სომხეთის კერძო სექტორი ქალთა გაძლიერების პრინციპების დანერგვაზე მუშაობას იწყებს

თარიღი: პარასკევი, 28 ივნისი, 2019 წელი

სოციალური მედია მარკეტინგისა და ვებგვერდების დიზაინის მიმართულებით უნარების განვითარება ერთ-ერთი ის ხერხია, რომლითაც კერძო სექტორს სოციალურად დაუცველი ქალებისთვის ეკონომიკურ დამოუკიდებლობაში დახმარება შეუძლია. აღნიშნული იდეა სარეკლამო კომპანია McCann-ს ეკუთვნის.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში ერიკა კვაპილოვა და სომხეთის კერძო სექტორის წარმომადგენლები გენდერული თანასწორობის მნიშვნელობაზე მსჯელობენ
გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში ერიკა კვაპილოვა და სომხეთის კერძო სექტორის წარმომადგენლები გენდერული თანასწორობის მნიშვნელობაზე მსჯელობენ; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

ქალთა გაძლიერებაში კერძო სექტორის ჩართვის ხელშეწყობის მიზნით, გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისმა და გაეროს განვითარების პროგრამის სომხეთის ოფისმა ტრენინგი - ქალთა გაძლიერების პრინციპები - თანასწორობა ნიშნავს ბიზნესს ჩაატარეს. ტრენინგს მარკეტინგის, სტუმარ-მასპინძლობის ბიზნესის, განათლებისა და ფინანსების სფეროებში მომუშავე 14 სომხური კომპანიის 23 წარმომადგენელი ესწრებოდა, მათ შორის, აღმასრულებელი დირექტორები, აღმასრულებელი დირექტორების მოადგილეები, ბიზნესის განვითარების მენეჯერები და ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტები.

კომპანიების წარმომადგენლებს წარმოდგენა შეექმნათ, თუ როგორ უნდა შემუშავდეს და განხორციელდეს კორპორაციული პოლიტიკა და პრაქტიკა გენდერული საკითხების გათვალისწინებით, როგორ უნდა გაუმჯობესდეს ქალებისთვის ღირსეულ სამუშაო ადგილებზე წვდომა და როგორ უნდა მოხდეს ქალების კუთვნილი მეტი კომპანიის ჩართვა მიწოდების ჯაჭვებში.

McCann-ერევნის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის, ირინა ჩალტიკიანის თქმით, ტრენინგის შედეგად, მან იგრძნო „სტიმული, რომ ხელი მოეწერა ქალთა გაძლიერების პრინციპებისთვის და ჩამოეყალიბებინა სამოქმედო გეგმა, რომლის მეშვეობითაც [McCann-ის] პოლიტიკა უფრო მეტად გაითვალისწინებდა გენდერულ საკითხებს და ხელს შეუწყობდა თემში ქალთა გაძლიერებას“.

ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სულ უფრო მეტად მიიჩნევა ყველა ადამიანისთვის მდგრადი განვთარების მიღწევის წინაპირობად. ამავდროულად, აღნიშნულ პროცესში კერძო სექტორის როლიც აღიარებულია. მსოფლიოს მასშტაბით ეკონომიკის ზრდის დასაჩქარებლად, ერთ-ერთი მთავარი საკითხი ეკონომიკაში ქალთა სრული, კაცების თანასწორი მონაწილეობის წინაშე არსებული დაბრკოლებების აღმოფხვრაა. ბოლო დროს ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ სომხეთში შრომის ბაზარზე ქალთა მონაწილეობა 33%-ით დაბალია კაცების მონაწილეობაზე. შრომის ბაზრის ვერტიკალური და ჰორიზონტალური სეგრეგაცია აჩვენებს, რომ ქალები დაბალანაზღაურებად სექტორებსა და პოზიციებზე ჭარბად არიან წარმოდგენილები. ამას გარდა, სომხეთში უმუშევარი ქალების 48% მიზეზად ოჯახურ მოვალეობებს ასახელებს და მართლაც, ქალებსა და კაცებს შორის შრომის ბაზარზე საქმიანობაში მონაწილეობის განსხვავების მთავარი მიზეზი ოჯახზე ზრუნვის პასუხისმგებლობაა. ამავდროულად, როდესაც ქალები მუშაობენ, მათი ანაზღაურება ანალოგიური სამუშაოს შესრულებისთვის კაცების ანაზღაურების მხოლოდ 37%-ია.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისმა, გაეროს განვითარების პროგრამის სომხეთის ოფისთან თანამშრომლობით, სომხეთში კერძო კომპანიებთან გენდერული თანასწორობის დამკვიდრების ხელშესაწყობად თანამშრომლობა დაიწყო. შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს და ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული ინიციატივის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ მიზანია, 2020 წლისთვის კერძო სექტორიდან მინიმუმ 20 პარტნიორთან ითანამშრომლოს. აღნიშნული კომპანიები კი ქალთა გაძლიერების პრინციპებს მიუერთდნენ, აქტიურად შეუწყონ ხელი ქალთა გაძლიერებას და კერძო კომპანიებს სომხეთსა თუ მთელ რეგიონში კარგი პრაქტიკის მაგალითები გაუზიარონ.