სოფლად მაცხოვრებელი ქალების საერთაშორისო დღე

„პროგრესიდან“ პროგრესამდე

თარიღი: სამშაბათი, 14 ოქტომბერი, 2014 წელი

მაია ფიფია; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია
მაია თავის სტიქიაშია: ქობულეთში, ტრენინგზე პროექტების წერაში კვალიფიკაციას იმაღლებს. თან იმ პრობლემებზე ფიქრობს, რომლებიც ანაკლიაში აწუხებთ. ეს ცოდნა ჯგუფის სხვა წევრ ქალებსაც უნდა გაუზიაროს. მერე ერთად მოიფიქრებენ, რომელი პრობლემაა ამჟამად ყველაზე აქტუალური და შესაბამის პროექტსაც ერთად დაწერენ.

ტელეფონი ურეკავს...ალბათ სახლიდან არიან. მისი შვილია მაკა: ეუბნება, რომ „თეთრა“ ცუდად იქცევა, მოწყენილია და არ იწველება. როგორც ჩანს, მაიას გარდა ისევ არავის იკარებს. კამეჩს ასეთი თვისება აქვს: მხოლოდ იმას უშვებს მოსაწველად, ვინც უვლის.. როგორ ცნობს? სუნით...ეს უკვე მაიას მეორე სტიქიაა: ოჯახი, საქონელი, წიწილები, ბოსტანი, ხეხილის ბაღი, სადილი და.. მოკლედ, საქმეს რა გამოლევს...

მაია ფიფია 50 წლისაა, პროფესიით ბიოლოგი ანაკლიაში ცხოვრობს...უკვე სამი წელია განსხვავებულად. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ მდგმურად ფონდ „ტასოს“ წევრები ესტუმრნენ. ერთხელაც ყური მოკრა, რომ ისინი გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად მეზობელ კოკსა და ორსანტიაში მცხოვრებ მოხალისე ქალებს სათემო მობილიზაციის პროექტების განხორციელებაში ეხმარებოდნენ.
მაიას იდეა მოეწონა და დაინტერესდა, იყო თუ არა შესაძლებელი მოხალისეების ანაკლიაში შეკრება. იცოდა, მის სოფელში ნამდვილად იყვნენ ქალები, რომლებსაც ასევე უნდოდათ თემისთვის სასარგებლო საქმეების კეთება, ამიტომ ინიციატივა ანაკლიაშიც წარმატებით იმუშავებდა. უთხრეს, რომ ყველაფერი მათ აქტიურობაზე იყო დამოკიდებული.

რადგანაც პროექტი დევნილი ქალების ჩართულობას ითვალისწინებდა, პირველად ნინოს დაურეკა, აფხაზეთიდან დევნილ მეგობარს და იდეაც მას გაანდო. „ნინო ფიზიკის და ინფორმატიკის მასწავლებელია.. ძალიან აქტიური ქალი. „ტასოს“ თანამშრომლების დატოვებული წესდება წავაკითხე, ძალიან მოეწონა. მივხვდით, რომ სულაც არ იყო რთული ამის გაკეთება. ჩვენი ინიციატივა მეზობლად მცხოვრებ, ასევე დევნილ ქალებს გავუზიარეთ. საბოლოოდ ჯგუფში ექვსი მოხალისე შევიკრიბეთ და მას „პროგრესი“ დავარქვით“,-იხსენებს მაია.

წესდების მიხედვით მოიქცნენ: სალარო შექმნეს და პირველი მცირე თანხაც შეიტანეს. თუმცა უცებ აღმოჩნდა, რომ სურვილის მიუხედავად, განხორციელების გზები ბუნდოვანი იყო. რა უნდა ეკეთებინათ, წესიერად არცერთს არ ჰქონდა წარმოდგენილი. მხოლოდ ის იცოდნენ, რომ სოფლის საჭიროებები უნდა შეესწავლათ და შესაბამისი პროექტი დაეწერათ. ჯგუფის წევრები მაიას სახლში იკრიბებოდნენ და რატომღაც ჯიუტად მხოლოდ ერთ იდეას უტრიალებდნენ: „ჰიბრიდული ჯიშის სიმინდის დათესვას ვაპირებდით, სხვა არაფერი გვაფიქრდებოდა. ახლა რომ გვახსენდება, გვეცინება“,-ამბობს მაია.

