კომპანიები საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში გენდერულ უთანასწორობაზე მსჯელობენ

თარიღი:

გაეროს ქალთა ორგანიზაციის ღონისძიებაზე “მრავალფეროვნება დასაქმების ადგილას და ქალთა ჩართულობა საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში” შეკრებილმა კომპანიებმა ერთმანეთს ქალთა გაძლიერების ხელშეწყობის კუთხით საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.

რობერტ ტრნოვეჩმა ღონისძიების მონაწილეებს გენდერული მრავალფეროვნების შესახებ საკუთარი კომპანიის გამოცდილება გაუზიარა
რობერტ ტრნოვეჩმა ღონისძიების მონაწილეებს გენდერული მრავალფეროვნების შესახებ საკუთარი კომპანიის გამოცდილება გაუზიარა; ფოტო: სამოქალაქო განვითარების სააგენტო

„დღესდღეობით ტექნოლოგიების გამოყენებაში კაცებს ქალები სჯობნიან. მრავალფეროვნება ჩვენთვის მხოლოდ ჰობი არ არის, ეს ბიზნესია“,- განაცხადა Microsoft-ის რეგიონულმა დირექტორმა მსხვილი ბიზნესის მიმართულებით რობერტ ტრნოვეჩმა ღონისძიებაზე “მრავალფეროვნება დასაქმების ადგილას და ქალთა ჩართულობა საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში”.

შეხვედრაზე, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ, სამოქალაქო განვითარების სააგენტოსა (CiDA) და Microsoft-თან პარტნიორობით ჩატარდა, ბიზნესსექტორის წარმომადგენლები შეიკრიბნენ და ერთმანეთს საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში გენდერული მრავალფეროვნების გაზრდისკენ მიმართული პრაქტიკული გამოცდილება გაუზიარეს. გენდერული მრავალფეროვნება ბიზნესის მომგებიანობას უწყობს ხელს - ამ შეხედულებაზე დაყრდნობით, რობერტ ტრნოვეჩმა Microsoft-ის საქმიანობაში ქალების ჩართულობისა და მათი გაძლიერების მხარდაჭერა განიხილა. კომპანიის მიდგომის ნაწილია სამუშაო ადგილას „ზრდაზე ორიენტირებული მსოფლმხედველობისა“ და პოზიტიური კულტურის ხელშეწყობა, ასევე, გენდერული თანასწორობის დამკვიდრებაში უმაღლესი რგოლის მენეჯმენტის მონაწილეობა. „ამინდს ხელმძღვანელობა ქმნის“, - აღნიშნა მან.

მოწვეულმა სტუმრებმა - თიბისი ბანკის ინფორმაციის მართვის დირექტორმა ამირან შეროზიამ და ორიენტ ლოჯიკის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა დამსწრე საზოგადოებას საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში ქალთა გაძლიერებასთან დაკავშირებით საკუთარი გამოცდილება და მიღწევები გაუზიარეს. როგორც ამირან შეროზიამ აღნიშნა, 2011 წელს თიბისი ბანკში საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პოზიციებზე ქალების რაოდენობა 22% იყო, ახლა კი 44%-მდე გაიზარდა. ამ შედეგის მისაღწევად კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა არა მარტო აღნიშნული დარგის მცოდნე ადამიანების, არამედ მოტივირებული კადრების სამსახურში აყვანასაც, შემდგომში კი მათ სამუშაო ადგილზე ატრენინგებდა. ამგვარი მოქნილი მიდგომა ძალიან სასარგებლოა იმ პირობებში, როდესაც გოგოებს საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სწავლაში კვლავაც ხელს უშლიან და არსებობს სტერეოტიპი, რომ ეს „გოგოების საქმე“ არ არის.

ღონისძიებაზე გამოიკვეთა, რომ კომპანიებს გენდერული მრავალფეროვნების ხელშეწყობისთვის ბევრი რამის გაკეთება შეუძლიათ. მონაწილეებმა ისაუბრეს საკუთარ ძალისხმევაზე, რომელიც მოიცავს მოქნილ სამუშაო განრიგს, დეკრეტულ შვებულებას, სამსახურში გენდერული საკითხების გათვალისწინებით აყვანას, თანამშრომელთა კმაყოფილების გამოკითხვებს, პოზიტიური როლური მოდელების პოპულარიზაციას, ქალებისთვის განკუთვნილ სტაჟირებებსა და სტიპენდიებს. ამას გარდა, ყურადღება გამახვილდა შევიწროებისა და მისი ჩამდენების მიმართ შესაბამისი ზომების დაწესების მნიშვნელობაზეც.

ღონისძიება გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“ ფარგლებში ჩატარდა, რომელიც ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტი საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სექტორში გაგრძელდება: ახალგაზრდა ქალებისთვის ციფრულ მარკეტინგსა თუ ვებგვერდების შექმნაში ტრენინგები ჩატარდება და ხელი შეეწყობა კომპანიებში მათ სტაჟირებას.