თექვსმეტ დღიანი აქტივობა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ

რუსთაველის თეატრის სცენა ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე შექმნილ სპექტაკლს ეთმობა

თარიღი: სამშაბათი, 8 დეკემბერი, 2015 წელი

სცენა სპექტაკლიდან "ლისისტრატე"; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/მაკა გოგალაძე
ხელოვნება და თეატრი ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების, მისი დამოკიდებულებების შეცვლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იარაღია. სწორედ ამიტომ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ის აქტივობები, რომლებიც ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგაა მიმართული, თეატრსაც უკავშირდება.

კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის შემდეგ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, ქალთა მიმართ ძალადობის თემატიკას რუსთაველის თეატრის სცენაც დაეთმო. არისტოფანეს „ლისისტრატეს“ მიხედვით, დრამატურგ ლაშა ბუღაძის პიესა რეჟისორმა დავით საყვარელიძემ რუსთაველის თეატრის მსახიობებთან ერთად გააცოცხლა.

"ლისისტრატეს" პრემიერა რუსთაველის თეატრში; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/მაკა გოგალაძე
„ტექსტი დაიწერა იმის გავლენით, რაც საქართველოში ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის კუთხით ხდება“,- ამბობს დრამატურგი ლაშა ბუღაძე. „ახლა სწორედ ის ეტაპია, როცა არავინ უნდა გაჩუმდეს, როცა ჩაგრული არავითარ შემთხვევაში არ უნდა დარჩეს მარტო დესპოტის პირისპირ. მოძალადეები ერთად უნდა შევაჩეროთ. ლისისტრატეებს უნდა დავეხმაროთ“, - წერს იგი რადიო თავისუფლების ბლოგზე „გახდით ლისისტრეტეები!“. (იხ. ბლოგი)

„ლისისტრატეს“ თეატრალიზებული კითხვა პირველად გასულ წელს მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კონომსახიობთა თეატრში ჩატარდა. პოზიტიური გამოხმაურებების შემდეგ კი მისი დიდ სცენაზე დადგმა გადაწყდა. პრემიერა 8 დეკემბერს გაიმართა და მას საქართველოს პირველი ლედიც დაესწრო, რომელმაც მხარი დაუჭირა 2015 ქალთა წლის (საქართველოს პრეზიდენტის მიერ წლის დასაწყისში გამოცხადებული ინიციატივა) განმავლობაში ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ სხვადასხვა ინიციატივას.

„ლისისტრატეს“ თეატრალიზებული კითხვა და სპექტაკლი გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში“ ფარგლებში გაიმართა (შვედეთის მთავრობის დაფინანსებით). სპექტაკლი უკვე რუსთაველის თეატრის რეპერტუარშია და 2016 წელს გაეროს ქალთა ორგანიზაცია მის ჩვენებას საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გეგმავს.


მსგავსი სიახლეები

დაკავშირებული ამბები