გაეროს ქალთა ორგანიზაცია მხარს უჭერს ეროვნული სტატისტიკური სისტემის გენდერული პერსპექტივით შეფასებას

თარიღი: პარასკევი, 5 ოქტომბერი, 2018 წელი

გაეროს ქალთა ორგანიზაციის მნიშვნელოვანი პუბლიკაციის წინასიტყვაობაში გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „გენდერული თანასწორობის პოლიტიკებში, სტატისტიკასა და ფინანსებში განხორციელებული უმნიშვნელოვანესი მიღწევები“ მდგრადი განვითარების 17 მიზნის (SDGs) შესრულებისთვის გარდაუვალია.

საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე პაატა შავიშვილი გენდერული სტატისტიკის მოპოვებისა და ანალიზის მიდგომას მიმოიხილავს
საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე პაატა შავიშვილი გენდერული სტატისტიკის მოპოვებისა და ანალიზის მიდგომას მიმოიხილავს; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, საქართველოში სტატისტიკის ეროვნული სისტემის გენდერული პერსპექტივით შეფასება განხორციელდა. მისი ამოცანა ინფორმირებული პოლიტიკის შემუშავება და ამ მიზნით მეთოდოლოგიის გაუმჯობესების, სქესის მიხედვით ჩაშლილი მონაცემების შეგროვების, გავრცელებისა და გამოყენების ნაკლოვანებებისა და შესაძლებლობების გამოვლენა იყო. აღნიშნულთან დაკავშირებით გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატი) 2018 წლის 5 ოქტომბერს, თბილისში, სამუშაო შეხვედრა გამართეს, რომელზეც პარტნიორებთან ერთად შეფასების შედეგად მიღებული დასკვნები განიხილეს.

„გენდერული სტატისტიკა ბევრ სხვადასხვა თემას აერთიანებს. ქალებსა და კაცებს შორის მსგავსებებისა და განსხვავებების გამოვლენის მიზნით, მნიშვნელოვანია არა მარტო სქესის მიხედვით ჩაშლილი ინფორმაციის არსებობა, არამედ მათი სწორად გაზომვა და მიუკერძოებელი ცნობების მიღება, რათა გენდერულ ნიადაგზე არსებული უთანასწორობების გამომწვევი ძირეული მიზეზები უკეთესად გაანალიზდეს. სქესის მიხედვით ჩაშლილი მონაცემების მისაღებად რესურსების გამოყოფა საზოგადოების შესახებ ცოდნის მიღებაში, მათ შორის ინფორმირებული პოლიტიკის შემუშავებაში ინვესტირებას ნიშნავს, - აღნიშნა გაეროს ქალთა ორგანიზაციის ექსპერტმა ჯესიკა გარდნერმა, რომელმაც აღნიშნული შეფასება განახორციელა.

საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ პაატა შავიშვილმა გენდერული სტატისტიკის მოპოვებისა და ანალიზის მიმართ საქართველოში არსებული დახვეწილი მიდგომა მიმოიხილა. მან ხაზი გაუსვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გაუმჯობესებული, ჩაშლილი და შედარებისთვის გამოსაყენებელი მონაცემების მიღება, რაც საზოგადოებაში არსებული ტენდენციების შესახებ უმნიშვნელოვანესი ინფორმაციის წყაროს წარმოადგენს და ქვეყნის მიერ დასახული პრიორიტეტების მიღწევის გზაზე პროგრესის გაზომვას განაპირობებს.

გაეროს ქალთა ორგანიზაცია, სტატისტიკის ეროვნულ სისტემასთან მჭიდრო თანამშრომლობით, გენდერული სტატისტიკის გაუმჯობესებას საქართველოში მხარს 2014 წლიდან უჭერს. ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნულმა კვლევამ (2017), რომელიც საქსტატის მიერ გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ჩატარდა, დიდი წვლილი შეიტანა საბაზისო ინფორმაციის მიღებასა და მდგრადი განვითარების მე-5 მიზნის ეროვნულ დონეზე განხორციელებაში. მეთოდოლოგიის გაუმჯობესება, შრომის ანაზღაურებაში გენდერული განსხვავებების გამოთვლაში მხარდაჭერა, მონაცემების მომხმარებელსა და მწარმოებელს შორის დიალოგის ხელშეწყობა და მარტივად გამოსაყენებელი და სქესის მიხედვით ჩაშლილი სტატისტიკის ფართოდ გავრცელება - გაეროს ქალთა ორგანიზაციასა და საქსტატს შორის არსებული თანამშრომლობის მხოლოდ რამდენიმე მაგალითია, რაც ევროკავშირის, ასევე ნორვეგიისა და შვეიცარიის მთავრობების მხარდაჭერით ხორციელდება.