თექვსმეტ დღიანი აქტივობა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ

„ხმა ამოიღეთ!“ - ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ დოკუმენტური ფილმის პრემიერა

თარიღი: სამშაბათი, 15 დეკემბერი, 2015 წელი

დოკუმენტური ფილმის "ხმა ამოიღეთ!" საჯარო ჩვენებები გაიმართა; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია
დოკუმენტური ფილმი „ხმა ამოიღეთ!“ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შესახებაა გადაღებული. იგი საქართველოში მომხდარ შემზარავ რეალურ ისტორიებს ასახავს. (ფილმის სანახავად ეწვიეთ ბმულს)

ფილმის გმირები ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში ცხოვრობენ, თუმცა მათ საერთო პრობლემა აერთიანებთ ყველა მათგანი ძალადობის მსხვერპლი საკუთარ ოჯახში გახდა. რეჟისორ ზურაბ ინაშვილის აღწერილი ისტორიების ნახვა ემოციების გარეშე შეუძლებელია.

„ფილმმა წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა და ძალიან იმოქმედა ჩემზე. სურვილი გამიჩნდა, კარდაკარ ვიარო და ყველა ქალს უფლებების დაცვაში დავეხმარო. ბოლო წლებში საქართველოში ფემიციდისა (2014 წელს 34 ქალი იქნა მოკლული) და ოჯახში ძალადობის მაღალმა მაჩვენებელმა სრული სისასტიკით დაგვანახა პრობლემის სიმწვავე და მასთან ბრძოლის გააქტიურების აუცილებლობა. არ უნდა დავუშვათ არცერთი ქალის ჩაგვრა!“,-ამბობს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტი რუსუდან ნიკოლაიშვილი. სალომე ბენდიანიშვილი კი დასძენს: „ფილმმა შემძრა. არც მანამდე ვფიქრობდი, რომ კაცი და ქალი განსხვავებული უფლებებით სარგებლობენ და არ არიან თანასწორები, მაგრამ ფილმმა ,,ხმა ამოიღეთ!“ სიმამაცე შემმატა. დამაფიქრა, რომ მეც ქალი ვარ და ასეთ მდგომარეობაში აღმოჩენის შემთხვევაში, აუცილებლად უნდა ამოვიღო ხმა და ვიბრძოლო ჩემი უფლებებისთვის“.


დოკუმენტური ფილმი „ხმა ამოიღეთ!“ გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში“ ფარგლებში, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობითაა გადაღებული (შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით). ფილმის პრემიერა 2015 წლის 3 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად გაიმართა.
მსგავსი სიახლეები

დაკავშირებული ამბები