გაეროს ქალთა ორგანიზაცია პარტნიორებს სექსუალური შევიწროების გასაჩივრების მექანიზმების დანერგვაში ეხმარება

თარიღი: შაბათი, 1 ივნისი, 2019 წელი

იმ ორგანიზაციების კორპორაციული კულტურა და სამუშაო გარემო, რომლებთანაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია ქალთა გაძლიერების მიმართულებით სხვადასხვა პროექტის ფარგლებში თანამშრომლობს, გენდერულად მგრნობიარე და დისკრიმინაციისგან თავისუფალი უნდა იყოს.

ენდერული თანასწორობის, ქალთა უფლებებისა და სექსუალური შევიწროების საკითხებზე ორდღიანი ტრენინგი საქართველოს ფერმერთა ასოციაციის 30-ზე მეტმა თანამშრომელმა გაიარა
გენდერული თანასწორობის, ქალთა უფლებებისა და სექსუალური შევიწროების საკითხებზე ორდღიანი ტრენინგი საქართველოს ფერმერთა ასოციაციის 30-ზე მეტმა თანამშრომელმა გაიარა; ფოტო: საქართველოს ფერმერთა ასოციაცია

ამ მიზნით, გაეროს ქალთა ორგანიზაცია პარტნიორებისთვის ცნობიერების ასამაღლებელი აქტივობების ჩატარებას აგრძელებს. ამჯერად გენდერული თანასწორობის, ქალთა უფლებებისა და სექსუალური შევიწროების საკითხებზე ორდღიანი ტრენინგი საქართველოს ფერმერთა ასოციაციის 30-ზე მეტმა თანამშრომელმა გაიარა.

ტრენინგი სხვადასხვა თემას დაეთმო, მათ შორის, გენდერული ნიშნით ძალადობასა და დისკრიმინაციას, ოჯახში ძალადობისგან დაცვისა და დახმარების სერვისებს, ასევე, ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას, შრომის გენდერულ განაწილებასა და არაანაზღაურებად შრომას. აღსანიშნავია, რომ ფერმერთა ასოციაცია უკანასკნელი თვეების განმავლობაში, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, სექსუალური შევიწროების გასაჩივრების მექანიზმის დანერგვაზე მუშაობს. ტრენინგის მიმდინარეობისას ამ მექანიზმის საბოლოო ვერსიაც დაამტკიცდა.

„ყოველდღიურ ცხოვრებაში ძირითადად იმ პრინციპებით ვხელმძღვანელობთ, რომლებიც განვითარებასთან ერთად ჩამოგვიყალიბდა, რაზეც გარკვეული გავლენა აუცილებლად მოახდინა ქვეყანაში არსებულმა ზოგადმა სიტუაციამ, ტრადიციებმა თუ სტერეოტიპებმა. შესაბამისად, ეს გავლენა ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაზე, გადაწყვეტილებებსა თუ ქცევებზე აისახება. ტრენინგმა გენდერულ თანასწორობასა და დისკრიმინაციულ მიდგომებზე ღირებული ცოდნა მომცა. დამაფიქრა ბევრ იმ წვრილმან დეტალზე, რომლისთვისაც შესაძლებელია, მანამდე არ მიმექცია ყურადღება“, - აღნიშნა ტრენინგის დასრულების შემდეგ საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ნონიაშვილმა.

გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან 2016 წლიდან თანამშრომლობს. ამჟამად ასოციაცია გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“ ერთი-ერთი კომპონენტის, ქალთა მეწარმეობის წახალისების განმახორციელებელია.

აღსანიშნავია, რომ ანალოგიური ტრენინგები გაეროს ქალთა ორგანიზაციამ მიმდინარე წელს კიდევ ერთი პარტნიორისთვის, ფინანასთა სამინისტროს აკადემიისთვისაც ჩაატარა. პარტნიორთა ტრენინგები პროექტის „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის“ ნაწილს წარმოადგენს. იგი გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ, ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.