ტრენინგი შშმ პირების, ეთნიკური უმცირესობებისა და ბავშვების შესახებ საერთაშორისო კონვენციების გენდერულ ასპექტებზე

თარიღი:

ტრენინგი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთვის; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია
1-3 ივლისს გაეროს ქალთა ორგანიზაციამ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთვის ქობულეთში შშმ პირების, ეთნიკური უმცირესობებისა და ბავშვების შესახებ საერთაშორისო კონვენციების გენდერული ასპექტების შესახებ სამდღიანი ტრენინგი ჩაატარა. ტრენინგს პრობაციის დეპარტამენტის, სასჯელაღსრულების სასწავლო ცენტრის, სამედიცინო დეპარტამენტის, ეროვნული პრობაციის სააგენტოს, სამართლებრივი და PR დეპარტამენტების რამდენიმე ათეული თანამშრომელი ესწრებოდა.

მონაწილეებმა ცოდნა ისეთ საკითხებთან მიმართებაში გაიღრმავეს, როგორიცაა ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო და ეროვნული მექანიზმები, შშმ პირების უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის იმპლემენტაციასთან დაკავშირებული ვალდებულებები და მათი დაცვისთვის გამოყენება, შშმ პირთა უფლებების მონიტორინგი და დაცვა, ბავშვთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის პრინციპები, მუხლები და ეროვნულ დონეზე არსებული გამოწვევები, ადრეული ქორწინებების პრობლემები და მისი სოციალურ-სამართლებრივი შედეგები.

ტრენინგის თემატიკას ასევე წარმოადგენდა: ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის ძირითადი კონცეფციები, შშმ ქალების სპეციალური საჭიროებები და საერთაშორისო მიდგომები, ეთნიკური უმცირესობების პრობლემები და ის საერთაშორისო ინსტრუმენტები, რომლებიც სახელმწიფო მხარეების ვალდებულებებს განსაზღვრავენ, ეთნიკური უმცირესობების გამოწვევები საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე, დისკრიმინაციის აკრძალვის საერთაშორისო და შიდა სტანდარტები ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად. გენდერული ასპექტები ყველა სასწავლო მოდულის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა.

“მე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამართლებრივ დეპარტამენტში ვმუშაობ. ტრენინგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, რადგან ურთიერთობა შშმ პირებთან, ეთნიკურ უმცირესობებთან, ქალებთან და არასრულწლოვანებთან ხშირად მიწევს. ცოდნის შეძენა და არსებული საერთაშორისო თუ ადგილობრივი მექანიზმების გამოყენების შესაძლებლობა ჩემთვის დიდი დახმარებაა“,- განაცხადა სამართლებრივი დეპარტამენტის იურისტმა თეონა გონაშვილმა.

„როგორც პენიტენციალური სისტემის ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულების ექიმს, პატიმრებთან ყოველდღიური ურთიერთობა მაქვს. ტრენინგმა მნიშვნელოვანი ინსტრუმენტები შემძნა, რაც შშმ პირებთან, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან, არასრულწლოვნებთან და ქალ პატიმრებთან ურთიერთობაში დამეხმარება. ვფიქრობ, ეს ტრენინგი პენიტენციალური სისტემის სამედიცინო დეპარტამენტის სრულმა შემადგენლობამ უნდა გაიაროს“, - განაცხადა პენიტანციალური სამედიცინო დაწესებულება #18-ის ექიმმა ნატალია ნალიკაშვილმა.