He for She (კაცები ქალთა უფლებებისთვის) საქართველოში „ჩვენ – კაცები ძალადობის წინააღმდეგ“

თარიღი:

კაცების ახალი მოძრაობის "ჩვენ - კაცები ძალადობის წინააღმდეგ" პრეზენტაცია;
ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/მაკა გოგალაძე
„ჩვენ - მეც და შენც - გვაღელვებს ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობა. ეს არ არის მხოლოდ ქალის ან კაცის პრობლემა. ეს ჩვენი საერთო პრობლემაა! და თუკი ჩვენ გვინდა ცვლილება, ამისთვის აქტიური ქმედებებია საჭირო. ჩვენ გვჯერა, რომ დროა, კაცებმა აიღონ პასუხისმგებლობა ჯანსაღი საზოგადოების მშენებლობაზე, რომელშიც ძალადობისა და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის ადგილი არ არის!“- ეს არის ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის „ჩვენ - კაცები ძალადობის წინააღმდეგ“ მთავარი გზავნილი, რომლის ირგვლივაც ცნობილი ქართველი კაცები გაერთიანდნენ.

კაცების ახალი მოძრაობა, რომლის პრეზენტაციაც 7 დეკემბერს გაიმართა, მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს, ერთი მხრივ, ქალთა და გოგონათა მიმართ და ოჯახში ძალადობასთან ბრძოლას და, მეორე მხრივ, გენდერული თანასწორობის მიღწევას საქართველოში. მისი ინიციატორები კი ის ადამიანები არიან, რომლებიც უკვე 5 წელია თანამშრომლობენ გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან და მონაწილეობენ მის საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების კამპანიებში ("UNiTE to End Violence against Women", "HeForShe") ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის დამკვიდრების მიზნით. ისინი აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა ინიციატივაში, რომელთა მიზანი გენდერული თანასწორობისა და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე კაცებისა და ვაჟების ცნობიერების ამაღლებაა.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის კამპანიით He for She (კაცები ქალთა უფლებებისთვის) შთაგონებულმა ყოფილმა ბორჯღალოსნებმა ნონო ანდღულაძემ და ლექსო გუგავამ სხვა თანამოაზრე კაცები - სპორტსმენები, მწერლები, მსახიობები, ბიზნესმენები და სხვა სფეროს წარმომადგენლები შემოიკრიბეს და ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა დააფუძნეს. მოძრაობა მიზნების მიღწევას ახალგაზრდებთან მუშაობის, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების, სპორტული საქმიანობებისა და სხვა ინტერვენციების გზით აპირებს (იხ. ვიდეო).

„ჩვენ ვაგრძელებთ 5 წლის წინ დაწყებულ ბრძოლას. უბრალოდ გადავწყვიტეთ, იგი კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი გავხადოთ. გავიარეთ სპეციალური ტრენინგები, როგორ მივაწოდოთ გენდერული თანასწორობის საკითხები ახალგაზრდა ბიჭებს. გვინდა, ამ ბრძოლაში ყველა კაცმა თავის სფეროში წვლილი შეიტანოს. გვინდა, რომ აბსოლუტურად ყველა სფერო მოვიცვათ და ამ ყველაფერს ორგანიზებული სახე მივცეთ, რათა უფრო მასობრივი მოხდეს ცნობიერების ამაღლება", - აღნიშნა ნონო ანდღულაძემ. ცნობილი მწერალი და მოძრაობის „ჩვენ - კაცები ძალადობის წინააღმდეგ“ დამფუძნებელი დათო ტურაშვილი სტოკჰოლმში, შვედეთში მაიკლ კაუფმანისა და ჯექსონ კატცის (ცნობილი სპიკერები ქალთა მიმართ ძალადობისა და სექსიზმის წინააღმდეგ) მიერ ჩატარებული ერთ-ერთი ასეთი ტრენინგის შესახებ შთაბეჭდილებებს თავის სტატიაში გვიზიარებს: „სტოკჰოლმშიც, იმ ახალგაზრდა ქართველი კაცების ჯგუფთან ერთად ვიყავი, რომლებმაც საქართველოში ქალთა დამცველი ორგანიზაციის შექმნა გადაწყვიტეს და ჩემთვის ძალიან ლოგიკურიც არის, რომ ეს იდეა, ჩვენს მორაგბეებს ეკუთვნით. სტოკჰოლმის სემინარში მონაწილეობა კი ისეთ ღირსეულ და წარმატებულ ადამიანებთან ერთად, როგორებიც ქართველი მორაგბეები არიან, ჩემთვის დიდი პატივი იყო და მორაგბეების ამ მშვენიერ იდეას, საქართველოში, სხვა პროფესიის კაცებიც შეუერთდნენ“ (იხ. სრული სტატია).

„ძალადობა არ არის მხოლოდ მსხვერპლის ან მოძალადის პრობლემა. ეს არის სოციალური პრობლემა, რომელიც ზეგავლენას ახდენს მთლიანად საზოგადოებაზე. გვინდა, შევიტანოთ წვლილი უკეთესი საზოგადოების მშენებლობაში ჩვენთვის და მომავალი თაობებისთვის. ჩვენი სამიზნე აუდიტორია, ძირითადად, მოსწავლე - ახალგაზრდები, სტუდენტები იქნებიან", განაცხადა ლექსო გუგავამ.

საზოგადოებრივ მოძრაობაში „ჩვენ“ გაწევრიანება ყველა იმ მსურველს შეუძლია, რომელიც მის ღირებულებებს იზიარებს.