მალე ფონდ „ტასოს“ ხელმძღვანელი მარინა თაბუკაშვილი ესტუმრათ. უთხრეს, რომ პროექტში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებდნენ და ანაკლიელი ქალების ცხოვრებას ოდნავ მაინც შეცვლიდნენ.

***
დაიწყეს და პროგრესული ამბიციებიც გაჩნდა: მაიას სახლში შეკრებები აღარ მოეწონათ, გეგმების განსახორციელებლად ოთახი სჭირდებოდათ, რომელსაც მალე მიაგნეს კიდეც: გამგეობაში, 9 კვადრატული მეტრის ფართობის, უჭერო, უიატაკო, ჩამონგრეულკედლებიან სივრცეს... მაინც ბედნიერები იყვნენ: ყველაფერი საკუთარი ხელით შეაკეთეს, ცნობისმოყვარე ანაკლიელ ქალებს კი გულმოდგინედ უყვებოდნენ პროექტის, მოხალისეობის, სათემო მობილიზაციისა და აქტივისტობის შესახებ: „ყველას აინტერესებდა იმ ოთახში რა ხდებოდა. ერთ დროს ზუგდიდში ბიოლოგიის მასწავლებელი ვიყავი, მაგრამ მერე გავთხოვდი, თან ამას 90-იანი წლების კოშმარიც დაემატა.. მოკლედ, 20 წელი პრაქტიკულად სახლში ვიჯექი და მხოლოდ საოჯახო საქმეებით ვიყავი დაკავებული. მეუღლის სიკვდილის შემდეგ მძიმე წლები გავიარე, მარტოს მიწევდა ყველაფერზე ფიქრი და ჩემი ყოველდღიური ცხოვრება მთლიანად ოჯახს უკავშირდებოდა. უცებ რომ სამსახურში გავედი, ყველას გაუკვირდა. ყველას აინტერესებდა, რა იყო საქმე, რომლისთვისაც მე დრო გამოვნახე“,-ჰყვება მაია.

როცა პროექტის შესახებ შეიტყვეს, მოხალისეობის სურვილი სხვა ქალებსაც გაუჩნდათ. „პროგრესს“ მეორე თვითდახმარების ჯგუფიც შეემატა და ამასობაში საგრანტო კონკურსიც გამოცხადდა.

პირველი გრანტით ორი კომპიუტერი შეიძინეს და ანაკლიაში კომპიუტერული ცენტრი გახსნეს. ინფორმატიკის მასწავლებელ ნინოს ადგილობრივებისთვის მორყეულ და ლურსმნებით დაჭედებულ მაგიდებზე კომპიუტერული პროგრამები უნდა ესწავლებინა. ცენტრი იმდენად პოპულარული გახდა, რომ ყველა მსურველი ვერ მიიღეს. მათ, ვისაც გაუმართლა, 6 თვის შემდეგ სერტიფიკატები გადასცეს. დღეს ბევრი მათგანი დასაქმებულია: საბავშვო ბაღის გამგედ, გამგეობის სპეციალისტად, ბანკის ფილიალებში, სასტუმროებში...

მალე მეორე - სათემო მობილიზაციის პროექტი წამოიწყეს. კარადა და მაგიდები შეიძინეს, აქტივისტებს, რომელთა რიცხვი სულ უფრო იზრდებოდა, ტრენინგებს უტარებდნენ. ანაკლიელი ქალები მაიასთან პროექტში ჩართვის სურვილით მიდიოდნენ. მეორე თვითდახმარების ჯგუფს მესამე მოჰყვა, მესამეს - მეოთხე, მეოთხეს - მეხუთე. უკვე იმდენნი იყვნენ, რომ შეეძლოთ ფონდის შექმნაზეც ეფიქრათ.

