საქსტატთან თანამშრომლობა საქართველოში გენდერული სტატისტიკის გასაუმჯობესებლად

თარიღი:

2018 წლის ბოლოს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გენდერული სტატისტიკის პორტალი წარადგინა. პორტალის შექმნით უწყებამ გენდერულ სტატისტიკასთან დაკავშირებული საქმიანობა სრულიად ახალ საფეხურზე აიყვანა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გენდერული სტატისტიკის პორტალი წარადგინა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გენდერული სტატისტიკის პორტალი წარადგინა; ფოტო: საქსტატი

პორტალი ინგლისურ და ქართულენოვანია. მასზე გადასვლა შესაძლებელია როგორც საქსტატის ოფიციალური ვებგვერდიდან (geostat.ge), ისე აღიშნული ბმულის დახმარებით.

პორტალი, ისევე როგორც უახლესი სტატისტიკური პუბლიკაცია „ქალი და კაცი საქართველოში”, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ტექნიკური მხარდაჭერით მომზადდა. მასში საქსტატის მიერ სხვადასხვა საკონსულტაციო შეხვედრის საფუძველზე შეგროვებული გენდერული მონაცემები, მიღებული შედეგები და რეკომენდაციებია ასახული.

„გენდერული სტატისტიკის წარმატებით მომზადება და გავრცელება საქსტატის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. პორტალზე მონაცემები მომხმარებლებისთვის მარტივად აღსაქმელი ფორმატითაა წარმოდგენილი. ამასთან, ონლაინრესურსი ვიზიტორებს მონაცემების შემდგომი გადამოწმებისა და დამუშავების შესაძლებლობასაც აძლევს“, - განაცხადა საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ.

გენდერული სტატისტიკის პორტალზე ძირითადი გენდერული სტატისტიკა შემდეგი მიმართულებებითაა წარმოდგენილი: ჯანდაცვა, განათლება, მოსახლეობის დინამიკა, დასაქმება და უმუშევრობა, შემოსავლები და დანახარჯები, კრიმინალი, გავლენა და ძალაუფლება, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, სოფლის მეურნეობა, სოციალური უზრუნველყოფა და შინამეურნეობები. ამას გარდა, აღნიშნულ გვერდზე განთავსებულია სტატისტიკური პუბლიკაციები გენდერის შესახებ, შესაბამისი კანონმდებლობა და სხვა სასარგებლო ბმულები.

აღსანიშნავია, რომ ბოლო პუბლიკაციაში „ქალი და კაცი საქართველოში“, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, საქსტატმა გენდერული მონაცემები მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამის გენდერულ ინდიკატორებს პირველად დაუკავშირა. ასევე, აღნიშნულ პუბლიკაციასა და პორტალზე პირველადაა წარმოდგენილი საქსტატისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ განხორციელებული „ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევა საქართველოში 2017“-ის მიგნებები. კვლევა ევროკავშირის დაფინანსებით ჩატარდა.

გენდერული სტატისტიკის გაუმჯობესების მიზნით, გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისის საქსტატთან თანამშრომლობა გაეროს ქალთა ორგანიზაციის გლობალური ინიციატივის „თითოეული ქალი და გოგო მნიშვნელოვანია“ (“Making Every Woman and Girl Count”) მხარდაჭერით ხორციელდება.