ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოების საკითხებზე ეროვნული სამოქმედო გეგმის ლოკალიზაციის შესახებ დისკუსია გრძელდება

თარიღი: სამშაბათი, 14 მაისი, 2019 წელი

საქართველოში ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2018-2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის ლოკალიზაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

ცენტრალური თუ ადგილობრივი მთავრობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტით დაზარალებული ქალები ქალების მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხების ლოკალიზაციაზე მსჯელობენ
ცენტრალური თუ ადგილობრივი მთავრობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტით დაზარალებული ქალები ქალების მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხების ლოკალიზაციაზე მსჯელობენ; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია 

13-14 მაისს, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების კოალიციამ - იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, „ქალთა საინფორმაციო ცენტრი“ და კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“ - ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე ეროვნული სამოქმედო გეგმის ადგილობრივ დონეზე განხორციელების პროცესის შესახებ ორდღიანი კონფერენცია გამართა.

კონფერენციაზე ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, დევნილი და კონფლიქტით დაზარალებული ქალები და გოგოები იმ ათი მუნიციპალიტეტიდან შეიკრიბნენ, რომლებშიც ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოების საკითხებზე ეროვნული სამოქმედო გეგმის ლოკალიზაციის პროცესი მიმდინარეობს. მათ შორისაა: დუშეთი, გორი, ქარელი, კასპი, ხაშური, საჩხერე, სტეფანწმინდა, წალენჯიხა, წყალტუბო და ზუგდიდი.

კონფერენციის მთავარ მიზანს სამოქმედო გეგმის ლოკალიზაციის პროცესის შედეგად ქალებისა და გოგოების მიერ გამოვლენილი პრობლემური საკითხების განხილვა და მათი გადაწყვეტის გზების მოძებნა წარმოადგენდა. კერძოდ, სხვა მრავალ საკითხთან ერთად, ხაზი გაესვა ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარედ ადამიანის უსაფრთხოების, დევნილი მოსახელობის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის, მათი ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის, სკოლებისა და ბაღების სანიტარული პირობების გაუმჯობესების აუცილებლობის საკითხებს.

სტუდენტმა და აქტივისტმა ანა ლომიძემ, რომელიც გამყოფ ხაზთან 100 მეტრში, სოფელ ჩორჩანაში (ხაშურის მუნიციპალიტეტი) ცხოვრობს, ადგილობრივი მოსახლეობის გამოწვევებზე საუბრისას ყურადღება გაამახვილა საგზაო ინფრასტრუქტურის, წყალმომარაგების სისტემის მოწესრიგების, სოფლის ამბულატორიისა და სატელეფონო თუ ინტერნეტკავშირის უზრუნველყოფაზე, რათა ადგილობრივ მოსახლეობას, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს, უსაფრთხო გარემოში ცხოვრებისა და განვითარების მეტი შესაძლებლობა ჰქონდეთ.

კონფერენციის მეორე დღეს კი ქართველმა მონაწილეებმა და უკრაინის ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებისა და არასამთვარობო სექტორის წარმომადგენლებმა, რომლებიც საქართველოში სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ, ერთმანეთს ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე ეროვნული სამოქმედო გეგმის ლოკალიზაციის გამოცდილება გაუზიარეს.

გაეროს ქალთა ორგანიზაცია სამიზნე მუნიციპალიტეტებში ლოკალიზაციის პროცესის მხარდაჭერას აქტიურად აგრძელებს, რათა ხელი შეუწყოს ცენტრალურ დონეზე არსებული პოლიტიკის ადგილობრივ დონეზე განხორციელების გაუმჯობესებას.

მსგავსი სიახლეები

დაკავშირებული ამბები

Planet 50–50 by 2030: Step It Up for Gender Equality