ფონდი „ნეფა“, რომლის დირექტორიც მაია ფიფიაა, 2012 წლის 12 ივნისს დაიბადა. დაარსებისთანავე „ნეფამ“ ანაკლიასა და კახათში სოციალური თანასწორობის პროექტის განხორციელება დაიწყო. ჯერ სოფლის საჭიროებები გამოიკვლიეს: აღმოჩნდა, რომ განსაკუთრებით სასკოლო ავტობუსის არქონა აწუხებდათ. ბავშვებს 5 კილომეტრის გავლა წვიმაში, ქარსა და თოვლში ფეხით უწევდათ. „ნეფას“ აქტიურობამ შედეგი გამოიღო: დღეს მათ სკოლის ავტობუსი ემსახურებათ და გზებიც მოხრეშილია. უყურადღებოდ არც ბაღის ბავშვები დაუტოვებიათ: გრანტით ავეჯი შეუძინეს და აჩუქეს.

ფონდის წევრი ქალები მხოლოდ ამით არ შემოფარგლულან: ბიომეურნეობა გააშენეს, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების მოყვანის პროექტი განახორციელეს და თანასოფლელები დაასაქმეს. მერე ერთ-ერთი ჩეხური ორგანიზაციის მხარდაჭერით, ანაკლიაში დოკუმენტური ფილმების ორდღიანი ფესტივალი ჩაატარეს და მაყურებელს მშვიდობის, ქალების მიგრაციისა და ძალადობის თემებზე გადაღებული ფილმები აჩვენეს. პარალელურად, მოხალისეებს პროექტების წერასთან დაკავშირებით ტრენინგებს უტარებდნენ და საკუთარ გამოცდილებას უზიარებდნენ.

თავად „ნეფამ“ სამი გრანტი გასცა, რომელთა ფარგლებშიც, ანაკლიაში სამედიცინო ცენტრი გაკეთდა, შეიქმნა ბიბლიოთეკა, მშობელთა და დებატ კლუბები. ახლა კიდევ ერთი კონკურსის შედეგებს ელოდებიან. განაცხადები უკვე შეტანილია, ჯერ არ იციან, რომელი დაფინანსდება: ხელოვნების სახლი, სადაც მსურველებს ბისერებით ქარგვას, ჭრა-კერვას, ნაკეთობებისა და სუვენირების დამზადებას ასწავლიან, კულინარიის კურსების პროექტი თუ ლიდერთა სკოლა.

პარალელურად ევროკავშირის მხარდაჭერით, ანაკლიის ისტორიის შესახებ დოკუმენტური ფილმის გადაღებაზე მუშაობენ და ფესტივალის ჩატარებისთვის უკვე მეორედ ემზადებიან. მაია ამბობს, რომ ყველა პროექტმა შედეგი მოიტანა. აგურს აგური ედებოდა და კედელი აშენდა. „რა თქმა უნდა, არ არის მარტივი მცირე ბიუჯეტით პროექტის კეთება, მაგრამ სულ ვცდილობდით ერთი თეთრიც კი დანიშნულებით გამოგვეყენებინა. ამან მნიშვნელოვნად განაპირობა ჩვენი წარმატება. ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ადგილობრივ თვითმმართველობასთანაც. მთლიანად ვართ ჩართულები თემის ცხოვრებაში“,-აღნიშნავს ის.

