ღია კარის დღე ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ: ქალებისა და ახალგაზრდების როლის განხილვა მშვიდობის შენარჩუნებაში

თარიღი: ორშაბათი, 19 ნოემბერი, 2018 წელი

უკვე მეხუთე წელია, გაეროს ქალთა ორგანიზაცია და გაეროს მუდმივი კოორდინატორის სამსახური, გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატთან (UNHCR), გაეროს განვითარების პროგრამასა (UNDP) და საქართველოში კონფლიქტის შესახებ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში გაეროს წარმომადგენლის ოფისთან (UNRGIG) ერთად, ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების (WPS) საკითხებზე თბილისში ღია კარის დღეებს აწყობს.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში  გაეროს წარმომადგენელი აიშე ჯიჰან სულთანოღლუ ქალების შეკითხვებს პასუხობს
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში გაეროს წარმომადგენელი აიშე ჯიჰან სულთანოღლუ ქალების შეკითხვებს პასუხობს; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

60-ზე მეტი მონაწილე - ქალთა და ახალგაზრდული სამოქალაქო და სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლები, იძულებით გადაადგილებული პირები, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს/სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების მიმდებარე სოფლებში მცხოვრები კონფლიქტით დაზარალებული ქალები (სამეგრელოს, შიდა ქართლის, იმერეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებიდან) - წელსაც შეიკრიბა, რათა გაეროს წარმომადგენლებთან ერთად ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების განხორციელებასთან დაკავშირებით საქართველოში არსებული გამოწვევების დაძლევის პროგრესი განეხილა.

იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოაციაცია „თანხმობის“ ხელმძღვანელმა იულია ხარაშვილმა ხაზი გაუსვა ქალთა ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების (GID) თანათავმჯდომარეებს შორის საკონსულტაციო მექანიზმის ინსტიტუციონალიზაციის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ იგი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში გამართულ რაუნდებს ქალების გამოცდილებების, მათი პრობლემებისა და რეკომენდაციების შესახებ მიაწვდიდა ინფორმაციას.

ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, რომლებიც ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების მიმდებარედ ცხოვრობენ, უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ სოფლები მოსახლეობისგან ნელ-ნელა იცლება, რადგან აქ მომსახურებები თუ სამუშაო შესაძლებლობები ან საერთოდ არ არსებობს, ან ძალიან მცირეა.

საქართველოს ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების ეროვნული სამოქმედო გეგმა 2012 წლიდან აქვს. ამ პერიოდის განმავლობაში ქვეყანამ აღნიშნული გეგმით ბევრ დადებით შედეგს მიაღწია. საქართველო კარგი მაგალითი იყო უსაფრთხოების სექტორში ქალთა მონაწილეობის გაძლიერებისა და გენდერის მეინსტრიმინგის თვალსაზრისით, თუმცა მისი პირდაპირი პოზიტიური შედეგები ადგილობრივი ქალებისთვის ახლა ნაკლებად შესამჩნევია. სწორედ ამიტომ, ქალთა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა მაია რუსეცკაიამ ეროვნული სამოქმედო გეგმების განხორციელებაში ადგილობრივი ქალების მონაწილეობის კუთხით არსებული გამოწვევები და შესაძლებლობები განიხილა. როგორც მან განაცხადა, ყველაზე დიდი გამოწვევა რეგიონებში ამ გეგმის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობაა. „ჩვენ (სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს) ხიდების გადება გვიწევს, რათა ინფორმაცია დაზარალებულ მოსახლეობამდე მივიდეს“, - აღნიშნა მან.

წელს პირველად საქართველოში ღია კარის დღეზე გამართულ კონსულტაციებს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში გაეროს წარმომადგენელი აიშე ჯიჰან სულთანოღლუ დაესწრო. იგი გაეროს გენერალურმა მდივანმა მიმდინარე წლის ივლისში დანიშნა. აიშე ჯიჰან სულთანოღლუ მესამე ქალია, რომელიც მაღალი დონის სამშვიდობო მოლაპარაკებებში გაეროს სისტემას წარმოადგენს. როგორც მან აღნიშნა, კონფლიქტის პრევენციაში, გადაწყვეტასა და მის შემდგომ პროცესებში ეფექტიანი ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია და იგი მშვიდობის შენარჩუნების მთავარ გასაღებს წარმოადგენს. „განვაგრძობ ადვოკატირებას შესაბამის უწყებებთან, რათა დავადასტურო, თუ რამდენად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სამშვიდობო პროცესში ქალთა ეფექტიან მონაწილეობასა და თანაბარ წარმომადგენლობას“ , - განაცხადა მან.

2017 წლის რეკომენდაციებზე საუბრისას გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა ლუიზა ვინტონმა ის წვლილი შეაჯამა, რომელიც გაეროს სისტემამ საქართველოში ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხების დღის წესრიგში დაყენების კუთხით შეიტანა. ამავდროულად, მან მიიღო ინფორმაცია, რომ ზოგიერთ სფეროში არსებული მიღწევების მიუხედავად, რომელთა შორისაა ქალთა მზარდი ჩართულობა უსაფრთხოების სექტორში და საქართველოს მხრიდან ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში ქალების უწყვეტი მონაწილეობა, გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრი რამ რჩება. დისკუსიის განმავლობაში გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში ერიკა კვაპილოვამ აღნიშნა, რომ გაეროს სისტემა განაგრძობს განსაკუთრებული ყურადღების მიქცევას ადგილობრივ და ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზებთან მცხოვრები, კონფლიქტით დაზარალებული ქალებისა და ახალგაზრდების მიმართ, რათა უზრუნველყოს ეროვნულ სამოქმედო გეგმაში, ასევე მათთვის ხელმისაწვდომ სხვა პოლიტიკებსა და პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობა და ამ გზით პოზიტიური შედეგის მიღება.

ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე ღია კარის დღეები გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ ყოველწლიურად იმართება. ღონისძიების შედეგად მიღებული დასკვნები და რეკომენდაციები გაეროს სისტემას აწვდის ინფორმაციას, რომლის საფუძველზეც იგი, გაეროს შესაბამისი სააგენტოების, პროგრამების, ფონდების, უწყებების მანდატების, UNPSD-სა და ნაციონალიზებული მდგრადი განვითარების მიზნების მიმართ აღებული ვალდებულებების შესაბამისად, ადგილობრივ პარტნიორებს, ასევე, იძულებით გადაადგილებულ პირებსა და კონფლიქტით დაზარალებულ ქალებს მხარდაჭერას უწევს.

მსგავსი სიახლეები

დაკავშირებული ამბები

Planet 50–50 by 2030: Step It Up for Gender Equality