სარეაბილიტაციო პროგრამის „ძალადობრივი ქცევის მართვა“ განხორციელება იწყება

თარიღი:

პრობაციის ეროვნული სააგენტო მოძალადეთა სარეაბილიტაციო პროგრამის „ძალადობრივი ქცევის მართვა“ ამოქმედებისთვის ემზადება. პროგრამა, რომლის ბენეფიციარები ოჯახური დანაშაულის ჩადენისათვის პირობით მსჯავრდებულები იქნებიან, პრობაციის ეროვნული სააგენტოს სარეაბილიტაციო პროგრამების სამმართველოს ინიციატივითა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში შემუშავდა. იგი მთელი საქართველოს მასშტაბით დაინერგება. პროგრამის ამოქმედებამდე კი 13-15 და 20-22 ივნისს პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა სპეციალური ტრენინგები გაიარეს. მონაწილეთა შთაბეჭდილებებსა და გადამზადების კუთხით დაგეგმილ საქმიანობებზე პრობაციის ეროვნული სააგენტოს სარეაბილიტაციო პროგრამების სამმართველოს მრჩეველი ნინო ტყეშელაშვილი საუბრობს.


პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა ტრენინგები გაიარეს; ფოტო: პრობაციის ეროვნული სააგენტო
რა ძირითად თემებს მოიცავდა ტრენინგები და რა საკითხებზე გამახვილდა ყურადღება?

ტრენინგების თემატიკა გამომდინარეობდა სარეაბილიტაციო პროგრამიდან „ძალადობრივი ქცევის მართვა“, რომელიც გენდერული ძალადობის შემცირებისკენაა მიმართული. შესაბამისად, ტრენინგის მოდულიც მოიცავს იმ კლინიკურ საკითხებს, რომელთა მიზანი გენდერული ძალადობრივი ქმედებების შემცირება და აღმოფხვრა, სექსისტურ-დისკრიმინაციული ქცევების მოდიფიკაცია და რეციდივის პრევენციაა.

აღსანიშნავია, რომ ტრენინგის თემატიკა მრავალფეროვანი იყო და მოიცავდა, როგორც საკანონმდებლო თემებსა და კვლევებს, ასევე ისეთ საკითხებს, როგორიცაა: მონაწილეების ცვლილებების მოტივაცია, ემოციების მართვა, კოგნიტური შეცდომები და ირაციონალური იდეები, პასუხისმგებლობის გრძნობა, ფიზიკური ძალადობა, აგრესიის მართვის მეთოდები, წყვილებს შორის ძალადობრივი, აგრესიული სქესობრივი ქცევის იდენტიფიცირება და მათი შედეგების გაცნობიერება, ფსიქოლოგიური ძალადობის განსაზღვრა და მისი შედეგების გაცნობიერება. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა გენდერულ თანასწორობაზე, ქალთა უფლებებზე, ოჯახში ძალადობის შედეგად დაზარალებულ ბავშვებსა და სხვა ოჯახის წევრებზე. ასევე, მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო რეციდივის პრევენციაზე მიმართულ აქტივობებსა და მიღწეული შედეგების შენარჩუნების ასპექტებს.

პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა ტრენინგები გაიარეს; ფოტო: პრობაციის ეროვნული სააგენტო
როგორც ცნობილია, ტრენინგი გაიარეს ფსიქოლოგებმა და სოციალურმა მუშაკებმა. რა როლი უნდა შეასრულონ მათ „ძალადობრივი ქცევის მართვის სარეაბილიტაციო პროგრამის“ განხორციელებაში და რა ფუნქციები აქვთ მათ პროგრამის მიხედვით განსაზღვრული?

ტრენინგი გაიარეს პრობაციის ეროვნული სააგენტოს სარეაბილიტაციო პროგრამების სამმართველოს თანამშრომლებმა, ფსიქოლოგებმა, სოციალურმა მუშაკებმა და, ასევე, სრულწლოვან მსჯავრდებულთა თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების სარეაბილიტაციო და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის რეაბილიტაციის ოფიცრების ნაწილმა.

მოგეხსენებათ, რომ ჩვენთან ბენეფიციარის აღრიცხვის დღიდანვე ფასდება მისი რისკები და საჭიროებები. შესაბამის სპეციალისტთან პირობით მსჯავრდებული სწორედ რისკის განსაზღვრის შედეგად ხვდება. თუ პირი სისხლის სამართლის კოდექსის126-ემუხლით (ძალადობა) იქნება დაპატიმრებული ან მასთან გენდერული ძალადობის კუთხით მაღალი რისკი გამოიკვეთება, იგი ფსიქოლოგთან გადამისამართდება, რომელიც აღნიშნული პროგრამით იხელმძღვანელებს. თუ პირთან ინდივიდუალური მიდგომა იქნება საჭირო, მაშინ მასთან მუშაობას მხოლოდ ფსიქოლოგი გააგრძელებს, ხოლო თუ სპეციალისტები ჩათვლიან, რომ იგი პროგრამის გარკვეულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, მაშინ იგი მოხვდება ჯგუფში, სადაც პროცესს ფსიქოლოგი და სოციალური მუშაკი გაუძღვებიან. აღსანიშნავია, რომ პროგრამის ეფექტიანი წარმართვისთვის სოციალური მუშაკის მხრიდან მნიშვნელოვანია ბენეფიციარის ოჯახის გაძლიერება, პროფესიული კონსულტაცია და მხარდაჭერა.

რაც შეეხება პრობაციის ოფიცრებს, მათთვის ტრენინგის გავლა მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ სწორად მოახდინონ პრობლემის, ამ შემთხვევაში გენდერული ძალადობის ნიშნების, იდენტიფიცირება და პირობით მსჯავრდებულის შესაბამის სპეციალისტთან გადამისამართება. როგორც აღვნიშნე, ტრენინგი ოფიცრების ნაწილმა უკვე გაიარა, ნაწილი კი მომდევნო ეტაპზე გაივლის.


როგორი იყო მონაწილეების დაინტერესება და ჩართულობა?


ტრენინგის მრავალფეროვანმა თემატიკამ მონაწილეთა დიდი ინტერესი გამოიწვია, რასაც მათი მაღალი ჩართულობა, აქტიურობა და დისკუსიებიც ადასტურებდა. უმეტესობამ აღნიშნა, რომ ტრენინგმა მათი მოლოდინები გაამართლა: იყო საინტერესო, პროდუქტიული და პრაქტიკული. ამავდროულად, მონაწილეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პროგრამის სიმულაციის დაგეგმვაც, რომელიც მათ უშუალო ხელმძღვანელებთან ერთად ჩატარდება. სიმულაცია ხელს შეუწყობს ტრენინგზე მიღებული ცოდნის გაღრმავებას, რადგან მისი დახმარებით, ტრენინგის მონაწილეებს კოლეგებთან ერთად თითოეული სესიის დატესტვის საშუალება ბენეფიციართან შესვლამდე ექნებათ.

როდიდან იგეგმება პროგრამის განხორციელების დაწყება?


პროგრამის საპილოტე ჯგუფის შექმნა იგეგმება თბილისში და, სავარაუდოდ, ეს ჯგუფი მუშაობას ივლისიდან დაიწყებს. საპილოტე ჯგუფიდან მიღებულ გამოცდილებას კი სექტემბერში, სიმულაციის ტრენინგებზე გამოვიყენებთ. ამ პროცესების დასრულებისა და მიღებული შედეგების შეჯამების შემდეგ პროგრამის განხორციელებას მთელი საქართველოს მასშტაბით დავიწყებთ.