რაგბი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გაეროს სპორტულ ბანაკში

თარიღი:

გაეროს სპორტული ბანაკის მონაწილეები; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია
2015 წლის სექტემბერში აფრიკის, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების 22 ახალგაზრდას შესაძლებლობა ჰქონდა, ახალგაზრდულ ბანაკში - „სპორტის ძალა“ (The Power of Sport Camp) ეცხოვრა. „სპორტის ძალა“ ორკვირიანი ბანაკია, რომელიც შვედეთს დედაქალაქ სტოკჰოლმში მდებარეობს. განათლებისა და სპორტის დახმარებით, გაეროს შვედური ბანაკი მიზნად ისახავს იმ ლიდერების მომზადებას, რომლებიც მსოფლიოში არსებულ ყველაზე მწვავე სოციალურ საკითხებთან გამკლავებასა და უკეთესი საზოგადოების შექმნას შეძლებენ.

ბანაკის იდეა შემდეგში მდგომარეობს: სპორტი ქმნის ლიდერებს, რომლებსაც თავიანთ საზოგადოებაში რეალური ცვლილების განხორციელების პოტენციალი აქვთ, ხოლო განათლების მიზანია, ისინი საზოგადოებრივ ლიდერებადაც აქციოს და ხელი შეუწყოს მათ გასვლას სპორტული მოედნის მიღმა, მდგრადი ცვლილების განსახორციელებლად.

ორი დღის განმავლობაში(6-8 სექტემბერი) გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და Women Win-ის ფასილიტატორობით, ბანაკის მონაწილეების ყურადღება გენდერისა და სპორტის საკითხებს დაეთმო. გაეროს ქალთა ორგანიზაციის კომუნიკაციების სპეციალისტმა და სოციალური მედიის ხელმძღვანელმა ბეატრის ფრეიმ პარტნიორებს UN Women, მის მიერ განხორციელებული სამუშაო გააცნო და გენდერის ცნება განმარტა. ბეატრისმა ისაუბრა, თუ როგორ შეიძლება სპორტი სასარგებლო ინსტრუმენტი იყოს ქალებისა და ბავშვების გაძლიერებისთვის, რა შეიძლება გაკეთდეს იმ გამოწვევების დასაძლევად, რომლის წინაშეც გოგონები დგანან და სხვა.

ბანაკის მონაწილეები რაგბის სწავლობენ; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია
მაგალითის სახით გაეროს ქალთა ორგანიზაციის კომპონენტის მენეჯერმა და საქართველოს რაგბის კავშირის სოციალური პროექტების ხელმძღვანელმა ბანაკის მონაწილეებს საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქართველოს რაგბის კავშირის პროექტი წარუდგინეს, რომელიც გაერთიანებული ერების გენერალური მდივნის კამპანიის „გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ (UNiTE) ფარგლებში ხორციელდება. (http://endviolence.un.org/). ამ პროექტით მორაგბეები მხარს უჭერენ ნულოვან ტოლერანტობას ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობისადმი. პროექტი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში“ ფარგლებში, შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

ბანაკის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მოესმინათ საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მორაგბისა და საქართველოს რაგბის კავშირის სოციალური პროექტების ხელმძღვანელის ნოდარ ანდღულაძისთვის. ბანაკის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: http://uncampsweden.org

ამას გარდა, 9-10 სექტემბერს გაეროს ქალთა ორგანიზაციის კომპონენტის მენეჯერი და საქართველოს რაგბის კავშირის სოციალური პროექტების ხელმძღვანელი შეხვდნენ იმ ორგანიზაციებს, რომლებიც შვედეთში ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციის კუთხით მუშაობენ. შეხვედრებისას მოხდა ადგილობრივი სისტემის გამოცდილების და პრაქტიკის გაზიარება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამომავლოდ, ქართულ სისტემაში არსებული ნაკლოვანებების გამოსასწორებლად, რათა ქალთა და გოგონათა, ასევე ოჯახში ძალადობის პრევენცია და მათზე რეაგირება უფრო აქტიურად მოხდეს.

ამჟამად „შვედეთის ეროვნული სტრატეგია მამაკაცების მხრიდან ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ საქართველოში ოჯახში ძალადობის მიმართ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ (2016 და მომდევნო წლებისთვის) ახალი ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავებისთვის ინფორმაციის წყაროს წარმოადგენს. განსაკუთრებული ყურადღება იმ ნაწილებზე მახვილდება, რომლებიც ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციას, ასევე ეროვნული სამოქმედო გეგმის მონიტორინგისა და შეფასების მექანიზმებს ეხება. ამას გარდა ოჯახში ძალადობისა და გაუპატიურების მსხვერპლების/ამგვარი გამოცდილების მქონე პირებისთვის სერვისების მიწოდების შვედური გამოცდილება საქართველოში სამომავლოდ მსგავსი სერვისების შემუშავებისა და განვითარების საფუძვლად იქნება გამოყენებული.

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ თანამშრომლობა დაამყარა საფეხბურთო კლუბ „აიკის“ პროექტთან „ფეხბურთი ყველასთვის“ (http://aikfotboll.se/) და ორგანიზაციასთან „მამაკაცები გენდერული თანასწორობისთვის“ (http://www.mfj.se/en/). აღნიშული თანამშრომლობის დახმარებით შესაძლებელი გახდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის მუშაობის გაფართოება მამაკაცებსა და ვაჟებთან. ამ პროცესში სპორტი გამოყენებული იქნება, როგორც ინსტრუმენტი ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ. სპორტის ამგვარად გამოყენება შეცვლის მამაკაცურობის შესახებ დამკვიდრებულ იმ შეხედულებებს რომლებიც ქალთა მიმართ ძალადობრივი ქცევის წამახალისებელია.