***
მაიას დილა 7 საათზე იწყება... პირველ რიგში სტუდენტ მაკას უმზადებს საუზმეს, მერე მეურნეობის ჯერია: სამ ძროხას და კამეჩს უნდა მიხედოს. ამასობაში მდგმურები სამსახურში მიდიან და სახლის პირველი სართული უნდა დაალაგოს. გამოთვლილი აქვს: ამ ყველაფრისთვის 2 საათი და 20 წუთი სჭირდება. მერე ზედა სართულის ჯერია: ალაგებს და თან სადილს ამზადებს. ორის ნახევარზე ოფისში მიდის, 7-ზე ბრუნდება. ისევ საქონელი, წიწილები.. ასე გრძელდება ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით... ყოველდღიურ საქმიანობას ზოგჯერ ხეხილის ბაღი, ბოსტანი, მოსავლის აღება და შეშის მოტანა ემატება.

„ამ ყველაფერს, ცხადია, უნდა მივხედო, მაგრამ ფონდის გარეშე ცხოვრება ვეღარ წარმომიდგენია. აი, გუშინ ფაცხაში პამიდორს ვადუღებდი, ძალიან დაღლილი ვიყავი, მაგრამ ნინომ რომ დამირეკა და მითხრა - ქალები აქ არიან, პროექტებზე მუშაობენ, იქნებ მოხვიდე, დავეხმაროთ და რჩევა მივცეთო, მაშინვე წავედი...საშინაო საქმეებით თითქოს სულ მოუცლელი ვიყავი, მაგრამ აღმოვაჩინე, რომ როცა რაღაცის გაკეთება გინდა, ყოველთვის შეძლებ შეთავსებას. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახს ვარჩენ და ბოლო პროექტში 72 ლარი მქონდა ხელფასი, მთავარი ფული მართლაც არ არის. უბრალოდ მსიამოვნებს, იმიტომ რომ ვიცი, სასარგებლო საქმეს ვაკეთებ,-„ამბობს მაია.

გარდა იმისა, რომ პროექტებში აქტიურადაა ჩართული, ფონდის ბუღალტრის ფუნქციასაც ითავსებს. ყველაფერი ნულიდან ისწავლა და დღეს ამბობს, რომ თეთრს თეთრზე აჯენს. მაიას ცხოვრება უკვე სულ სხვა რიტმშია. მისი წყალობით კი ამ რიტმზე ბევრი სხვა ანაკლიელი ქალი გადაერთო.

„რა დროსაც არ უნდა მოხვიდეთ, ჩვენს ოფისში ტევა არ არის. უამრავი მივიღეთ წევრად და კიდევ ბევრს აქვს სურვილი. ეს ქალები ამ პროექტმა გამოიყვანა სახლებიდან. არადა, გგონიათ თავიდან ყველაფერი ასე მარტივი იყო? პირიქით... სკეპტიკურად გვიყურებდნენ, ბევრს არ სჯეროდა, რომ რამის გაკეთებას შევძლებდით. ვერც იმას ხვდებოდნენ, რატომ ვიმატებდით თემზე ზრუნვას. დღეს ამაზე უკვე მეღიმება, იმიტომ რომ ყველაფერს სხვანაირად აფასებენ, სხვა თვალით უყურებენ. ერთ დიდ ოჯახად ვცხოვრობთ. ზოგჯერ მაკაც მოდის ხოლმე სტუმრად. ახლა ახლაგაზრდული ჯგუფების შექმნა იგეგმება და შეიძლება ისიც ჩაერთოს. უფროსი ქალიშვილი ეკა ასევე მოხალისე იყო და ახლა ფონდ „ტასოში“ ასისტენტად მუშაობს. გვინდა, რომ უფრო მეტი გავაკეთოთ. ვნახოთ, ქვეყანა ერთბაშად არ შენდება“,-ამბობს მაია.

უფრო მეტის გაკეთებისთვის მაია მალე მომდევნო ტრენინგზე წავა.. „თეთრას“ კი ისევ მოუწევს მოწყენა...
მსგავსი სიახლეები

დაკავშირებული ამბები