თბილისში ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის პირველი კრიზისული ცენტრი გაიხსნა
თარიღი:

სახელმწიფო ფონდსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციას შორის მრავალწლიანი თანამშრომლობის შედეგად, 2010 წლის შემდეგ ქვეყანაში ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის ოთხი თავშესაფარი გაიხსნა. ამას გარდა, შეიქმნა ოჯახში ძალადობის ცხელი ხაზი 116 006, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქმედებს. აღსანიშნავია, რომ დღემდე საქართველოში არ არსებობდა კრიზისული ცენტრი, რომლის ფუნქციონირებასაც კურირებას სახელმწიფო გაუწევდა, რაც ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა/დაზარალებულთათვის მომსახურებებზე საყოველთაო და უფასო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის კუთხით მნიშვნელოვან პრობლემას ქმნიდა.
„მიხარია, რომ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ კრიზისულ ცენტრს ვხსნით, რომელიც მომსახურებებს ყველა იმ პირს მიაწვდის, ვისაც ამის საჭიროება გააჩნია, იმის მიუხედავად, მათ ოფიციალურად აქვთ მსხვერპლის სტატუსი თუ არა“ , - განაცხადა გახსნის ღონისძებაზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.
შვედეთის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა მოლი ლიენმა კი აღნიშნა: „ცენტრის გახსნა მნიშვნელოვანია არა მარტო იმიტომ, რომ ის ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს საჭირო სერვისებს სთავაზობს. ამასთან, მას წვლილი შეაქვს ქვეყანაში გენდერული თანასწორობის მასშტაბური დღის წესრიგისა და მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში“.

თბილისის კრიზისულ ცენტრში ოჯახში ძალადობის სავარაუდო მსხვერპლების განთავსება შესაძლებელია მათთვის ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის ოფიციალურად მინიჭებამდე, რაც ბენეფიციარებს სახელმწიფო თავშესაფრებში გადასვლის უფლებას აძლევს. იმ მსხვერპლებს, რომლებსაც არ სურთ/არ სჭირდებათ კრიზისულ ცენტრსა თუ თავშესაფარში განთავსება, შეუძლიათ ცენტრში სამუშაო დღეებში სხვა სერვისების - ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია, იურიდიული დახმარება, პირველადი დახმარება/გადაუდებელი სამედიცინო დახმარება - მისაღებად მივიდნენ. თბილისში გახსნილ კრიზისულ ცენტრს ერთდროულად 18 პირის მიღება შეუძლია, ბავშვებისა და განსაკუთრებული საჭიროებების (შეზღუდული შესაძლებლობების) მქონე პირების ჩათვლით.
გაეროს ქალთა ორგანიზაცია, შვედეთის მთავრობასა და ევროკავშირთან პარტნიორობით, საქართველოს სხვა რეგიონებში კრიზისული ცენტრების ქსელის გაფართოების მხარდაჭერას გეგმავს. აღნიშნულ ცენტრებში მომსახურებას გაუწევენ არა მარტო ოჯახში ძალადობის, ასევე სექსუალური ძალადობის მსხვერპლებს/დაზარალებულებს. აღნიშნულ გეგმებში ასევე შედის სტანდარტების შემუშავება სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა/დაზარალებულთათვის მომსახურების მიწოდებისთვის, ტრენინგის მოდულის შემუშავება სექსუალური ძალადობის საკითხებზე სახელმწიფო ცენტრის, თავშესაფრებისა და ცხელი ხაზის თანამშრომლებისთვის.