აჭარამ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ფორუმს უმასპინძლა

თარიღი: კვირა, 16 ივნისი, 2019 წელი

„გრძელვადიანი მდგრადობის, თანასწორობისა და ზრდის უზრუნველსაყოფად, ქალებისთვის ბიზნესშესაძლებლობების შექმნას ბიზნესისა და საზოგადოების ყველა სექტორში სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ეს ერთდროულად სწორი და გონივრული მიდგომაა“.

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტმა გოგოებმა, ორკესტრის თანხლებით, მარში გამართეს
ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტმა გოგოებმა, ორკესტრის თანხლებით, მარში გამართეს; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

ამ სიტყვებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ბათუმში ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ორდღიანი ფორუმი გახსნა.

ფორუმი ბიზნესლიდერთა ფედერაციის „ქალები მომავლისთვის“ და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ გაიმართა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ინფორმაცია ქალი მეწარმეებისთვის მთავრობის მიერ გამოყოფილი გრანტებისა და საგანმანათლებლო შესაძლებლობების შესახებ. მოეწყო სესიები, რომელთა მიმდინარეობისას ქალმა მეწარმეებმა სტუმრებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს, ფორუმის ფარგლებში ჩატარებული სამუშაო შეხვედრები კი ბიზნესის მფლობელებისთვის ინსპირაციად და ახალი კონტაქტების შესაძლებლობად იქცა.

ღონისძიებამ რამდენიმე გარე აქტივობაც გააერთიანა. მათ შორის იყო გასართობი და შემეცნებითი თამაშები გენდერული საკითხების შესახებ, მეწარმე ქალთა ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა და ფოტოგამოფენა, რომელიც სტერეოტიპულ სფეროებში დასაქმებული ქალების წარმატებას წარმოაჩენდა. ბოლოს კი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტმა გოგოებმა, ორკესტრის თანხლებით, მარში გამართეს.

კომპანიამ
კომპანიამ "სკოლა ევრო-2000", რომელიც ქალთა გაძლიერების პრიციპებს ბათუმში პირველი შეუერთდა, საკუთარი გამოცდილების შესახებ ისაუბრა; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

ამას გარდა, ფორუმის მონაწილე ბიზნესორგანიზაციებს ქალთა გაძლიერების პრინციპებიც (WEPs) გააცნეს. მათთან გამართულ შეხვედრაზე პრინციპების ხელმომწერმა ოთხმა კომპანიამ საკუთარი გამოცდილების შესახებ ისაუბრა. მათ შორის იყო კომპანია „სკოლა ევრო-2000“, რომელიც აღნიშნულ პრინციპებს ბათუმში პირველი შეუერთდა. „ქალთა გაძლიერების პრინციპები სახელმძღვანელო ინსტრუმენტია ბიზნესისთვის, თუ როგორ უნდა შეუწყოს მან ხელი ქალებს სამუშაო ადგილებზე, ბაზარსა და საზოგადოებაში. როცა ქალები ძლიერები არიან და შემოსავალს იღებენ, ისინი ამ თანხის ინვესტირებას თავიანთ ოჯახებსა და საზოგადოებაში ახდენენ. ეს კი ყველა ჩვენგანისთვის კარგია. ბიზნესს ამ ძალისხმევაში ძალიან დიდი წვლილის შეტანა შეუძლია“, - აღნიშნა გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში ერიკა კვაპილოვამ.

ფორუმი, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კამპანიის ნაწილია, პროექტის „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის“ ფარგლებში ჩატარდა. პირველი ანალოგიური რეგიონული ფორუმი ქუთაისში გაიმართა, მესამეს კი ზუგდიდი უმასპინძლებს. სამივე ღონისძიება ნორვეგიის მთავრობისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერითაა ორგანიზებული.