ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლები აქტიურ მეწარმე ქალებს შეხვდნენ

თარიღი: სამშაბათი, 21 მაისი, 2019 წელი

მეწარმე ქალებმა ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლებს, რომლებიც დასავლეთ საქართველოში ერთობლივი ვიზიტით იმყოფებოდნენ, საკუთარი საქმიანობა გააცნეს.

ქეთევან თომეიშვილმა, რომელსაც ვანში კიტრის მეურნეობა აქვს, საკუთარი საქმიანობა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტში მონაწილეობით გააფართოვა
ქეთევან თომეიშვილმა, რომელსაც ვანში კიტრის მეურნეობა აქვს, საკუთარი საქმიანობა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტში მონაწილეობით გააფართოვა; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

მეწარმე ქალებს მხარდაჭერას პროექტი „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“ უწევდა, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით ახორციელებს.

სამდღიანი ვიზიტი თბილისში შემაჯამებელი ღონისძიებით დაიწყო, რომლითაც პროექტის ერთ-ერთი აქტივობა - სოციალური მედია მარკეტინგისა და ვებპროგრამირების ტრენინგები დასრულდა. ღონისძიებაზე, რომელსაც საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე მასპინძლობდა, პროექტის 100-მდე მონაწილემ მოიყარა თავი. სულ ტრენინგები 116-მა გოგომ გაიარა და შეხვედრას მათი უმატესობა დაესწრო. კურსდამთავრებულთათვის სტაჟირების შეთავაზებით 21 კომპანია დაინტერესდა.

ვიზიტი დასავლეთ საქართველოში გაგრძელდა. სტუმრები ქუთაისს, ოზურგეთს, ლაითურს, ვანს, დიმსა და ობჩას ეწვივნენ. ქალი მეწარმეები სხვადასხვა საქმიანობას ეწევიან, მათ შორის, სასტუმრო ბიზნესს, მეღვინეობასა და ფერმერობას. როგორც მათ განმარტეს, ტრენინგების დასრულებისა და პროექტის ფარგლებში მიღებული გრანტების შემდეგ საკუთარი წარმოება გაზარდეს. რამდენიმე მეწარმემ კი ახალი თანამშრომლებიც დაიქირავა.

სოფელ ლაითურის ქალთა ჯგუფების წევრები აღნიშნავენ, რომ მათი ინსპირაცია იმ ქალების წარმატება იყო, რომლებმაც სოფელში ახალი ბიზნესები წამოიწყეს
სოფელ ლაითურის ქალთა ჯგუფების წევრები აღნიშნავენ, რომ მათი ინსპირაცია იმ ქალების წარმატება იყო, რომლებმაც სოფელში ახალი ბიზნესები წამოიწყეს; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

სოფელ ლაითურში, სადაც დაახლოებით 1,200 ოჯახი ცხოვრობს, 2018 წლიდან პროექტის გრანტი ოთხმა ქალმა მიიღო. მათ თანხა ახალი ბიზნესების დაწყებისთვის გამოიყენეს და ამ საქმიანობებით სოფელს ახალი სიცოცხლე შესძინეს: ლაითურში პირველი საცხობი, კაფე და სოკოების საწარმო გაიხსნა. როგორც ქალთა ჯგუფებთან გამართული შეხვედრისას ადგილობრივმა თვითმმართველობამ განაცხადა, ლაითურში, იმ შეხვედრების ოთახის გასარემონტებლად, სადაც ქალთა შეკრებები იმართებოდა, 6,200 ლარს გამოიყოფა. გაეროს ქალთა ორგანიზაციის პარტნიორ ფონდ „ტასოს“ საგრანტო განაცხადის მეშვეობით, ამ სივრცეს ქალთა საერთაშორისო ასოციაცია - საქართველომ ორი ლეპტოპი და ავეჯი უკვე გადასცა.

„ნორვეგიას გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისთან ხანგრძლივი და კარგი თანამშრომლობა აქვს. ამგვარ ვიზიტებში მათთან ერთად მონაწილეობა კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას გვიქმნის, რომ პროექტთან მჭიდროდ ვიყოთ დაკავშირებულები. ჩვენთვის მართლაც შთამბეჭდავი იყო ძლიერ, შემოქმედებითად მომუშავე და საჭირო უნარების მქონე ქალებთან შეხვედრა. ნათელია, რომ ტრენინგებზე მათ სასარგებლო ცოდნა მიიღეს. ასევე, დავინახეთ, თუ როგორ მოხდა მცირე გრანტების საჭირო აღჭურვილობაში ინვესტირება, რამაც ბევრ მათგანს შემოსავლების გაზრდის შესაძლებლობა შეუქმნა“, - აღნიშნა ვიზიტთან დაკავშირებით ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მრჩეველმა კერსტინ აგნეტა ვალბერგმა.

ქალებმა, რომლებთანაც შეხვედრები შედგა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მთავარი პარტნიორების - ფინანსთა სამინისტროს აკადემიის, საქართველოს ფერმერთა ასოციაციისა და ფონდ „ტასოს“ მიერ გაწეული ძალისხმევა დადებითად შეაფასეს. აღნიშნული პროექტი საქართველოში ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერას 2020 წლამდე განაგრძობს.