ქალი მეწარმეებისთვის მენტორინგის პროგრამა ამოქმედდა

თარიღი:

„მენტორობის პროგრამაში პირველად ვმონაწილეობ. მასში იმიტომ ჩავერთე, რომ ქალების გაძლიერებაზეა ფოკუსირებული“, - ამბობს თამარ ჯოლოგუა, რომელიც ერთ-ერთია იმ 21 მენტორს შორის, ვინც გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ საქართველოში ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის განხორციელებულ მენტორობის პროგრამაში მონაწილეობს.

Before meeting the mentees, the mentors practiced mentoring techniques in pairs
მეწარმე ქალებთან შეხვედრამდე მენტორები მენტორინგის ტექნიკებში ვარჯიშობენ; ფოტო: თეონა დალაქიშვილი

თამარმა განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით მიიღო და უკვე რვა წელია სამეგრელოს რეგიონში თაფლის მწარმოებელი კომპანია აქვს. მას სურს, რომ საკუთარი თეორიული თუ პრაქტიკული გამოცდილება ახალბედა კოლეგას გაუზიაროს.

ახალი ფუნქციის შესრულებისთვის რომ კარგად მომზადებულიყო, თამარი თბილისში 3-დღიან სწავლებას დაესწრო. სწავლება მენტორინგის უნარების გასაუმჯობესებლად 30 ნოემბრიდან 2 დეკემბრამდე მიმდინარეობდა. ამ პერიოდის განმავლობაში მენტორები თავიანთ ახალბედა კოლეგებს ხვდებოდნენ და მათთან ერთად იმ მიზნებს განიხილავდნენ, რომლებზე ფოკუსირებაც მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში სურდათ. რეგულარული შეხვედრების დახმარებით, მენტორები მეწარმე ქალების განვითარებას შეუწყობენ ხელს და მათ კარიერული მიზნების მიღწევაშიც დაეხმარებიან.

საპილოტე პროგრამაში ჩართული მეწარმეები სხვადასხვა სექტორში მუშაობენ. მათ შორისაა: საიუველირო ნაწარმისა თუ აქსესუარების წარმოება და საოჯახო სასტუმროს მართვა. მენტორებისა და მეწარმე ქალების წყვილების შერჩევა მათ მიერ წარდგენილი ანკეტების საფუძველზე, ბიზნესგამოცდილების, ინტერესებისა და გეოგრაფიული ადგილმდებარეობის გათვალისწინებით მოხდა.

თამუნა ბეგიაშვილი, რომელმაც ღონისძიებების გაფორმების ბიზნესი თბილისში ორ მეგობართან ერთად ორი წლის წინ დაიწყო, პროგრამაში ბენეფიციარის სტატუსით მონაწილეობს: „მენტორინგის პროგრამის შესახებ მეგობრისგან გავიგე. ვიმედოვნებ, რომ აქ ახალ კონტაქტებს შევიძენ და ვისწავლი, როგორ წარმოვადგინო ჩემი ბიზნესი უკეთესად“, - აღნიშნავ ის.

მენტორინგის პროგრამაში მონაწილე 22 მეწარმიდან ყველა ქალია, თუმცა პროგრამის 16 ქალ მენტორს 5 კაციც შემოუერთდა. კაცი მენტორების მნიშვნელობა განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც ფეისბუქის ოპერაციების დირექტორმა შერილ სენდბერგმა ახალი ინიციატივა #MentorHer წამოიწყო. იგი კაცებს ქალების მენტორობაში ჩართვისკენ მოუწოდებს. გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროგრამაში მონაწილე ერთ-ერთი კაცი მენტორი გოგა საათაშვილია, რომელსაც სტარტაპების მხარდაჭერის გამოცდილება უკვე აქვს. „მიხარია, რომ ქალებს თავიანთი ბიზნესების გაფართოებაში ვეხმარები. ეს სასარგებლო იქნება როგორც ჩემთვის, ისე მათთვის“, - განაცხადა მან.

მენტორინგის მხარდაჭერა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“ (JAWE) ერთ-ერთი მიმართულებაა, რომელიც ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით ხორციელდება. პროექტის მენტორინგის კომპონენტი კრეატიული განვითარების ცენტრთან თანამშრომლობით ხორციელდება.