ღონისძიებაზე „დარეკე ზარი გენდერული თანასწორობისთვის“ კორპორაციული მართვის კოდექსი განიხილეს

თარიღი:

საქართველოს კომერციული ბანკების სამეთვალყურეო საბჭოებში ქალთა წარმომადგენლობის შესახებ კვოტების განსახილველად კერძო სექტორის, მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების 60-ზე მეტი წარმომადგენელი შეიკრიბა.

საქართველოს საფონდო ბირჟის გენერალური დირექტორი გიორგი ფარესიშვილი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის რეგიონული მენეჯერი სამხრეთ კავკასიაში იან ვან ბილსენი, ბაქოში ნორვეგიის სამეფოს საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ვეგარდ სტენსრუდი და საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლის მოადგილე თამარ საბედაშვილი
საქართველოს საფონდო ბირჟის გენერალური დირექტორი გიორგი ფარესიშვილი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის რეგიონული მენეჯერი სამხრეთ კავკასიაში იან ვან ბილსენი, ბაქოში ნორვეგიის სამეფოს საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ვეგარდ სტენსრუდი და საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლის მოადგილე თამარ საბედაშვილი "ზარის დარეკვით" ხსნიან ღონისძიებას; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/თაკო რობაქიძე

12 მარტს საქართველოს საფონდო ბირჟამ, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC) ყოველწლიური ღონისძიება „დარეკე ზარი გენდერული თანასწორობისთვის“ უკვე მეორედ გამართეს.

„კომპანიასა და ინვესტორს შორის საქმიანი ურთიერთობის დამყარების პროცესში საფონდო ბირჟას კაპიტალურ ბაზრებზე გენდერული განსხვავებების აღმოფხვრაზე ზეგავლენის მოსახდენად უნიკალური შესაძლებლობა აქვს“, - აღნიშნა ღონისძიების მასპინძელმა, საქართველოს საფონდო ბირჟის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ფარესიშვილმა.

ღონისძიების თემატური განხილვების მთავარ თემას კომერციული ბანკების 2018 წლის კორპორაციული მმართველობა წარმოადგენდა, რომლის მიხედვითაც სამეთვალყურეო საბჭოს წევრების მინიმუმ 20% ქალი უნდა იყოს. საქართველოს ეროვნული ბანკის კორპორაციული მართვისა და საზედამხედველო პოლიტიკის განყოფილების უფროსმა თეონა კონტრიძემ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ახალი კოდექსის მიღების ძირითადი მიზეზი განმარტა, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC) კი განიხილა, თუ როგორ უკავშირდება ეს კოდექსი საბჭოების კვოტებს სხვა ქვეყნებში, განსაკუთრებით ევროპაში.

საქართველოს ბანკის გენერალური მრჩეველი ნინო სუქნიძე საკუთარ შეხედულებებზე საუბრობს
საქართველოს ბანკის გენერალური მრჩეველი ნინო სუქნიძე საკუთარ შეხედულებებზე საუბრობს; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/თაკო რობაქიძე

„ქალების, როგორც მეწარმეების, დასაქმებულებისა და ბიზნესლიდერების უფრო მზარდი მონაწილეობა არა მხოლოდ მორალური იმპერატივი, არამედ გონივრული ბიზნესსტრატეგიაცაა“, - აღნიშნა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის რეგიონულმა მენეჯერმა სამხრეთ კავკასიაში იან ვან ბილსენმა. „კვლევამ გამოავლინა, რომ გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრას ეკონომიკური მდგომარეობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება შეუძლია“, - დასძინა მან.

ღონისძიება ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა. ნორვეგია ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო მსოფლიოში, სადაც კვოტების შესახებ კანონი მიიღეს. აღნიშნული კანონის თანახმად, საფონდო ბირჟაზე დარეგისტრირებული კომპანიების საბჭოების 40% ქალებით უნდა ყოფილიყო დაკომპლექტებული. „კითხვის ნიშანიც კი არ უნდა არსებობდეს იმის შესახებ, რომ ქალებსაც ისევე შეუძლიათ კომპანიის მართვა, როგორც კაცებს“, - განაცხადა ბაქოში ნორვეგიის სამეფოს საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ ვეგარდ სტენსრუდმა.

მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ გენდერული კვოტები წინ გადადგმული დადებითი ნაბიჯია, მაგრამ კომპანიის მმართველობით წრეებსა თუ ზოგადად დასაქმებულ პირებს შორის გენდერული თანასწორობის მისაღწევად ის საკმარისი მექანიზმი ჯერ კიდევ არ არის. გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლის მოადგილემ თამარ საბედაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ „ქალთა გაძლიერების მიღწევის მიზნით, კომპანიები მსოფლიოში გაცილებით მეტს აკეთებენ, ვიდრე კანონი ან კვოტები მოითხოვს“.

„დარეკე ზარი გენდერული თანასწორობისთვის“ გლობალური პარტნიორობის ღონისძიებაა, რომლის ორგანიზატორები არიან: საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC), საფონდო ბირჟების მდგრადი ინიციატივა (SSE), გაეროს გლობალური კომპაქტი, გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ორგანიზაცია „ქალები საბირჟო საინვესტიციო ფონდებში“ (Women in ETF) და საფონდო ბირჟების მსოფლიო ფედერაცია. 2019 წელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იგი უკვე მეხუთედ ჩატარდა.