ევროპის ჩემპიონატის ფინალი და მორაგბეები HeForShe-ს მხარდასაჭერად

თარიღი:

19 მარტს, თბილისის დინამო არენაზე, 52 000 გულშემატკივრის წინ, საქართველოსა და რუმინეთის მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებებმა გაეროს ქალთა ორგანიზაციის სოლიდარობის მოძრაობას გენდერული თანასწორობისთვის HeForShe მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოიცხადეს და სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი სწორედ ამ მოძრაობას მიუძღვნეს. ტრადიციულად, მოედანზე მორაგბეები HeForShe-ს მაისურებში გამოწყობილმა გოგონებმა გააცილეს.

მორაგბეები HeForShe-ს მხარდასაჭერად; ფოტო: საქართველოს რაგბის კავშირი/გოგიტა ბუხაიძე
საქართველოსა და რუმინეთის მორაგბებთა ეროვნული ნაკრებები ერთმანეთს პრინციპულ მატჩში - ევროპის ჩემპიონატის ფინალში დაუპირისპირდნენ. თამაში უდიდეს ინტერესს იწვევდა და მას გულშემატკივართა რეკორდული რაოდენობა 52 0000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო. მნიშვნელოვანია, რომ მორაგბეებმა HeForShe-ს მხარდასაჭერად სწორედ სეზონის ყველაზე პრინციპული თამაში შეარჩიეს.

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა, რომელიც ყოველთვის მხარს უჭერს და ჩართულია გაეროს ქალთა ორგანიზაციის აქტივობებში, მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ნაკრების კაპიტანთან შალვა სუთიაშვილთან ერთად HeForShe-ს მაისური მოირგო. „დღეს ყველას - ბორჯღალოსნებს, მწვრთნელებსა თუ თანამშრომლებს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის მაისურები გვაცვია. და ეს იმის აღსანიშნად, რომ როგორც 4 წლის წინ, ასევე ახლაც, ჩვენ - ბორჯღალოსნები, მწვრთნელები, თანამშრომლები და მთლიანად საქართველოს რაგბის კავშირი, გვერდში ვუდგავართ და მხარს ვუჭერთ ამ კამპანიას. გვსურს, ხაზგასმით აღვნიშნოთ და ყველა მამაკაცს მივმართოთ, რომ ქალთა მიმართ ნებისმიერი ძალადობა სასტიკად მიუღებელია“,- აღნიშნა მან.

მოედანზე მორაგბეები HeForShe-ს მაისურებში გამოწყობილმა გოგონებმა გააცილეს; ფოტო: საქართველოს რაგბის კავშირი/გოგიტა ბუხაიძე
თამაში ქართველი მორაგბეების გამარჯვებით, ანგარიშით 38:9 დასრულდა. ამავდროულად ბორჯღალოსნები უკვე მეათედ ანთიმოზ ივერიელის თასის მფლობელებიც გახდნენ. მატჩის საუკეთესო მოთამაშის სტატუსი მამუკა გორგოძემ მოიპოვა, რომელსაც შვედეთის საელჩოს პირველმა მდივანმა და მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ გუსტავ უინსტრანდიმ HeForShe-ს სპეციალური პრიზი გადასცა.

ფინალური მატჩი HeForShe-ს მხარდასაჭერად საქართველოს რაგბის კავშირისა და კაცების მოძრაობის „ჩვენ“ ერთობლივ ინიციატივას წარმოადგენდა. „ჩვენ“ ყოფილმა მორაგბეებმა ნონო ანდღულაძემ და ლექსო გუგუვამ გასული წლის ბოლოს თანამოაზრეებთან - სპორტსმენებთან, მწერლებთან, მსახიობებთან, ბიზნესმენებთან და სხვა სფეროს წარმომადგენლებთან ერთად დააფუძნეს. მოძრაობის მიზანი გენდერული თანასწორობისა და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე კაცებისა და ვაჟების ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.

საქართველოს რაგბის კავშირი გაეროს ქალთა ორგანიზაციის დიდი ხნის პარტნიორია გაეროს გენერალური მდივნის კამპანიის „გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ ფარგლებში, რომელიც ამჟამად ხორციელდება გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში“ მხარდაჭერით. (დაფინანსებულია შვედეთის მთავრობის მიერ, ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა / გაეროს ქალთა ორგანიზაცია / გაეროს მოსახლეობის ფონდი). თანამშრომლობა მიზნად ისახავს კაცებისა და ვაჟების ჩართულობას ქალთა და გოგონათა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში, მათი ცნობიერების ამაღლებას ამ საკითხებთან დაკავშირებით.

ქართველმა მორაგბეებმა კამპანიას „გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ არაერთი საერთაშორისო მატჩი მიუძღვნეს. 2014 წლის შემოდგომაზე კი, HeForShe-ს დაწყებისთანავე, ისინი ამ მოძრაობასაც შეუერთდნენ და იაპონიის ნაკრებთან თამაში HeForShe-ს მხარდასაჭერად გამართეს. სწორედ მაშინ გაჩნდა ტრადიციაც, რომლის მიხედვითაც მორაგბეები მოედანზე პატარა გოგონებს გაჰყავთ.