საქართველოში მცხოვრები ლტოლვილი ქალების ახალი შესაძლებლობები

თარიღი:

ნატალია პატინა 9 წლის იყო, როცა ბებიის საკერავ მანქანასთან პირველად დაჯდა. ახსოვს, რომ კერვით სწორედ ამ მომენტიდან დაინტერესდა.

ნატალია პატინა
ნატალია პატინა; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/ლელი ბლაგონრავოვა

წლების შემდეგ ჯერ მასწავლებლის, მერე კი ფინანსების სპეციალისტის პროფესიებს დაეუფლა. ამ სპეციალობებით მუშაობდა კიდეც, თუმცა კერვა არასდროს შეუწყვეტია. მისი შექმნილი ტანსაცმელი ჯერ ოჯახის წევრებს, მერე მეგობრებსა და თანამშრომლებსაც ეცვათ. თანდათან ეს საქმიანობა მისთვის დამატებითი შემოსავლის მომტანადაც იქცა.

40 წლის ასაკში ნატალიას ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. „ქალაქ დონეცკის შემოგარენში ვცხოვრობდი, როცა უკრაინაში საომარი მოქმედებები დაიწყო. უსაფრთხოების გამო, იძულებული გავხდი, სახლი მიმეტოვებინა და ქმართან და არასრულწლოვან გოგოსთან, ნილასთან ერთად თავშესაფარი საქართველოში მომეძებნა“, - იხსენებს ნატალია.

საქართველოში ჩამოსულს სწორედ საყვარელი საქმის ცოდნა დაეხმარა. ლტოლვილის სტატუსის მიღების შემდეგ ძალიან მალე მუშაობა ერთ-ერთ ატელიეში, დამხმარედ დაიწყო. მას მერე რამდენიმე სამკერვალო შეიცვალა, თუმცა გულის სიღრმეში ყოველთვის საკუთარის გახსნაზე ოცნებობდა. სწორედ ამ დროს გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატიდან დაურეკეს და ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ტრენინგში „როგორ დავიწყოთ ბიზნესი“ მონაწილეობა შესთავაზეს.

ტრენინგი გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ერთობლივი პროექტის „ლტოლვილ ქალთა ინტეგრაციის მხარდაჭერა საქართველოში“ ნაწილს წარმოადგენდა. იგი საქართველოში მცხოვრები ლტოლვილი ქალების გაძლიერებას, გენდერული ნიშნით ძალადობისგან დაცვასა და მათი ეკონომიკური შესაძლებლობების გაზრდას ისახავდა მიზნად.

საქართველოს მთავრობის ოფიციალური სტატისტიკით, ქვეყანაში მცხოვრები 2091 ლტოლვილიდან 46% ქალია. ისინი ძირითადად ერაყიდან, უკრაინიდან და სირიიდან არიან. ლტოლვილთა ინტეგრაციის ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევა დასაქმებაა. სწორედ ამიტომ, პროექტმა აქცენტი მცირე ბიზნესის განვითარების შესაძლებლობაზე გააკეთა. ნატალია პატინას ჩათვლით, ტრენინგი 50-ზე მეტმა ლტოლვილმა ქალმა გაიარა. ნატალია იხსენებს, რომ პირველ შეხვედრაზე ინტერესის გამო მივიდა, თუმცა ატმოსფერომ, კურსის სპეციფიკამ და პრაქტიკული უნარების გაზიარებამ ძალიან მოხიბლა. ცოდნის მიღებასთან ერთად, მას სხვა მნიშვნელოვანი შესაძლებლობაც გამოუჩნდა: კურსდამთავრებულებს გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მონაწილეობის საშუალებაც მიეცათ, რაც საუკეთესო ბიზნესიდეების დაფინანსებას ითვალისწინებდა.

ნატალიას საკუთარი ატელიეს იდეა უკვე ჰქონდა. ბიზნესგეგმა დეტალურად შეავსო და შეეცადა, მკაფიოდ წარმოეჩინა, რომ საქმიანობის განვითარება და წინსვლა ნამდვილად სურდა. საბოლოოდ, იგი მართლაც იმ 23 ქალს შორის აღმოჩნდა, რომელთა ბიზნესიდეაც წარმატებით დაფინანსდა.

„მეორე დღესვე ახალი, თანამედროვე ფუნქციონალის საკერავი მანქანები, უთო, მაკრატლები და სხვა მოწყობილობები შევიძინე. მერე ჩვენს სახლთან ახლოს მდებარე ავტოფარეხი მე, ჩემმა ქმარმა და შვილმა საკუთარი ხელებით გავარემონტეთ და მყუდრო, განსხვავებული დიზაინის არტსალონად ვაქციეთ. სახელად კი „ვარდისფერი ფლამინგო“ დავარქვით. ვფიქრობ, საქმე მხოლოდ გრანტის მიღებაში არ არის. ასეთი ინიციატივები თუნდაც იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ ცოდნის შეძენასთან ერთად, თანამოაზრეებს პოულობ, სხვადასხვა იდეას ისმენ, საკუთარს კი ხვეწ“, - ჰყვება ნატალია.

ნატალია ტანსაცმლის დამწყებ დიზაინერებთან მუშაობს. ამ პროცესში მას 16 წლის ნილაც ძალიან ეხმარება. შეკვეთებს უკვე ერთად ასრულებენ. ნილასაც სამომავლოდ სამხატვრო აკადემიაში ჩაბარება, დიზაინერობა და ტანსაცმლის საკუთარი ხაზის შექმნა სურს. ნატალიას კი წინ საქმიანობის განვითარების კიდევ ბევრი გეგმა აქვს. ერთ-ერთი მათგანი ასეთია: უნდა, ატელიეს მასშტაბი ისე გაიზარდოს, რომ უკრაინიდან დევნილი სხვა ქალებიც დაასაქმოს და საკუთარი მხარდაჭერა მათ მიმართ ამგვარად გამოხატოს.