გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით ქალ ფოტოჟურნალისტთა მრგვალი მაგიდა და ფოტოგამოფენა გაიმართა
თარიღი:
28 სექტემბერს „რა შეცვალეს ქალებმა ფოტოგრაფიაში?“ - ამ სახელწოდებით, თბილისის ფოტო ფესტივალი 2015 -ის ფარგლებში, 6 ცნობილი ქალი ფოტოჟურნალისტის მონაწილეობით მრგვალი მაგიდა და გამოფენა გაიმართა. ღონისძიების მხარდამჭერი გაეროს ქალთა ორგანიზაცი იყო და მას გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში ერიკა კვაპილოვა დაესწრო.
უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე გენდერული ბალანსი ფოტოჟურნალისტიკაში რადიკალურად შეიცვალა. სამხრეთ კავკასიის რეგიონშიც სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების დასაცავად და სოციალურ პრობლემებზე სასაუბროდ ხმა სწორედ ქალმა ფოტოჟურნალისტებმა აიმაღლეს. რა არის ის ავთენტური და გამორჩეული ხელწერა, რომელიც ქალს ამ პროფესიაში შეაქვს? - მრგვალი მაგიდის მიმდინარეობისას სწორედ ამ თემებზე იმსჯელეს.
ფოტოჟურნალისტებს შორის იყვნენ ნიუშა თავაქოლიანი (Magnum Photos), იუსტინა მელნიკევიჩი (Getty Reportage), რენა ეფენდი, ანკა გუჯაბიძე, ნაზიკ არმენაკიანი(4 Plus) და ანაჰიტ ჰაირაპეტიანი(4 Plus). მოდერატორი: ნატალია ანთელავა (Coda Story-ის თანადამფუძნებელი).
მრგვალი მაგიდის შემდეგ ქალი ფოტოჟურნალისტების ნამუშევრების ფოტო პროექცია გაიმართა, რომელზეც სწორედ მათი თვალით დანახული ისტორიები იყო წარმოდგენილი.