ინოვაციური დაფინანსება ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშესაწყობად

თარიღი:

გაეროს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე იანიკ გლემარეკი საერთაშორისო ფორუმს ინოვაციური დაფინანსების საკითხებზე მდგრადი განვითარებისთვის დაესწრო, რომელსაც საქართველოს მთავრობამ უმასპინძლა.

„2015 წლის შემდგომი მსოფლიო განვითარების ამბიციური დღის წესრიგი ვერ შესრულდება ცალკეული პარტნიორების მიერ თითო ჯერზე თითო მიზნის განხორციელებით“, - განაცხადა გაეროს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ იანიკ გლემარეკმა თავის მისასალმებელ სიტყვაში სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების საერთაშორისო ფორუმზე, რომელსაც საქართველოს მთავრობამ უმასპინძლა. „მდგრადი განვითარების მიზნები მხოლოდ ერთიანი ძალისხმევით მიიღწევა მთავრობების, განვითარების სფეროში პარტნიორების, კერძო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობით. ამისთვისაა საჭირო ინოვაციები ტექნოლოგიაში და ინოვაციური დაფინანსების ინსტრუმენტები“,-აღნიშნა მან.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე იანიკ გლემარეკი საქართველოს პარლამენტის სპიკერთან დავით უსუფაშვილთან ერთად; ფოტო: სერგო სარდლიშვილი
თბილისმა სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების პირველ საერთაშორისო ფორუმს უმასპინძლა. ფორუმი წარმოადგენს დიალოგისა და გამოცდილების გაზიარების პლატფორმას ინოვაციური დაფინანსების სფეროში მდგრადი განვითარების მისაღწევად. საქართველოს მთავრობა გეგმავს, რომ ამგვარ ფორუმებს ყოველწლიურად 20 დეკემბერს - ადამიანთა სოლიდარობის საერთაშორისო დღეს უმასპინძლოს. მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევა მოითხოვს ინოვაციებს როგორც ტექნოლოგიებისა და სერვისების განვითარების მხრივ, ისე ინოვაციურ დაფინანსებას ჯანდაცვის საბაზისო სერვისების, კვებისა და საკვების უსაფრთხოების, განათლების, სოციალური დაცვისა და გარემოს დაცვის ხელმისაწვდომობაში არსებული უთანასწორობების შესამცირებლად.

ფორუმის ორგანიზატორი იყო საქართველოს სოლიდარობის ფონდი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის პატრონაჟით. გაეროს სპეციალურმა მრჩეველმა განვითარების მიზნით ინოვაციური დაფინანსების საკითხებში ფილიპ დუსტე-ბლაზიმ დამსწრე საზოგადოებას მიმართა, ხაზი გაუსვა განვითარების მიზნებისთვის ინოვაციური დაფინანსების მზარდ მნიშვნელობას და საქართველოს მთავრობას ამ საკითხებზე პირველი საერთაშორისო ფორუმის მასპინძლობა მიულოცა. მან პოზიტიურად შეაფასა საქართველოს მთავრობისა და მისი სოლიდარობის ფონდის საქმიანობა სახელმწიფო-კერძო პარტნიორობის ხელშეწყობის სფეროში. მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ ასევე რენო სალინი, საფრანგეთის ელჩი საქართველოში და ნილს სკოტი, გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში.

„ქალთა ეკონომიკური გაძლიერება არის გზა 2030 წლისთვის გლობალური განვითარების დღის წესრიგის განხორციელებისკენ. სწორედ ამიტომ მუშაობს გაეროს ქალთა ორგანიზაცია ინოვაციური დაფინანსების ინსტრუმენტზე ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით,“ - განაცხადა იანიკ გლემარეკმა. „ამ ინსტრუმენტის მიზანია პარტნიორული ურთიერთობების დამყარება არსებულ ფონდებთან და სხვადასხვა ტიპის მეწარმე ქალებისთვის ფინანსური შუამავლობის მომსახურების შესაძლებლობების შექმნა“,-აღნიშნა მან.

2015 წლის 18 დეკემბერს გაეროს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე იანიკ გლემარეკი სოფელ ტირძნისში კონფლიქტით დაზარალებულ ქალებს შეხვდა; ფოტო" გაეროს ქალთა ორგანიზაცია/მაკა გოგალაძე
საქართველოში ოთხდღიანი ვიზიტის განმავლობაში ბატონმა გლემარეკმა მაღალი დონის რამდენიმე ორმხრივი შეხვედრა გამართა და ადგილზე გაეცნო შიდა ქართლის რეგიონში გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქმიანობას. ვიცე-პრემიერ და საგარეო საქმეთა მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას საუბარი შეეხო გაეროს ქალთა ორგანიზაციის სამომავლო პროგრამებს საქართველოში - განსაკუთრებით ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სფეროში - და იმ საკითხს, თუ როგორ შეიძლება ინოვაციური დაფინანსების გამოყენება ქვეყანაში ქალთა ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

ბატონმა გლემარეკმა ასევე მოინახულა დევნილი და კონფლიქტით დაზარალებული ქალები შიდა ქართლის სოფლებში, რომლებმაც მას საკუთარი გამოცდილების შესახებ უამბეს და ქალთა სოციალური და ეკონომიკური გაძლიერების თაობაზე თავიანთი შეხედულებები გაუზიარეს, რაც, სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავს ადგილობრივი დაგეგმვისა და ბიუჯეტის შედგენის პროცესებში ქალთა მონაწილეობის გაზრდას და მათთვის პროდუქტიულ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას. გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და მისი პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციების ხუთწლიანმა მუშაობამ შედეგად მოიტანა ქალთა ჩართულობის გაზრდა ადგილობრივ დონეზე ბიუჯეტის ფორმირებისა და პრიორიტეტების დასახვის პროცესებში, მათ შორის ბავშვებზე ზრუნვის მომსახურების გაუმჯობესებასა და ინფრასტრუქტურის განვითარებაში მოსახლეობისთვის ეკონომიკური შესაძლებლობების გასაზრდელად.

„ჩვენი სოფლის ქალებმა მოლაპარაკება აწარმოეს ადგილობრივ ხელისუფლებასთან გზის შესაკეთებლად თანხების გამოყოფასთან დაკავშირებით. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო: ჩვენ შვილებს სკოლაში სიარული ზოგჯერ ტალახში უწევთ, მოხუცებს უჭირთ სახლიდან მარტო გასვლა“, - აღნიშნა მშვიდობისა და განვითარებისათვის შიდა ქართლის სათემო ფონდის თავმჯდომარემ მარიამ ბუჩუკურმა სოფელ ტირძნისში კონფლიქტით დაზარალებულ ქალებს შორის გაეროს ქალთა ორგანიზაციის სოციალური მობილიზაციის სამუშაოს შედეგების განხილვისას. „მთელმა სოფელმა - ქალებმაც და კაცებმაც - მონაწილეობა მიიღეს ამ გზის მშენებლობაში",-დასძინა მან.