კომპანიები ქალთა გაძლიერებას მენტორობის დახმარებით უჭერენ მხარს

თარიღი:

გაეროს ქალთა ორგანიზაციის მენტორობის პროგრამაში მონაწილეობა საქართველოში მოქმედი ექვსი კომპანიისთვის ინსპირაციად იქცა. ქალთა გაძლიერების მიზნით, მათ ეს პროგრამა საკუთარ სამსახურებრივ სივრცეებშიც დაიწყეს, თანამშრომლებს შორის 60-ზე მეტი მენტორი შეარჩიეს და ყველა მათგანი შესაბამისად გადაამზადეს.

29-30 ივნისს, ციხისძირში, 11-მა კომპანიამ ქალთა გაძლიერების მენტორინგი განიხილა
29-30 ივნისს, ციხისძირში, 11-მა კომპანიამ ქალთა გაძლიერების მენტორინგი განიხილა; ფოტო: ედო მჟავანაძე 

თანამედროვე მსოფლიოში კომპანიები საკუთარი თანამშრომლების უნარების ამაღლებისა და სამუშაო პროცესში მეტი ჩართულობისთვის მენტორობას სულ უფრო ხშირად იყენებენ. აღსანიშნავია, რომ ეს მექანიზმი პოზიტიურ გავლენას ახდენს სამსახურში მრავალფეროვნების ხელშეწყობაზეც. საქართველოში მენტორობა შედარებით ახალია, ამიტომ გასულ წელს გაეროს ქალთა ორგანიზაციამ გადაწყვიტა, იგი დაინტერესებული კომპანიების საპილოტე ჯგუფისთვის წარედგინა.

29-30 ივნისს მენტორობის პროგრამაში ჩართული კომპანიების წარმომადგენლები ციხისძირში შეიკრიბნენ და საკუთარი მიღწევები თუ გამოწვევები განიხილეს. შეხვედრის მონაწილეებს შორის იყვნენ კომპანიების ადამიანური რესურსების მენეჯერები, გაეროს ქალთა ორგანიზაციის საპილოტე პროგრამაში ჩართული მენტორები (30-მდე) და ის ადამიანები, რომლებმაც პროგრამა თავად გაიარეს.

კომპანიებმა მენტორინგის შესახებ საკუთარი გამოცდილებები წარადგინეს
კომპანიებმა მენტორინგის შესახებ საკუთარი გამოცდილებები წარადგინეს; ფოტო: ედო მჟავანაძე

ქართული კომპანია „დიო“, რომელიც ალუმინის კარ-ფანჯრებსა და ჟალუზებს აწარმოებს, ერთ-ერთი ის ორგანიზაციაა, რომელმაც საკუთარი მენტორობის პროგრამა დაიწყო. მან ინიციატივაში როგორც კაცი, ისე ქალი მენტორები და ქალი თანამშრომლები ჩართო. „აგვისტოს ბოლოს კომპანიაში უკვე პირველი ეტაპი გვექნება გავლილი. სექტემბერში შესრულებული სამუშაოს შესახებ პრეზენტაციას გავმართავთ და ახალ, დაინტერესებულ კადრებს მოვიწვევთ, რათა ისინი მენტორების გუნდს შეუერთდნენ. შემდეგ კი მათ თანამშრომლებთან დავაწყვილებთ“,- აღნიშნა „დიო“-ს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსმა ნათია ქუთიძემ.

კომპანიების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მენტორობამ პოზიტიური სამუშაო კულტურის დამკვიდრებას შეუწყო ხელი. კოლეგებს უფრო მეტად სურთ, საკუთარი ცოდნა ერთმანეთს გაუზიარონ. დასაქმებულებმა აღნიშნეს, რომ მენტორობამ მათთვის კარიერული განვითარების ახალი შესაძლებლობები გამოავლინა და გააძლიერა შეგრძნება, რომ ისინი სამსახურში საერთო მიზნისთვის მუშაობენ. მენტორობის პროგრამაში ჩართვის შემდეგ რამდენიმე მათგანი დაწინაურდა კიდეც.

„2018 წლის სექტემბერში დამიქირავეს, მენტორობა ჩვენს კომპანიაში სწორედ მაშინ დაიწყო. თავდაპირველად ინფორმაციის მენეჯერი ვიყავი, ახლა კი ადამიანური რესურსების მენეჯერი ვარ“, - ასე აღწერა მადონა კეჟერაძემ საკუთარი გამოცდილება ბათუმის სკოლაში „ევრო-2000“.

გაეროს ქალთა ორგანიზაციასა და კომპანიებს შორის მენტორობაზე მიმართული თანამშრომლობა პროექტის „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის“ ფარგლებში მიმდინარეობს, რომელიც ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერაა დაფინანსებული.