„იყო ერთი გოგო“ - ზღაპრები რეალური ცვლილებებისთვის

თარიღი: პარასკევი, 28 სექტემბერი, 2018 წელი

სოფელი უწერა დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონში, რაჭაში, ონის რაიონში მდებარეობს. უწერაში მხოლოდ 1 საშუალო სკოლა ფუნქციონირებს, რომელიც 5 სოფელს ემსახურება, თუმცა მათი უმეტესობა მოსახლეობისგან დაცლილია, ამიტომ აქ მხოლოდ 22 ბავშვი დადის.

უწერის საზაფხულო სკოლის მოსწავლე კითხულობს ზღაპრების კრებულს
უწერის საზაფხულო სკოლის მოსწავლე კითხულობს ზღაპრების კრებულს "იყო ერთი გოგო"; ფოტო: ლელა კოტორაშვილი

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლელა კოტორაშვილი, პროექტის „ასწავლე საქართველოსთვის“ ფარგლებში, თბილისიდან უწერაში 2014 წელს ჩავიდა. ადგილობრივ სკოლაში იგი გაკვეთილებს 3 წლის განმავლობაში ატარებდა, პარალელურად კი, წიგნიერების ამაღლებისთვის სხვადასხვა სახის ღონისძიებებს მართავდა. თბილისში დაბრუნების შემდეგ ლელამ მოსწავლეებთან ურთიერთობა კვლავაც გააგრძელა. უფრო მეტიც, გადაწყვიტა, რომ წელს უწერაში ადგილობრივი თუ დასასვენებლად ჩასული ბავშვებისთვის საზაფხულო სკოლა მოეწყო და საჭირო მასალების მოძიება-დამუშავებაც დაიწყო.

სწორედ ამ დროს ლელამ მეგობრისა და მწერლისგან, დიანა ანფიმიადისგან ზღაპრების წიგნის, „იყო ერთი გოგოს“ შესახებ შეიტყო. კრებული პატარებს იმ ქალებზე უამბობს, რომლებმაც საქართველოს ისტორიასა თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში საკუთარი მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს. წიგნი გენდერულ სტერეოტიპებს ამსხვრევს და გოგოების სიმამაცეს, გამბედაობასა და სიბრძნეს წარმოაჩენს.

„დიანასთან საუბრის შემდეგ ძალიან მოვიხიბლე კრებულით, მისი იდეით, ტექსტებით, ილუსტრაციებით... მომზადებული მასალები გვერდზე გადავდე და გადავწყვიტე, საზაფხულო სკოლის მთავარ რესურსად სწორედ „იყო ერთი გოგო“ გამომეყენებინა. ეს არის ამბები ქალებზე, რომლებმაც საკუთარი სურვილის შესაბამისად იცხოვრეს და დინების წინააღმდეგ ცურვას არ შეუშინდნენ. სტერეოტიპების მსხვრევისთვის კი არა მძინარე მზეთუნახავის, არამედ სწორედ მფრინავი, მთამსვლელი, მეომარი, კალიგრაფისტი და ა.შ. ქალების რეალური მაგალითების ჩვენებაა საჭირო“, - ჰყვება ლელა კოტორაშვილი.

უწერას საზაფხულო სკოლაში მონაწილეობას ადგილობრივ ბავშვებთან ერთად დასასვენებლად ჩასული მოზარდებიც იღებდნენ. 9-15 წლის 15-მდე მოსწავლე ზღაპრებს სხვადასხვა მეთოდით გაეცნო: წაკითხვასთან ერთად, მონაწილეებმა მათი პერსონაჟები დახატეს, ესსე დაწერეს, მინი სპექტაკლი და ჩრდილების თეატრი დადგეს.

“განსაკუთრებით პირველი ქართველი მფრინავი ქალის, რუსუდან ჟორდანიას ამბავი მომეწონა. მან გამაბედვინა ფიქრი, რომ სხვების აზრის მიუხედავად, იმას გავაკეთებ, რაც გულით მსურს. კარდიო ან ნეიროქირურგობა მინდა. ვისაც ვუთხარი, ყველამ მიპასუხა, რომ საოპერაციოში ფეხზე დგომა დიდხანს მომიწევს და ქალი ამას ვერ შეძლებს, მაგრამ მინდა, ვიწვალო, ვიშრომო და ისეთი ექიმი გავხდე, რომ ეს სტერეოტიპი რუსუდანთან ერთად დავამსხვრიო”, - ამბობს საზაფხულო სკოლის ერთ-ერთი მონაწილე 15 წლის მარიამ სამხარაძე, რომელსაც მალე პროფესიის არჩევა მოუწევს.

მალე უწერას სკოლის მედიათეკის ოთახში, პერსონაჟთა გალერეას, რომელიც მოსწავლეების მიერ დახატულ წიგნების პერსონაჟებს აერთიანებს, „იყო ერთი გოგოს“ გმირებიც შეემატებიან. ლელა კოტორაშვილი კი ზღაპრების კრებულის დამხმარე რესურსად გამოყენებას უკვე თბილისში, სხვა მოსწავლეებთან გააგრძელებს.