ჟურნალისტები ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ადვოკატირებისთვის

თარიღი: სამშაბათი, 25 ივნისი, 2019 წელი

ქალთა საკითხების სიღრმისეულად გაშუქებისა და გენდერული თემატიკის ადვოკატირებაში ჩართულობის მიზნით, გაეროს ქალთა ორგანიზაცია ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებთან ინტენსიურად თანამშრომლობს.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის მონაწილემ, ქართული ვაშლის ჩიფსის,
გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის მონაწილემ, ქართული ვაშლის ჩიფსის, "ენკენის" ერთ-ერთმა შემქმნელმა თამარ შეითნიშვილმა ჟურნალისტებს საკუთარი ბრენდი გააცნო; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

ამ თანამშრომლობის ფარგლებში, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, პერიოდულად ჟურნალისტებთან საინფორმაციო შეხვედრები და ტრენინგები იმართება, რომლებიც ხელს უწყობს გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და მისი პარტნიორების საქმიანობის დეტალურ გაცნობა-გაშუქებას და, ამავდროულად, აღრმავებს ჟურნალისტების ცოდნას ქალთა საკითხებისა და გენდერულად მგრძნობიარე გაშუქების მიმართულებებით.

24-25 ივნისს ასეთი შეხვედრა რეგიონული მედიის ჟურნალისტებისთვის ჩატარდა და მის მთავარ თემას ქალთა ეკონომიკური გაძლიერება წარმოადგენდა. შეხვედრას ქვეყნის 7 რეგიონის წამყვანი მედიასაშუალებების 17 ჟურნალისტი დაესწრო.

გენდერი და ეკონომიკა: როგორია გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიდგომები და საქართველოში ხელმისაწვდომი ინდიკატორები - გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის ანალიტიკოსი ნანი ბენდელიანი მედიის წარმომადგენლებს ამ თემებზე ესაუბრა და მათთან ერთად ქვეყანაში არსებული სიტუაცია მიმოიხილა. საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ კი მონაწილეებთან შეხვედრისას ყურადღება ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში ქალთა როლზე გაამახვილა.

“როდესაც ქალის ძალიან მნიშვნელოვანი შრომა და როლი რიცხვებშია დათვლილი, სულ სხვა კუთხიდან იწყებ საკითხის გაანალიზებას. ჟურნალისტს გააზრებული უნდა ჰქონდეს ეს თემა, აცნობიერებდეს, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ მედიამ საზოგადოებასაც და თავად ქალებსაც აჩვენოს, როგორ ღირებულ როლს ასრულებენ ისინი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. ჟურნალისტებმა უნდა წარმოაჩინონ, რომ ქალებისა და კაცების თანაბარი ძალებით შესაძლებელია ცხოვრების დონე უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანო“, - აღნიშნა ტრენინგის ერთ-ერთმა მონაწილემ, სათემო რადიო „მარნეულის“ დირექტორმა კამილა მამედოვამ.

რეგიონული მედიის წარმომადგენლებმა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების საკითხების გაშუქების სპეციფიკაზეც იმსჯელეს. ტრენინგის ბოლო ნაწილში კი მათ გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის მონაწილემ, ქართული ვაშლის ჩიფსის, „ენკენის“ ერთ-ერთმა შემქმნელმა თამარ შეითნიშვილმა საკუთარი ბრენდი და მისი შექმნის ისტორია გააცნო.

რეგიონული მედიის ტრენინგი პროექტების "ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში" და "ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში" ფარგლებში, ნორვეგიის მთავრობის, შვეიცარიის განვითარების სააგენტოსა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.