თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებმა ემმა ვოტსონთან ვიდეოკონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს

თარიღი:

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში HeForShe-ს ფარგლებში შეხვედრა გაიმართა

გაეროს ახალგაზრდა დელეგატმა და მამაკაცების სოლიდარობის კამპანიის HeForShe-ს წევრმა ლაშა შაყულაშვილმა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისის მხარდაჭერით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებისათვის ემა ვოტსონთან ვიდეოკონფერენცია მოაწყო.

ვიდეოკონფერენციაში მონაწილეობას სხვადასხვა უნივერსიტეტის 40 სტუდენტი ღებულობდა. ახალგაზრდებმა ისაუბრეს თავიანთ გამოცდილებაზე, გენდერის მეინსტრიმინგის აუცილებლობაზე განათლების სისტემაში, საზოგადოებრივ ცხოვრებასა და კერძო სექტორში. „სამუშაოზე აყვანისას, როდესაც მეკითხებიან ვარ თუ არა დაოჯახებული და ვგეგმავ თუ არა შვილის ყოლას, ძალიან ვღელავ ხოლმე, რადგან ვაცნობიერებ, რომ როდესაც დედა გავხდები, ჩემი უფლებები - მქონდეს დეკრეტული შვებულება დაცული არ არის,-“ აღნიშნა ერთ-ერთმა სტუდენტმა გოგონამ. “სოფლად მცხოვრები ქალები სამეურნეო საქმიანობაში აქტიურ მონაწილეობას ღებულობენ, მაგრამ ისინი ნაკლებად არიან ჩართულები სოფლის შეკრებებში და არ მონაწილეობენ სათემო გადაწყვეტილებში. ქალები კაცებთან არათანაბარ მდგომარეობაში იმყოფებიან და არ აღიქმებიან “სერიოზულად”,- აღნიშნა მონაწილე სტუდენტმა ბიჭმა, რომელიც სოფლად სხვადასხვა პროექტზე მუშაობს.

ღონისძიება ორგანიზებული იყო გენდერული კვირეულის ფარგლებში ახალგაზრდული ორგანიზაციის „ქართველი ახალგაზრდები მომავლისათვის“ მიერ. ღონისძიებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობდა. ლაშა შაყულაშვილი მიმდინარე წელს, კამპანია HeforShe-ის ფარგლებში, ახალგაზრდებთან არაერთი შეხვედრის გამართავას გეგმავს.