გაეროს ქალთა ორგანიზაცია პარტნიორებს გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლებაში ეხმარება

თარიღი:

პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის გენდერული თანასწორობისა და სექსუალური შევიწროების საკითხებზე მაღალი მგრძნობელობა და ცნობიერება გაეროს ქალთა ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

ტრენინგის მონაწილეები ჯგუფებში მუშაობენ
ტრენინგის მონაწილეები ჯგუფებში მუშაობენ; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

სწორედ ამიტომ, მან ორგანიზაციებისთვის, რომლებთანაც სხვადასხვა პროექტის ფარგლებში თანამშრომლობს, ცნობიერების ასამაღლებელი ტრენინგების ჩატარება დაიწყო.

პირველი ასეთი ტრენინგი 14-16 აპრილს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიის თანამშრომლებისთვის ჩატარდა და ისეთ საკითხებს დაეთმო, როგორებიცაა გენდერული თანასწორობის თვალსაზრისით საქართველოში არსებული მდგომარეობა, გენდერული სტერეოტიპები, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პრიორიტეტები და ა.შ. შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი სექსუალურ შევიწროებასა და იმ მექანიზმებზე გაკეთდა, რომლებიც ორგანიზაციაში სექსუალური შევიწროების პრევენციისთვისაა აუცილებელი. შეხვედრას 24 მონაწილე დაესწრო.

„ფინანსთა სამინისტროს აკადემიის გუნდისთვის ტრენინგის შინაარსი გარკვეულწილად სიახლეს წარმოადგენდა, რამაც ის კიდევ უფრო საინტერესო გახადა და ჩვენი მხრიდან ჩართულობაც გაზარდა. ტრენინგზე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, აკადემიაში მუშავდება დოკუმენტი, რომელიც სექსუალური შევიწროების ფაქტების პრევენციას, მის აღმოფხვრასა და აღნიშნული საკითხის შესახებ აკადემიასთან დაკავშირებული თუ ასოცირებული პირების ინფორმირებულობას უზრუნველყოფს“, - განაცხადა ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დირექტორმა ტარიელ ჭულუხაძემ.

აღსანიშნავია, რომ გაეროს ქალთა ორგანიზაცია პარტნიორებისთვის გენდერული თანასწორობისა თუ სექსუალური შევიწროების საკითხებზე ტრენინგების ჩატარებას, შემდეგ კი ამ ორგანიზაციებისთვის სექსუალური შევიწროების ფაქტების გასაჩივრების მექანიზმების შემუშავებას სამომავლოდაც გააგრძელებს.

ინიციატივა პროექტის „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის“ ნაწილს წარმოადგენს. იგი გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ, ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.