გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხარდაჭერით, კონფლიქტით დაზარალებულმა ქალებმა მეწარმეობის კურსი გაიარეს

თარიღი: ორშაბათი, 8 ოქტომბერი, 2018 წელი

გაეროს ქალთა ორგანიზაცია, პარტნიორებთან ერთად, სისტემატურად უწყობს ხელს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალების შესაძლებლობების გაზრდას და ამ მიზნით სხვადასხვა ინიციატივას ახორციელებს.

მეწარმეობის პრაქტიკული კურსის მონაწილეები
მეწარმეობის პრაქტიკული კურსის მონაწილეები; ფოტო: შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი

ერთ-ერთ ასეთ ბოლო ინიციატივას კონფლიქტის შედეგად დაზარალებული 17 ქალისთვის სასწავლო პროგრამის „მეწარმეობის პრაქტიკული კურსი - როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“ ორგანიზება წარმოადგენდა. ინიციატივა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატთანა და ფინანსთა სამინისტროს აკადემიასთან თანამშრომლობით, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის მხარდაჭერით განხორციელდა.

კურსი, რომელსაც სამეგრელოს რეგიონში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, გამყოფ ხაზთან მცხოვრები, კონფლიქტით დაზარალებული ქალები ესწრებოდნენ, მიზნად მეწარმეობის შესახებ თეორიული ცოდნის ამაღლებასა და ბიზნესის წარმოების პრაქტიკული უნარების გაძლიერებას ისახავდა. მონაწილეების შეფასებით, კურსი ნაყოფიერი იყო და მათ ახლა უკვე მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება შეუძლიათ.

„კურსის გავლამდე არ ვიცოდი, პრეზენტაცია ან ბიზნესგეგმა როგორ უნდა მომემზადებინა, რა ნიუანსების გათვალისწინებაა ასეთ დროს აუცილებელი. ამ მიმართულებით განათლება არ მქონდა და ძალიან მიჭირდა ხოლმე. ახლა კი უფრო დარწმუნებული გავხდი ჩემს შესაძლებლობებში. ვისწავლე, როგორ ჩამოვაყალიბო გუნდი და რა ნაბიჯების გადადგმა მჭირდება კონკრეტულად. ეს ცოდნა ჩემი ბიზნესის განვითარებას ძალიან დაეხმარება“, - აღნიშნა კურსის დასრულების შემდეგ ირინა ყორშიამ, რომელიც ზუგდიდში ცხოვრობს და აქსესუარების სახელოსნო აქვს. ირინა ამჟამად ხელჩანთების წარმოების დაწყებასა და სხვა ადგილობრივი ქალების დასაქმებასაც გეგმავს.

მეწარმეობის პრაქტიკული კურსი 6 შეხვედრას მოიცავდა და ინტერაქტიულ ლექციებს, პრაქტიკულ დავალებებს, სხვადასხვა თემაზე პრეზენტაციის მომზადებასა და წარდგენას გულისხმობდა. იგი ისეთ საკითხებს აერთიანებდა, როგორებიცაა ახალი ბიზნესიდეის ჩამოყალიბება, ბაზრის ანალიზი და სფეროების მიხედვით დაყოფა, მინიმალური სიცოცხლისუნარიანი პროდუქტის დაგეგმვა, ბიზნეს მოდელირება, კომერციალიზაციის სტრატეგიის შემუშავება და ა.შ. კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.

გაეროს ქალთა ორგანიზაცია გააგრძელებს მონაწილეთა მხარდაჭერას, სოციალურ მობილიზაციაში მათ ჩართვას და გრანტების მოპოვებაში დახმარებას.

ინიციატივა პროექტის „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის“ ერთ-ერთ აქტივობას წამროადგენდა. აღნიშნული პროექტი გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.