კადრების მართვის პოლიტიკას ქალთა გაძლიერების საქმეში უმნიშვნელოვანესი როლის შესრულება შეუძლია
თარიღი:
ტრენინგები ქალი თანამშრომლებისათვის, რომლებიც ხელს შეუწყობს მათ დაწინაურებას, გაუმჯობესებული სოციალური ბენეფიტები, „ღია კარის დღეები“, რომელთა თემა იქნება ქალები და უსაფრთხო სამუშაო პირობები - ეს ნაწილია გენდერული თანასწორობის გაზრდისკენ მიმართული იდეებიდან, რომლებიც სამინისტროების ადამიანური რესურსების მენეჯერების ერთობლივი ტრენინგის განმავლობაში გაჩნდა.
საჯარო სამსახურის ბიუროსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ საქართველოს სამინისტროების ადამიანური რესურსების 19 მენეჯერისთვის ერთდღიანი ტრენინგი ჩაატარა. ტრენინგის თემა ადამიანური რესურსების პოლიტიკასა და საქმიანობაში გენდერული თანასწორობის სტრატეგიის ჩართვა იყო. იგი მიზნად ისახავდა, მონაწილეები გაცნობოდნენ სახელმწიფო და საერთაშორისო ვალდებულებებს გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებით, გაეგოთ, თუ როგორ უნდა მოხდეს კადრების მართვის პოლიტიკასა და საქმიანობაში გენდერული თანასწორობის შეფასება, რომელია გზები, რომლებიც დაეხმარება მათ საქმიანობის პროცესში ცენტრალური ადგილი გენდერული თანასწორობის საკითხის მიანიჭონ. თეორიული პრეზენტაციების გარდა, ტრენინგის განმავლობაში დისკუსიებიც ჩატარდა.
„პირადად ჩემთვის სამსახურში მისაღებ ინტერვიუზე უკითხავთ რამდენი ხანია, რაც გათხოვილი ვარ და შვილები თუ მყავს. ეს ირიბი კითხვებია, რომლებსაც დამსაქმებლები სვამენ, ვინაიდან იციან, რომ არ აქვთ უფლება, პირდაპირ იკითხონ, ხომ არ ვარ ორსულად ან ხომ არ ვგეგმავ ახლო მომავალში ბავშვის გაჩენას, მაგრამ ამ კითხვების დისკრიმინაციული შედეგი ერთი და იგივეა“, - განაცხადა ტრენინგის ერთ-ერთმა მონაწილემ.
გარდა ამისა, ტრენინგზე განხილულ იქნა სხვა გამოწვევებიც: ხანგრძლივი სამუშაო საათები ბევრი თანამშრომლისთვის, რაც ართულებს მშობლებისთვის, განსაკუთრებით კი ქალებისთვის, სამსახურისა და ოჯახური ცხოვრების შეთავსებას.
სავარჯიშოების ფარგლებში თითოეულ ჯგუფს მიეცა სამომავლო სცენარი, რომლის მიხედვით მათმა სამინისტრომ გენდერული თანასწორობის მიღწევის თვალსაზრისით პროგრესი განიცადა. მაგალითად, მიაღწია კაცების მიერ დეკრეტული შვებულების აღების შემთხვევათა ზრდას, სექსუალური შევიწროების შემთხვევათა შემცირებას და ხელმძღვანელ თანამდებობებზე ქალებისა და კაცების 50/50 თანაფარდობას. ჯგუფებმა ისაუბრეს იმ ზომებზე, რომლებსაც ისინი განახორციელებდნენ ამ სამომავლო სცენარის განხორციელების მიზნით. მათ შორის იყო სოციალური და სადაზღვევო პაკეტები, ბავშვებზე ზრუნვის უზრუნველყოფა, ქალებზე გამიზნული საგანმანათლებლო-საინფორმაციო კამპანიები და პოზიტიური გამოცდილების გაზიარება.