თბილისის მუნიციპალიტეტში თანამონაწილეობითი გენდერული აუდიტის შედეგები განიხილეს

თარიღი:

თანამონაწილეობითი გენდერული აუდიტი წარმოადგენს დამხმარე ინსტრუმენტს უწყებებისთვის. აუდიტი ეხმარება მათ შიდაუწყებრივ პროცედურებსა და საქმიანობებში გენდერული თანასწორობის პრინციპების დანერგვაში. თბილისის მუნიციპალიტეტმა გამოხატა მზადყოფნა და 2015 წელს, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით, აღნიშნულ უწყებაში თანამონაწილეობითი გენდერული აუდიტი ჩატარდა.

შეხვედრა თბილისის მერთან დავით ნარმანიასთან; ფოტო: UN Women
აუდიტის მიგნებებსა და რეკომენდაციებთან დაკავშირებით 1 ივლისს შეხვედრა გაიმართა ქალაქ თბილისის მერთან დავით ნარმანიასთან, მერის მოადგილესთან ნინა ხატისკაცთან, გენდერული თანასწორობის საკითხებში მერის მრჩეველთან ნინელი ფუტკარაძესთან და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლებთან. „აუდიტი ძალიან სასარგებლო ინიციატივა აღმოჩნდა, ვინაიდან ნათლად გამოიკვეთა ის სფეროები, რომლებშიც გენდერული თანასწორობის პრინციპების ინტეგრირება მუნიციპალიტეტის მუშაობას გააუმჯობესებს. ცხადია, ჩვენ მიღებულ რეკომენდაციებს გავითვალისწინებთ“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

თანამონაწილეობითი გენდერული აუდიტის მეთოდოლოგია შრომის საერთშორისო ორგანიზაციის მიერ 2000-იანი წლების დასაწყისში შემუშავდა. შედეგად მიღებული განმარტების მიხედვით, „... თანამონაწილეობითი გენდერული აუდიტი წარმოადგენს დამხმარე ინსტრუმენტს ორგანიზაციისთვის, რომელიც აუდიტს გენდერული თანასწორობის კუთხით აღებული ვალდებულებების შესრულებაში გაივლის. ამ მიზნით შეფასდება ინსტიტუციურ დონეზე მიღწეული თანასწორობა, გამოვლინდება ტექნიკური სამუშაოს შესრულების დროს მიღებული კარგი პრაქტიკის მაგალითები და, ასევე, ორგანიზაციისთვის ნაჩვენები იქნება ის ეფექტიანი გზები, რომელთა გატარებაც გენდერული თანასწორობის ყველა ტიპის საქმიანობაში მიღწევისთვისაა მნიშვნელოვანი“.

ამ თვალსაზრისით, თბილისის მუნიციპალიტეტში ჩატარებულმა აუდიტმა, კარგი პრაქტიკის სახით, უწყების ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის პროგრამაში ჩართულობა გამოავლინა და, ასევე, მუნიციპალიტეტს რეკომენდაციები გაუწია გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების საკითხებზე თანამშრომელთა ცნობიერების ამაღლების, გადაწყვეტილების მიღების პროცესებში ქალთა მონაწილეობის გაზრდის, სქესის ნიშნით დივერსიფიცირებული მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის კუთხით. ქალაქის მერმა და მისმა მოადგილემ გამოთქვეს მზაობა, რომ აუდიტის რეკომენდაციებს, მათ შორის გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის თუ ქალთა ეკონომიკური შესაძლებლობების გაფართოების კუთხით, უახლოეს მომავალში გაითვალისწინებენ.

თბილისის მუნიციპალიტეტის მსგავსად, 2013-2015 წლებში, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, თანამონაწილეობითი გენდერული აუდიტი სხვადასხვა უწყებაში განხორციელდა, მათ შორის, საქართველოს პარლამენტში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში, შინაგან საქმეთა სამინისტროში, თავდაცვის სამინისტროსა და რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.