თბილისის ანძა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ნარინჯისფრად განათდა

თარიღი:

გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ინიციატივითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით, დედაქალაქის ანძა ნარინჯისფრად განათდა.

თბილისის ანძა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ნარინჯისფრად განათდა
თბილისის ანძა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ნარინჯისფრად განათდა; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/დავით თაბაგარი

ამ სიმბოლური ჟესტით თბილისი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გლობალურ კამპანიას კიდევ ერთხელ შეუერთდა. კამპანია 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს დაიწყო და 16 დღეს გაგრძელდება.

კამპანიის ოფიციალური ფერი ნარინჯისფერია, ამიტომ მსოფლიოს ქალაქები მის მხარდაჭერას ღირსშესანიშნავი შენობებისა და ობიექტების ნარინჯისფრად განათებით გამოხატავენ. ამ დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებშიც სწორედ ნარინჯისფერი დომინირებს. 2016 წლიდან ამ ინიციატივას საქართველოს დედაქალაქიც შეუერთდა.

კამპანიაში მონაწილეობის შესაძლებლობა ნებისმიერ ადამიანს აქვს. ამისთვის საკმარისია, რომ მან 25 ნოემბერს ნარინჯისფერი ტანსაცმელი ან აქსესუარი ატაროს და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას სოლიდარობა ამგვარად გამოუცხადოს.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი საერთაშორისო კამპანია 1990-იანი წლების დასაწყისიდან აღინიშნება. იგი მიზნად საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასა და გენდერული ძალადობის მსხვერპლთა მიმართ სოლიდარობის დემონსტრირებას ისახავს. წელს კამპანიის მთავარი აქცენტი სექსუალურ შევიწროებაზე კეთდება, რომელიც გენდერული ნიშნით დისკრიმინაციისა და უთანასწორობის ერთ-ერთი გამოვლინებაა. აღსანიშნავია, რომ ქალთა მიმართ ძალადობის 2017 წლის ეროვნული კვლევის მიხედვით, საქართველოში სექსუალური შევიწროება ცხოვრების განმავლობაში 5-დან 1 ქალს გამოუცდია.