სახალხო დამცველის აპარატის, ასევე განვითარების სფეროში მომუშავე პარტნიორების, მათ შორის ევროკავშირის მონიტორინგის მისიის, ჟენევაში გაეროს ოფისის, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატისა და პოლონეთის მთავრობის (შეხვედრის სპონსორი) წარმომადგენლებმა ერთმანეთს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 2016 წლის 6 ოქტომბერს გამართული 37-ე რაუნდის ძირითადი შედეგების შესახებ ინფორმაცია გაუზიარეს.

შეხვედრაზე ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ყურადღება გაამახვილეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მშობლიურ ენაზე განათლების ხელმისაწვდომობა, გადაადგილების თავისუფლება და უსაფრთხოება, პატიმრობის პირობები და პატიმრების მიმართ მოპყრობა, პრობლემები გალის მოსახლეობის პირად დოკუმენტაციასთან და დაბადების რეგისტრაციასთან დაკავშირებით.

„ამგვარ შეხვედრებს უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და რეგულარული დიალოგის უზრუნველსაყოფად, რათა შევძლოთ ინფორმაციის გაზიარება სამოქალაქო საზოგადოებასთან, მშვიდობისა და ნდობის აღდგენის საქმეში ჩართულ პარტნიორებთან“, - განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა.

გაეროს, ევროკავშირისა და ეუთოს თანათავმჯდომარეობით მიმდინარე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები 2008 წლის 15 ოქტომბრიდან, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საფუძველზე, წელიწადში ოთხჯერ იმართება. დისკუსიები ორ პარალელურ სამუშაო ჯგუფში ტარდება: ერთი მათგანი - უსაფრთხოებისა და სტაბილურობის კუთხით, ხოლო მეორე ჰუმანიტარულ, მათ შორის იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა, საკითხებზე მუშაობს.

მსგავსი სიახლეები

დაკავშირებული ამბები