მეწარმე ქალები ერთმანეთს აძლიერებენ

თარიღი:

მეწარმე ქალები დასავლეთ საქართველოდან, რომლებიც ერთმანეთს გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტმა დააკავშირა, ბიზნესპარტნიორულ ურთიერთობებსა და ამ გზით საკუთარი საქმიანობების გაძლიერებას იწყებენ.

დასავლეთ საქართველოში მცხოვრებმა მეწარმე ქალებმა ერთმანეთს საკუთარი გამოცდილებები გაუზიარეს
დასავლეთ საქართველოში მცხოვრებმა მეწარმე ქალებმა ერთმანეთს საკუთარი გამოცდილებები გაუზიარეს; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

2018 წელს გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან ერთად, 50 მეწარმე ქალი შეარჩია და მათთვის კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგები ჩაატარა. ამასთან, ქალების ნაწილმა საქმიანობების განსავითარებლად გრანტებიც მიიღო. 21-23 თებერვალს პროექტში ჩართული ქალები ქუთაისში, სასტუმრო „კასა კალდაში“ შეიკრიბნენ და ერთმანეთს საკუთარი საჭიროებები და გამოცდილებები გაუზიარეს. აღსანიშნავია, რომ „კასა კალდას“ მფლობელი ინიციატივის ერთ-ერთი მონაწილე თათია ხურციძეა, რომელმაც სასტუმრო სწორედ მის ფარგლებში მიღებული გრანტით გააფართოვა.

საჭიროებების განხილვასთან ერთად, მეწარმე ქალებმა იმ პარტნიორობებზეც იმსჯელეს, რომლებიც მათ საკუთარი საქმიანობის ფარგლებში, ერთმანეთის ბიზნესის გასაძლიერებლად შეუძლიათ. მაგალითად, ქეთი თომეიშვილს იმერეთის რეგიონში, სოფელ მთისძირში კიტრის სასათბურე მეურნეობა აქვს და ეკოლოგიურად სუფთა, ჯანსაღ პროდუქტს აწარმოებს. ქეთი და თათია ხურციძე უკვე შეთანხმდნენ, რომ სასტუმროს ბოსტნეულით სწორედ ქეთის მეურნეობა უზრუნველყოფს. თუმცა, ეს მათი თანამშრომლობის ერთადერთი გეგმა არ არის: „უახლოეს მომავალში მინდა, აგროტურიზმიც განვავითარო და მარანი გავაკეთო. რადგან თავად სასტუმრო არ მაქვს, გადავწყვიტე, მოსულ სტუმრებს „კასა კალდაში“ განთავსება შევთავაზო. რაც უფრო ხშირად შევქმნით ასეთ პარტნიორობებს, ჯერ ერთმანეთს, შემდეგ კი ბევრ სხვა ქალსაც მეტად გავაძლიერებთ“, - ამბობს ქეთი თომეიშვილი.

ქეთი საკუთარი პროდუქტით პროექტის კიდევ ერთ მონაწილეს ნათია ჩახუნაშვილს მოამარაგებს. ნათიასა და მის მეუღლეს ქუთაისში საკვები ობიექტი „თეთრი სახლის ბურგერი“ აქვთ და ახლა ბიზნესის გაფართოებისთვის ემზადებიან: „ქეთის გარდა, უკვე ვესაუბრე პროექტის სხვა მონაწილეს, შორენა ჩიჯავაძეს, რომლის ბიზნესიც სამკერვალო საქმიანობაა. შევთანხმდით, რომ ჩვენს პერსონალს ფორმებს სწორედ ის შეუკერავს და ახალი სივრცის გასაფორმებლად აქსესუარებსაც შეგვიქმნის. ამავდროულად, ვაპირებ, საკვებ მენიუში ჩაიც დავამატო და, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც პროექტის ერთ-ერთი მონაწილის ნანა ყირმელაშვილის წარმოებულ „ნაგომარზე“ გავაკეთებ არჩევანს“, - აღნიშნავს ნათია.

შეხვედრაზე მონაწილეებმა გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის წარმომადგენლებს საკუთარი საჭიროებებიც გააცნეს, რომელთა საფუძველზეც წლევანდელი სამოქმედო გეგმები დაისახება.

ინიციატივა პროექტის „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის“ ერთ-ერთი აქტივობაა, რომელიც ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.