საქართველოს მთავრობამ პეკინის დეკლარაციისა და სამოქმედო პლატფორმის +25 ყოვლისმომცველი ეროვნული დონის მიმოხილვა წარადგინა

თარიღი:

გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისის მხარდაჭერით, გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისმა კომისიამ ანგარიშის „პეკინის დეკლარაციისა და სამოქმედო პლატფორმის +25 ყოვლისმომცველი ეროვნული დონის მიმოხილვა“ პრეზენტაცია გამართა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე და უწყებათაშოროსი კომისიის თანათავმჯდომარე გოჩა ლორთქიფანიძე შეხვედრას მისასალმებელი სიტყვით ხსნის
საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე და უწყებათაშოროსი კომისიის თანათავმჯდომარე გოჩა ლორთქიფანიძე შეხვედრას მისასალმებელი სიტყვით ხსნის; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/ლელი ბლაგონრავოვა

შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ და უწყებათაშორისი კომისიის თანათავმჯდომარემ გოჩა ლორთქიფანიძემ გახსნა. „პეკინის დეკლარაცია და მისი სამოქმედო პლატფორმა გენდერული თანასწორობის მიღწევისთვის პოზიტიური ცვლილებების განმსაზღვრელი ჩარჩოა, რომელიც გენდერული თანასწორობის ხელმშემწყობი პოლიტიკის დაგეგმვასა და განხორციელებაში მნიშვნელოვან, დამხმარე წყაროს წარმოადგენს. საქართველოს მთავრობა პეკინის დეკლარაციისა და სამოქმედო პლატფორმის განხორციელების ვალდებულებას პრიორიტეტულ მნიშვნელობას ანიჭებს და, ამავდროულად, დეკლარაციის მიღებიდან 25 წლის შემდეგ ქალთა გაძლიერებისა და მათი შესაძლებლობების გაზრდისთვის მოქმედების აუცილებლობას აცნობიერებს“, - განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.

პრეზენტაციას გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე მხარეები ესწრებოდნენ. მათ შორის იყვნენ მთავრობის, საერთაშორისო და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებმაც მიმოხილვის ძირითად დასკვნებსა და მათ ზემოქმედებაზე ისაუბრეს.

ანგარიში გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისმა კომისიამ გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ტექნიკური დახმარებით მოამზადა. ეროვნული მასშტაბის ყოვლისმომცველი მიმოხილვა განხორციელებაში მიღწეულ პროგრესს აფასებს და 25 წლის წინ მიღებული დეკლარაციისა და მისი სამოქმედო პლატფორმის შემდგომ გამოწვევებს წარმოაჩენს. მიმოხილვა მდგრადი განვითარების 2030 წლის დღის წესრიგთან ურთიერთკავშირს ადგენს და გენდერული საკითხების გათვალისწინებით მის განხორციელებაზე ამახვილებს ყურადღებას.

უწყებათაშორისი კომისიისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ექსპერტმა ირინა ლორთქიფანიძემ მთავრობის ანგარიში წარადგინა და საქართველოს მთავრობის მიერ მიღწეულ პროგრესთან ერთად, არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრა.

საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლის მოადგილემ თამარ საბედაშვილმა განმარტა, თუ რა ნაბიჯების გადადგმაა საჭირო რეგიონულ თუ გლობალურ დონეებზე ეროვნული მიმოხილვის ოფიციალურად წარსადგენად და განსახილველად. მანვე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს მოუწოდა, რომ თემატური ინდივიდუალური და/ან ჯგუფური ალტერნატიული ანგარიშები 2019 წლის ივლისის ბოლომდე წარადგინონ.

პეკინის დეკლარაცია და სამოქმედო პლატფორმა 1995 წელს ქალთა საკითხებზე გამართულ მეოთხე მსოფლიო კონფერენციაზე მიღებული მთავარი დოკუმენტია და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ყველა წევრ სახელმწიფოს ეხება. დოკუმენტში დადგენილია მთავრობების ვალდებულება - ხელი შეუწყონ ქალთა უფლებების განხორციელებას. წევრმა სახელმწიფოებმა პლატფორმა 2000 წელს, პროგრესის გლობალური ხუთწლიანი მიმოხილვის დროს დაადასტურეს და აიღეს ვალდებულება, რომ მისი განხორციელება ხუთ წელიწადში ერთხელ მიმოხილვის პროცესით დააჩქარონ.