საქართველოს მთავრობა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან გლობალურ კამპანიას შეუერთდა

თარიღი: ოთხშაბათი, 28 ნოემბერი, 2018 წელი

საქართველოს მთავრობა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან გლობალურ კამპანიას აღნიშნავს. კამპანია 25 ნოემბერს - ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს დაიწყო და 10 დეკემბერს - ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს დასრულდება.

საქართველოს მთავრობა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან გლობალურ კამპანიას აღნიშნავს
საქართველოს მთავრობა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან გლობალურ კამპანიას აღნიშნავს; ფოტო: საქართველოს მთავრობა

კამპანიის ფარგლებში, სამინისტროები და სამთავრობო უწყებები 50-მდე თემატურ ღონისძიებას გამართავენ. კამპანიაში 13 სხვადასხვა სახელმწიფო უწყება მონაწილეობს, თუმცა ყველა მათგანის ღონისძიებებს ერთიანი გზავნილი აქვს: ქალთა მიმართ ძალადობა, მსხვერპლთა მხარდაჭერა და მოძალადეთა დასჯა საქართველოს მთავრობის ეროვნული პრიორიტეტია.

„16-დღიანი კამპანია საქართველოში უკვე დიდი ხანია ტარდება, თუმცა წლევანდელი კამპანია გამორჩეულია იმ თვალსაზრისით, რომ წინა წლებისგან განსხვავებით, უშუალოდ სახელმწიფო უწყებების მიერაა ორგანიზებული და აქვს ერთიანი გზავნილი, რომ ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა პრიორიტეტია. ჩვენ პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ, რათა საკანონმდებლო ჩარჩო და ინსტიტუციები გავაძლიეროთ, მსხვერპლებისთვის მომსახურებები გავაუმჯობესოთ და ძალადობის გამომწვევი ძირეული მიზეზების აღმოფხვრაზე ვიმუშაოთ, შევცვალოთ ის სოციალური ნორმები და ქცევები, რომლებიც ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობას ამყარებს“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში და გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარემ სოფო ჯაფარიძემ.

საქართველოს მთავრობის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე მთავარი აქცენტი ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის შესახებ ნულოვანი ტოლერანტობის დამკვიდრებაზე კეთდება. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სამართლებრივი ნორმებისა და მსხვერპლებისთვის არსებული სერვისების შესახებ ცნობიერების ამაღლებას. ღონისძიებები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში იმართება. პარალელურად, მიმდინარეობს კამპანია სოციალურ მედიაში, რომლისთვისაც მთავრობამ სპეციალური ლოგოები და ჰეშთეგები შექმნა, მათ შორის #16დღიანიკამპანია2018 #სახელმწიფოზრუნავს #საერთოსაქმეა #ძალადობის წინააღმდეგ და სხვა.

ცენტრალური მთავრობის ინიციატივას ქვეყნის 30-მდე ადგილობრივი მუნიციპალიტეტიც შეუერთდა. სოციალური მედიის მეშვეობით ისინი ძალადობის მსხვერპლთა მომსახურებებისა და საკითხის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის დამკვიდრების პოპულარიზაციას ეწევიან.

კამპანია ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საკითხებზე კომუნიკაციის ეროვნული სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შესაბამისად ხორციელდება. აღნიშნული დოკუმენტები გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისმა კომისიამ, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ევროკავშირის მხარდაჭერით, 2018 წელს შეიმუშავა და დაამტკიცა. ორივე დოკუმენტი სამოქმედო ჩარჩოს იმ დარგობრივი სამინისტროებისა და სახელმწიფო უწყებებისთვის აყალიბებს, რომლებიც ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ეროვნულ დონეზე რეაგირებაში არიან ჩართულები. დოკუმენტები მიზნად ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობისადმი ნულოვანი ტოლერანტობის დამკვიდრებას, სამართლებრივი ნორმებისა და მსხვერპლებისა თუ ძალადობაგანცდილი პირებისთვის არსებული სერვისების შესახებ ცნობადობის ამაღლებას ისახავს მიზნად.