ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშემწყობი ეროვნული მასშტაბის კამპანია ქუთაისიდან დაიწყო

თარიღი:

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, ბიზნესლიდერთა ფედერაციასთან „ქალები მომავლისთვის“ თანამშრომლობით, საქართველოში ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერის კამპანია დაიწყო.

ფორუმის სტუმრები წამახალისებელ, საინფორმაციო სესიებსა და მასტერკლასებს დაესწრნენ
ფორუმის სტუმრები წამახალისებელ, საინფორმაციო სესიებსა და მასტერკლასებს დაესწრნენ; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/ლელი ბლაგონრავოვა 

კამპანია, რომლის სლოგანია „გააძლიერე შენი ბიზნესი ქალთა გაძლიერებით“, 30-31 მარტს, ქუთაისში, ორდღიანი ფორუმით დაიწყო. ფორუმი მიზნად ქალთა ეკონომიკური უფლებების მხარდაჭერისა და შესაძლებლობების წარმოჩენას ისახავდა.

ღონისძიებაზე განსაკუთრებული ყურადღება ქალთა გაძლიერების პროცესში ბიზნესორგანიზაციების როლზე გამახვილდა და ამ მიზნით სტიმულის მიმცემი, მისაბაძი მაგალითებიც წარმოჩინდა. მათ შორის იყვნენ მეწარმე ქალები, ქალები ბიზნესორგანიზაციებიდან, რომლებისთვისაც გენდერულად მგრძნობიარე გარემოში მუშაობა მეტი სარგებლის მომტანი აღმოჩნდა, სტუდენტი გოგოები საინფორმაციო-საკომუნიკაციო სფეროდან და ქალი ფერმერები საქართველოს მთიანი რეგიონებიდან. ფორუმის დამსწრეებმა ქალებისა და გოგოებისთვის ხელმისაწვდომ ტრენინგზე, გრანტებისა და განათლების შესაძლებლობებზეც მიიღეს ინფორმაცია. ამასთან, სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, დასწრებოდნენ წამახალისებელ და ცნობიერების ასამაღლებელ ღონისძიებებს, ქოუჩინგის მასტერკლასებსა და ქალი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვას. აღნიშნულ ღონისძიებაზე საკუთარი ნაწარმი 29 ქალმა სტარტაპერმა წარადგინა. ფორუმი ელექტრონული მუსიკის პერფორმანსით დასრულდა, რომელიც თბილისიდან ჩასულმა ახალგაზრდა ქალი კომპოზიტორების ჯგუფმა გამართა.

„დამწყები მეწარმე ქალისთვის ამგვარ ფორუმში მონაწილეობა შესანიშნავი შესაძლებლობაა. რაჭის მთიან მხარეში ჩემი ბიზნესი მაქვს. ამ ორი დღის განმავლობაში სხვადასხვა მასტერკლასსა თუ საინფორმაციო სესიას დავესწარი და ახლა ჩემს სოფელში ბევრი სასარგებლო ინფორმაციით ვბრუნდები, რაც ბიზნესის გაფართოებაში დამეხმარება“, - აღნიშნა აქსესუარების სახელოსნო „ედენას“ დამფუძნებელმა ლილიანა მაისურაძემ.

კამპანიამ და, შესაბამისად, ფორუმმა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პრინციპების სამომავლო პოპულარიზაციისთვის უდიდესი შესაძლებლობა შექმნა. აღნიშნული პრინციპები გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს გლობალური შეთანხმების მიერ, 2010 წელს შემუშავდა. ისინი ბიზნესებს სამსახურებრივ გარემოში, სამუშაო ბაზარზე და საზოგადოებაში ქალთა გაძლიერების კუთხით ეხმარება. 2019 წლის ზაფხულში გაეროს ქალთა ორგანიზაცია ბათუმსა და ზუგდიდში კიდევ ორი ამგვარი ფორუმის ჩატარებას გეგმავს.

ფორუმი პროექტის „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის“ ფარგლებში გაიმართა, რომელიც ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.