საქართველოს მთავარი პროკურატურა ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის საქმეებს აანალიზებს

თარიღი: სამშაბათი, 27 ნოემბერი, 2018 წელი

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისთან თანამშრომლობით, კონფერენციას უმასპინძლა, რომელზეც ოჯახური დანაშაულის გამოძიებისა და სისხლის სამართლებრივი დევნის შედეგები და გამოწვევები იყო განხილული.

მარცხნიდან მარჯვნივ: საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროგრამის მენეჯერი პიტერ დენისი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში ერიკა კვაპილოვა, საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილი, ნათია მერებაშვილი - საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი, სალომე შენგელია - ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველო; ფოტო: საქართველოს მთავარი პროკურატურა
მარცხნიდან მარჯვნივ: საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროგრამის მენეჯერი პიტერ დენისი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში ერიკა კვაპილოვა, საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილი, ნათია მერებაშვილი - საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი, სალომე შენგელია - ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველო; ფოტო: საქართველოს მთავარი პროკურატურა

კონფერენციაზე ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღკვეთის მაღალი პოლიტიკური ნება გამოიხატა და ხაზი გაესვა ამგვარ საქმეებზე უწყებათაშორისი თანამშრომლობის მნიშვნელობას. მთავარ მომხსენებელთა შორის იყვნენ: საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილი, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში ერიკა კვაპილოვა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი.

„ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა მთავარი პროკურატურის ერთ-ერთი პრიორიტეტია. პროკურატურის მიერ ოჯახური დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკა ხორციელდება“, - აღნიშნა მთავარი პროკურორის მოადგილემ გიორგი გაბიტაშვილმა.

ოჯახური დანაშაულების ანალიზით ვლინდება, რომ განხორციელებული პრევენციული ღონისძიებებისა და საპროკურორო ზედამხედველობის ხარისხის გაუმჯობესების შედეგად, მსხვერპლების მიმართვიანობისა და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელი 2014 წლიდან დაახლოებით ხუთჯერაა გაზრდილი. 2018 წელს კი (დაახლოებით 9 თვის განმავლობაში) აღნიშნულმა მაჩვენებელმა 3049 შეადგინა.

გამკაცრდა ოჯახური დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ პოლიტიკაც: აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნის მაჩვენებელი 2018 წელს (9 თვის მონაცემებით) 90%-მდე გაიზარდა, 2014 წელს კი მისი რაოდენობა 14% იყო.

პროკურატურა განსაკუთრებულ ყურადღებას ძალადობის პრეისტორიის შესწავლას უთმობს, რისი მიზანიც ძალადობის სხვადასხვა ფორმისა და მისი სისტემატური ხასიათის გამოვლენაა. გაუმჯობესდა ფსიქოლოგიური ძალადობის გამოვლენის მაჩვენებელიც, თუმცა სექსუალური ძალადობის გამოვლენა კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.

გასულ წლებთან შედარებით მიღწეული პროგრესის მიუხედავად, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საქმეებში გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივის გამოკვეთის საკითხი ისევ გამოწვევას წარმოადგენს. ამგვარი საქმეების რაოდენობა 2016 წელს სულ სამი იყო, 2018 წელს (10 თვის მანძილზე) კი - 82.

განსაკუთრებული ყურადღება მთავარმა პროკურატურამ სპეციალიზებული პროკურორების ინსტიტუტზე გაამახვილა, რომელიც 2018 წლის 1 მაისიდან ამოქმედდა. აღნიშნულმა პროკურორებმა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის დახმარებით, დანაშაულის ეფქტიანი გამოძიებისა და მასზე დროული რეაგირების მიზნით, გადამზადება გაიარეს. ხაზი გაესვა ოჯახში ძალადობის საქმეებში მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების ჩართვას, რომლებიც სისხლის სამართალწარმოების პროცესში მსხვერპლთა შესაბამის მომსახურებასა და მხარდაჭერას უზრუნველყოფენ.

გაეროს ქალთა ორგანიზაციასა და მთავარ პროკურატურას შორის თანამშრომლობა 2014 წლიდან, „გენდერული თანასწორობისთვის“ გაეროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში (დაფინანსებულია შვედეთის მთავრობის მიერ და განმახორციელებლები არიან გაეროს განვითარების პროგრამა, გაეროს მოსახლეობის ფონდი და გაეროს ქალთა ორგანიზაცია), მოქმედებს.