გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, პარტნიორებთან ერთად, საზღვაო კომპანიები გენდერული დისკრიმინაციის შესახებ დისკუსიაში ჩართო

თარიღი:

საზღვაო სექტორის კომპანიებისა და სასწავლო დაწესებულებების 18 წარმომადგენელი გენდერული დისკრიმინაციის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად ბათუმში შეიკრიბა.

ქართველი მეზღვაური ნათია ლაბაძე გენდერული დისკრიმინაციის შესახებ ტრენინგს ესწრება
ქართველი მეზღვაური ნათია ლაბაძე გენდერული დისკრიმინაციის შესახებ ტრენინგს ესწრება; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

ტრენინგი გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და სახალხო დამცველის ოფისის, ასევე, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და საქართველოში ქალთა საერთაშორისო სავაჭრო და სანაოსნო ასოციაციას შორის თანამშრომლობის ინიციატივას წარმოადგენდა. იგი მიზნად ისახავდა გენდერული ცნებების დანერგვას, გენდერული დისკრიმინაციისა და სექსუალური შევიწროების სხვადასხვა ფორმების განხილვას. მონაწილეთა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ისეთმა საკითხებმა, როგორებიცაა სპეციალიზებულ სასწავლო დაწესებულებებში ჩარიცხვის მინიმალური კრიტერიუმები და თანასწორი მოპყრობა არა მარტო თანამშრომლების, არამედ კომპანიის კლიენტების მიმართ.

ტრენინგს ესწრებოდა ნათია ლაბაძეც. იგი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქალ მეზღვაურებს შორის, რომლებიც ამჟამად საქართველოში მოღვაწეობენ. საზღვაო აკადემიის დასრულებისას ნათია 157 კურსდამთავრებულთა შორის ერთადერთი ქალი იყო. სამუშაოს მოძიებასთან დაკავშირებით მას გარკვეული დაბრკოლებების გადალახვა მოუხდა, რადგანაც ვაკანსიებში მხოლოდ კაც კანდიდატებს ითხოვდნენ. „მნიშვნელოვანია მაგალითის მიცემა... ჩვენება, რომ შესაძლებელია ამ დარგში ქალების არსებობა. მინდა, ჩემი გამოცდილება ამ სექტორში მომუშავე სხვა ადამიანებს გავუზიარო“, - აღნიშნა ნათიამ.

„გენდერის კუთხით კომპანიები საქართველოში ადრეც გადავამზადეთ, მაგრამ პირველად ხდება, როცა კონკრეტული სექტორისთვის სპეციფიკური ტრენინგი ეწყობა. ეს ღონისძიება მხოლოდ პირველი ნაბიჯია. ვიმედოვნებთ, იგი სტიმულს მისცემს კომპანიებს, რათა იფიქრონ, თუ როგორ შეიძლება ეს სექტორი ქალებისთვის უფრო მიმზიდველი გახდეს“, - აღნიშნა ტრენინგის მიმდინარეობისას გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროგრამის სპეციალისტმა იენი რატილაინენმა.

საზღვაო ინდუსტრია, ტრადიციულად, „კაცების სფეროდ“ მიიჩნეოდა და მასში ქალები ნაკლებად იყვნენ წარმოდგენილები. თუმცა, გენდერულად მრავალფეროვანი სამუშაო ძალის მოზიდვა ამ დარგში ახალი ტალანტების მზარდი დეფიციტის შევსების ერთ-ერთი გზაა. ანგარიშში The BIMCO/ICS Manpower Report 2015 აღნიშულია, რომ ინდუსტრია მთელ მსოფლიოში 16,500 მეზღვაურის ნაკლებობას განიცდის. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ 2025 წლისთვის დარგს შეიძლება დამატებით 147,500 მუშახელი დასჭირდეს.

ტრენინგი პროექტის „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“ ფარგლებში ჩატარდა, რომელიც ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით ხორციელდება. კერძო სექტორის ჩართულობითა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პოპულარიზაციით მას წვლილი საქართველოში მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში შეაქვს.