კერძო კომპანია მხარს უჭერს ქალებს, რომლებმაც ოჯახში ძალადობის პრობლემა დაძლიეს

თარიღი: ოთხშაბათი, 29 ივნისი, 2016 წელი

გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და კომპანია PMO ბიზნეს კონსალტინგის თანამშრომლობით, იმ ქალებისთვის, რომლებმაც ოჯახში ძალადობის პრობლემა დაძლიეს, ახალი ერთობლივი ინიციატივის განხორციელება დაიწყო. ინიციატივა ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდთან და არასამთავრობო ორგანიზაცია „ამაგდართან“ პარტნიორობით დაიგეგმა. იგი ქალებისთვის, რომლებმაც ოჯახში ძალადობას თავი დააღწიეს და ახლა სახელმწიფო თავშესაფრებში ცხოვრობენ, სხვადასხვა პროფესიული ტრენინგის ჩატარებას გულისხმობს.

ტრენერი და PMO ბიზნეს კონსალტინგის პარტნიორი სალომე მაკარიძე; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია
პირველი ასეთი ტრენინგი 29 ივნისს მომსახურებისა და გაყიდვების საბაზისო უნარებში ჩატარდა და მას PMO ბიზნეს კონსალტინგის პარტნიორი და ტრენერი სალომე მაკარიძე უძღვებოდა. ტრენინგს თბილისის, გორისა და კახეთის თავშესაფრებში მცხოვრები 10 ბენეფიციარი ესწრებოდა. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ინიციატივა ბიზნესკომპანიასთან პარტნიორობით პირველად ხორციელდება.

„გადავწყვიტეთ, ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მთავარი აქცენტი გაგვეკეთებინა ქალებზე, რომლებმაც ოჯახში ძალადობის პრობლემა დაძლიეს. ამჟამად ჩვენი კომპანიის რესურსით შეგვიძლია, რომ ამ ადამიანებს ის საჭირო ცოდნა და გამოცდილება გავუზიაროთ, რომლებიც მათ სამომავლოდ, დასაქმების შესაძლებლობის შემთხვევაში, გამოადგებათ. ტრენინგების თემატიკაც აღნიშნული კრიტერიუმით შევადგინეთ. ბიზნესს ნამდვილად შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ისეთი თემის პოპულარიზაციაში, როგორიც ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა და იმ ქალების დახმარებაა, ვინც უკვე შეძლო ამ პრობლემისთვის თავის დაღწევა“,-აღნიშნა სალომე მაკარიძემ.

ტრენინგის მიმდინარეობისას მონაწილეები მომსახურებისა და გაყიდვების საზოგადოდ აღიარებულ სტანდარტებსა და საბაზისო უნარ-ჩვევებს გაეცნენ, შეისწავლეს მომხმარებელთან ურთიერთობის ძირითადი პრინციპები, ეფექტური შეთავაზების გაკეთება, კლიენტებთან კონტაქტის დამყარება და ის სხვა საჭირო საკითხები, რომელთა ცოდნაც სერვისისა და გაყიდვების სფეროში მოქმედ კომპანიებში დასაქმებისთვისაა მნიშვნელოვანი.

ინტერაქტიულ ტრენინგში მონაწილეები აქტიურად ჩაერთნენ: „განათლება და უნარ-ჩვევები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს სრულიად სხვა გარემოში აღმოვჩნდი და ამ გარემომ საკმაოდ საინტერესო ცოდნა მომცა. მიღებული შთაბეჭდილება დიდხანს გამყვება. სხვა თემატიკის ტრენინგსაც სიამოვნებით გავივლი“, - აღნიშნა ერთ-ერთმა მონაწილემ, რომელიც არცერთ ტრენინგს არასდროს დასწრებია.

აღსანიშნავია, რომ ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს მომსახურებისა და გაყიდვების საბაზისო უნარებში შესაბამისი სერტიფიკატებიც გადაეცათ. „ტრენინგმა დამანახა, რამდენად მნიშვნელოვანია თავდაჯარებულობა, რომელსაც ცოდნა გაძლევს. მარტივად, გასაგები ენით და ინტერაქტულად აგვიხსნეს მომსახურებისა და გაყიდვების სფერო. ახლა ერთ-ერთ კომპანიაში სტაჟირებაზე სწორედ ამ მიმართულებით მივდივარ და მიღებული ცოდნა სამუშაო გარემოსა და სპეციფიკასთან ადაპტაციაში აუცილებლად გამომადგება“,- ასეთი იყო ტრენინგის კიდევ ერთი მონაწილის შთაბეჭდილება.

იმ ქალებისთვის, რომლებმაც ოჯახში ძალადობა დაძლიეს და ახლა თავშესაფრებში ცხოვრობენ, ეკონომიკური დამოუკიდებლობა ძალიან მნიშვნელოვანია. შემოსავლის გარეშე მათ ახალი ცხოვრების დაწყება უჭირთ და არსებობს უკან, მოძალადესთან დაბრუნების რისკი. საქართველოში, სადაც ზოგადად უმუშევრობის დონე მაღალია, იმ ქალების ეკონომიკური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და დასაქმება, რომლებმაც ოჯახში ძალადობის პრობლემას სძლიეს და თავშესაფრებში ცხოვრობენ, კვლავაც სირთულეს წარმოადგენს. ამას გარდა, ბენეფიციარებს შრომით ბაზარზე არსებული მოთხოვების შესაბამისი განათლება და პროფესიული უნარები ხშირად არ აქვთ. 2015 წლის სპეციალურ ანგარიშში „ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა საქართველოში“ სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ თავშესაფრების მონიტორინგისას გამოკითხულ ბენეფიციართა 67%-ს დამატებითი განათლების საჭიროება ჰქონდა, თუმცა მათი ნახევარი თვლის, რომ ასეთი სერვისი არ იყო მისთვის ხელმისაწვდომი.. ასევე, სამუშაო ადგილის მოძებნაში 75% -ს ვერ გაეწია დახმარება. ამ ფონზე გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და კომპანია PMO ბიზნეს კონსალტინგის ინიციატივა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ტრენინგები თვეში ერთხელ სისტემატურად ჩატარდება. მომდევნო ასეთი ტრენინგი 20 ივლისს, კვლავაც მომსახურებისა და გაყიდვების საბაზისო უნარებში გაიმართება. სამომავლოდ კი მისი თემატიკა გაფართოვდება და ლიდერობასა და მცირე მეწარმეობასაც მოიცავს.

PMO ბიზნეს კონსალტინგის ძირითადი მიმართულებები ორგანიზაციის განვითარება, ბიზნეს ანალიტიკა და ფინანსური კონსულტაციაა. იგი სხვადასხვა ორგანიზაციას ზრდასა და განვითარებაში ეხმარება. აღსანიშნავია, რომ ინიციატივის მეორე ეტაპზე, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან პარტნიორობით, PMO ბიზნეს კონსალტინგის წარმომადგენლები კლიენტი კომპანიების ადამიანური რესურსების განვითარების მენეჯერებთან სპეციალური შეხვედრის გამართვასაც აპირებენ. იგი მიზნად იმ ქალების საჭიროებების ცნობადობის გაზრდას ისახავს, ვინც ოჯახში ძალადობის პრობლემა დაძლია. ამას გარდა, შეხვედრაზე ბენეფიციარებისთვის სტაჟირების გავლის საშუალებები და შესაძლო ვარიანტებიც იქნება განხილული.