გენდერული თვალსაზრისით სენსიტიური ადგილობრივი მმართველობის ორგანოები

თარიღი: პარასკევი, 30 ოქტომბერი, 2015 წელი

გენდერულად სენსიტიური ადგილობრივი მმართველობის ორგანოების შეხვედრა; ფოტო: ქალთა საინფორმაციო ცენტრი
29-30 ოქტომბერს საქართველოს 11 მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების და ქალთა ორგანიზაციებისა და განვითარების კუთხით მომუშავე სამინისტროების წარმომადგენლების ორდღიანი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და მისი პარტნიორების - ქალთა საინფორმაციო ცენტრისა და ფონდ „ტასოს“ მიერ იყო ორგანიზებული.

ღონისძიების მთავარ განსახილველ საკითხებს წარმოადგენდა: ძლიერი და ჯანსაღი თემები, ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოები, რომელთაც შესწევთ უნარი, უკეთესად მოახდინონ რეაგირება მამაკაცებისა და ქალების სხვადასხვა საჭიროებაზე, გაუმჯობესებული და უფრო ხელმისაწვდომი სოციალური, ჯანდაცვისა და სამართლებრივი სერვისები, ქალები, რომელთაც აქვთ უფლებამოსილება და შესაძლებლობა, ზეგავლენა მოახდინონ ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმვაზე.

120-ზე მეტმა მონაწილემ ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება, მდგრადი შედეგები და წარმატებული პრაქტიკა გაუზიარა. მათი დიდი ნაწილი შეეხებოდა სერვისების მისაწვდომობის გაუმჯობესებას („ერთი ფანჯრის“ პრინციპი), ადგილობრივი მასშტაბის დაგეგმვისა და ბიუჯეტის შედგენის გენდერულად სენსიტიურად ქცევას (გენდერულად სენსიტიური სამუშაო ჯგუფები) და სათანადო პირობების შექმნას იმისთვის, რომ თემები გენდერული თვალსაზრისით კიდევ უფრო თანასწორები გახდნენ(გენდერული თანასწორობის ადგილობრივი საბჭოები).

„ჩვენ ბევრად უფრო მრავალფეროვანი ცხოვრება გვაქვს და ბევრად ძლიერები ვართ, ვიდრე ოდესმე. ბევრად მეტი ქალი წამოჭრის ხოლმე ყველა ჩვენგანისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ისეთ საკითხს, როგორიცაა სასმელი წყალი, სისუფთავე, ასევე ადგილობრივი მასშტაბის გადაწყვეტილებათა მიღებაში მონაწილეობა,“- აღნიშნა იმერეთის რეგიონის საჩხერის ადგილობრივი მმართველობის ორგანოს სოციალური დეპარტამენტის უფროსმა ანა შუკაკიძემ. „ჩვენს სოფელში ბევრი პრობლემა იყო, მაგრამ გენდერულად სენსიტიური ბიუჯეტირების ჯგუფთან ერთად მათი განახევრება მოვახერხეთ“, - განაცხადა გენდერულად სენსიტიური ბიუჯეტირების სათემო კომიტეტის თავმჯდომარემ წინწყაროდან (ქვემო ქართლის რეგიონი) ნელი ანსიანმა. „გენდერულად სენსიტიური ბიუჯეტირების კომიტეტი უაღრესად სასარგებლოა ჩვენთვის. მის მიერ წარმოებულმა ადვოკატირებამ ჩვენს თემს ბევრი სასიკეთო ცვლილება მოუტანა“, - აღნიშნა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ცოტნე ყავლაშვილმა და რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილემ თენგიზ შერგელაშვილმა საგანგებოდ აღნიშნეს ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობა დაგეგმვისა და ბიუჯეტის შედგენის პროცესში გენდერული საკითხების წინა პლანზე წამოწევასთან დაკავშირებით. გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ და პარლამენტის ვიცესპიკერმა მანანა კობახიძემ ყურადღება გაამახვილა „ერთი ფანჯრის“ პრინციპთან დაკავშირებული შეხვედრების პოზიტიური გამოცდილების მნიშვნელობაზე და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს ამ პრაქტიკის ინსტიტუციონალიზაციისკენ მოუწოდა.

აღნიშნული შეხვედრა წარმოადგენდა პროექტის „ქალები თანასწორობისთვის, მშვიდობისა და განვითარებისთვის“ დასკვნით ღონისძიებას. ნორვეგიის მიერ დაფინანსებული პროექტი გაეროს ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელობით 2013-2015 წლებში სამეგრელოს, იმერეთის, ქვემო ქართლისა და შიდა ქართლის რეგიონებში განხორციელდა. „ოქსფამმა“ და გაეროს განვითარების პროგრამამ ასევე გაუზიარეს დამსწრე საზოგადოებას ადგილობრივი გენდერული თანასწორობის მექანიზმებისა და გენდერულად სენსიტიური ბიუჯეტირების ხელშემწყობი ინიციატივების საკუთარი შედეგები.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა ერიკა კვაპილოვამ და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლის მოადგილემ შომბი შარპმა მიულოცეს ადგილობრივ პარტნიორებს წარმატება და ის მდგრადი შედეგები, რომლებსაც მათ ადგილობრივ მმართველობაში გენდერული საკითხების წინა პლანზე წამოწევის კუთხით მიაღწიეს.
მსგავსი სიახლეები

დაკავშირებული ამბები