სომხეთი გლობალურ ინიციატივას „დარეკე ზარი გენდერული თანასწორობისთვის“ შეუერთდა

თარიღი: სამშაბათი, 12 მარტი, 2019 წელი

გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან და გაეროს განვითარების პროგრამასთან თანამშრომლობით, სომხეთის ფასიანი ქაღალდების ბირჟა (AMX) და სომხეთის ცენტრალური ბანკი-დეპოზიტარი, მსოფლიოს 80 საფონდო ბირჟის მსგავსად, გლობალურ ინიციატივას „დარეკე ზარი გენდერული თანასწორობისთვის“ შეუერთდნენ.

სომხეთის ფასიანი ქაღალდების ბირჟა და სომხეთის ცენტრალური ბანკი-დეპოზიტარი გლობალურ ინიციატივას
სომხეთის ფასიანი ქაღალდების ბირჟა და სომხეთის ცენტრალური ბანკი-დეპოზიტარი გლობალურ ინიციატივას "დარეკე ზარი გენდერული თანასწორობისთვის" შეუერთდნენ; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

ინიციატივა მიზნად გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას ისახავს და ბიზნესს, განსაკუთრებით კი ბანკებსა და საინვესტიციო კომპანიებს, მდგრადი განვითარების მე-5 მიზნისა და ქალთა გაძლიერების პრინციპების მისაღწევად საკუთარი უმნიშვნელოვანესი როლის გათვითცნობიერებაში ეხმარება.

სომხეთში მშპ 14%-ით გაიზრდებოდა, კერძოს სექტორში გენდერული თანასწორობა რომ მიღწეულიყო. „ქალები ჩვენი თანამშრომლების დაახლოებით 52%-სა და საფონდო ბირჟაზე მომუშავე ბროკერთა 54%-ს შეადგენენ. დღეს ქალებს სომხეთში ტექნიკური სამუშაო ადგილების 38%-ზე მეტი უკავიათ და არ არის გასაკვირი, რომ საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ფინანსური სექტორები სომხეთის ეკონომიკაში ყველაზე სტაბილურ და შედარებით განვითარებულ სფეროებადაა აღიარებული. აღნიშნული აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქალთა მონაწილეობა“ - განმარტა სომხეთის ფასიანი ქაღალდების ბირჟის აღმასრულებელმა დირექტორმა ჰაიკ იეგანიანმა.

ღონისძიებაზე ყურადღება შრომის ბაზარზე ქალებისა და კაცების თანასწორი მონაწილეობის მნიშვნელობაზე გამახვილდა. „ევროპისა და აზიის საფონდო ბირჟების ფედერაცია ინიციატივას ახლა შეუერთდა. ჩვენ პირველად დავრეკავთ ზარს სომხეთში გენდერული თანასწორობისთვის. გენდერული თანასწორობა მდგრადი განვითარების მე-5 მიზანს წარმოადგენს და მისი მნიშვნელობის შესახებ ცოდნის გაღრმავებით ჩვენ ვდგამთ ნაბიჯს, რათა ხელი შევუწყოთ გოგოებსა და ქალებს, მიიღონ განათლება, იყვნენ საკუთარ თავში დარწმუნებულები და მამაცები. წელს გლობალური ინიციატივის „დარეკე ზარი გენდერული თანასწორობისთვის“ თემაა „გაითავისე თანასწორობა, აშენე ჭკვიანურად, გამოიყენე ინოვაცია ცვლილებებისთვის.“ ამაზე კარგს ვერაფერს მოვიფიქრებდი“ , - აღნიშნა ევროპისა და აზიის საფონდო ბირჟების ფედერაციის (FEAS) გენერალური მდივნის მოადგილემ არმენუჰი ჰოვაკიმიანმა.

„საფონდო ბირჟები სტანდარტებს კერძო სექტორისთვის მთელ მსოფლიოში ადგენენ და მნიშვნელოვანია, რომ ისინი პოპულარიზაციას უწევდნენ გენდერულ თანასწორობასა და ქალთა გაძლიერების პრინციპებს. გენდერული თანასწორობა არა მხოლოდ მდგრადი განვითარებისთვის, არამედ ეკონომიკის ზრდისთვისაც სასარგებლოა“, - დასძინა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროგრამის სპეციალისტმა მეჰჯაბინ ალარახიამ.

ღონისძიების მასპინძელი იყო სომხეთის ფასიანი ქაღალდების ბირჟა და მას 16 ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ინიციატივა გაეროს ქალთა ორგანიზაციის რეგიონული პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში განხორციელდა, რომელსაც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო და ავსტრიის განვითარების სააგენტო აფინანსებენ. პროექტს გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისი მართავს, სომხეთში კი მას გაეროს განვითარების პროგრამა ახორციელებს.